Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაესაუბრნენ


ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი.
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი.

გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეტ უორდს სამინისტროს შენობაში შეხვდნენ. დღევანდელი, 25 სექტემბრის შეხვედრის დეტალები უცნობია, ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია, არც სამინისტროს გაუვრცელებია განცხადება.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ ელჩებმა „ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეს“:

„უშუალოდ მათი ჩართულობით, მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ნახეთ თანხები, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ხმარდებოდა რევოლუციის მოწყობის მცდელობებს“.

ბრიტანეთის ელჩთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გასაუბრებას წინ უსწრებდა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დაბარება. მას მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.

სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ელჩს შეახსენა, რომ დიპლომატებს ვენის კონვენციის თანახმად, არ აქვთ უფლება ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ასევე, გამოხატეს შეშფოთება ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებისა და სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობებზე, მათ შორის ელჩების მონაწილეობაზე ამ პროცესებში.

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში საათზე მეტხანს იმყოფებოდა. მან სამინისტროდან გამოსვლისას ჟურნალისტებს უთხრა, გასცნობოდნენ უწყებაში შესვლამდე მის ნათქვამსა და დილით საელჩოების სახელით გავრცელებულ განცხადებას.

შესვლამდე ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ „დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა“, რაც მისი შეფასებით არის „ძალიან უჩვეულო“ მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს...

შევალ და მოვისმენ, რის თქმას აპირებენ ჩემთვის. ასევე, მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მისამართით, ჩემ და სხვა ელჩების წინააღმდეგ გაკეთდა. კრიტიკას გამოვთქვამ საქართველოს ამჟამინდელი კურსის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის წევრობასთან“, - თქვა გუშინ პეტერ ფიშერმა.

ელჩის დაბარებას წინ უსწრებდა საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადება, რომლითაც დაგმობილი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ. ეს განცხადება ეხმაურებოდა სადავო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარებს, რომელიც ელჩ ფიშერს შეეხებოდა.

„გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, - ეწერა 10 სექტემბერს გავრცელებულ საელჩოს განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG