გოგო ასტროლოგთან ნატალური რუკის (პლანეტების განლაგება ადამიანის დაბადებისას) შესადგენად მიდის, დაბადების ადგილი უნდა მიუთითოს, ის კი ომის დროს გემზე დაიბადა, როდესაც დევნილები ოკუპირებული ქალაქიდან გარბოდნენ. ეს ქართული ამბავია, აფხაზეთსა და ახლანდელ პროევროპულ აქციებზე.
არის უკრაინული ამბავიც, ქალი ომში წასულ ქმართან შესახვედრად ფრონტის ხაზზე მიდის.
„ეეეჰ, ქალები თვალს ვერ უსწორებთ იმას, რომ ომი შეიძლება უკეთესი საყვარელი გამოდგეს, ვიდრე ცოლი და ოჯახი. კი მახინჯია, ბრუტალურია, სიკვდილთან თამაშია, მაგრამ მაინც თამაშია. ჩვენ კიდევ გვიყვარს თამაში“, - აი, ასე ხედავს ომს მისი ერთ-ერთი მონაწილე.
წიგნი Creative Europe-ს დაფინანსებით გამოიცა. ძირითადი მიზანი ქალის თვალით დანახული ომის გადმოცემა იყო. ამბებს სამი ქალი ავტორი ჰყავს: ეკატერინე ტოგონიძე, ვირა კურიკო და ანა ასატრიანი. ილუსტრაციები ლუკა ლაშხმა, სოფია პოკორჩაკმა და ასტღიკ ჰარუთიუნიანმა დახატეს. წიგნი სამ ენაზე დაიბეჭდა: ქართულად, სომხურად და უკრაინულად. იგეგმება ითარგმნოს სხვა ენებზეც.
„ეს დიდების კომიქსია - 18+. გვინდოდა უცხოელებისთვის გვენახებინა, რა პრობლემებია ჩვენს ქვეყნებში, ომის კუთხით, პოლიტიკური კუთხით, - ამბობს დეა მეტრეველი, პროექტის იდეის ავტორი და ქართული ლიტერატურული ინიციატივის ხელმძღვანელი, - გვსურდა კომიქსის ჟანრის განვითარებაც, ამბები არა მხოლოდ მწერლებს, ილუსტრატორებსაც მოეთხროთ. კომიქსის ჟანრი ჩვენთან უფრო საბავშვო ჟანრად აღიქმება, მაშინ როცა ევროპაში ძალიან ბევრი ლიტერატურული ტექსტი - იმაზე, რაც სირიასა თუ პალესტინაში ხდება -კომიქსებით გადმოიცემა. ასევე ცალკე მიმდინარეობაა კომიქსებით ჟურნალისტიკა“.
მთავარი რედაქტორი მიხეილ ციხელაშვილი ამბობს, რომ ამ წიგნამდე ავტორებს კომიქსებზე არ ემუშავათ და დიდად არც კითხულობდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაართვეს თავი ამოცანას.
„რატომ არის კომიქსი ბოლო პერიოდში უფრო პოპულარული? ისტორიულ ჭრილშიც რომ გადავხედოთ, ის უფრო დაფასებული ჟანრი ხდება. კომიქსი უფრო სხარტი საკითხავია, ნახატი გეხმარება, რომ ერთ კონკრეტულ სიუჟეტზე კონცენტრირდე. მე-19 საუკუნეში კომიქსს კომიკური, ანეკდოტური სახე ჰქონდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს მიდგომა შეიცვალა. დღეს კომიქსით ყველაფერი შეგიძლია მოჰყვე - ძველი ბერძნული ტრაგედიებიდან მოყოლებული, დღევანდელობამდე“, - ამბობს მიხეილ ციხელაშვილი.
წიგნის მესამე ამბავი სომხური ამბავია. ის გენოციდსაც ეხება, ყარაბაღის კონფლიქტსაც. საქართველოსი არ იყოს, სომხებსაც ბევრი ომი აქვთ გადატანილი. მაგრამ აქ მთავარი გმირი გულახდილობის ხასიათზე არ არის:
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვშიშობ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, სიტყვას არ დავძრავ იმაზე, რა ჯოჯოხეთიც გამოვიარე. თუ ვიღაცამ 2024 წლამდე ცოცხალმა მოაღწია და ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია, რა არის ომი და მშვიდობა, დანაშაული და სასჯელი, სამართლიანობა და თავისუფლება, მოქმედება და ვითომ მოქმედება, ხოცვა-ღლეტა და მისი შედეგები, სრულიად შეუძლებელი მგონია, რაიმე ამბის შინაარს ჩასწვდეს, - ამბობს ის - სიტყვას არ დავძრავ ჩემს პირად ჯოჯოხეთზე!“
ფორუმი