„ვინც მონაწილეობდა ძალადობაში, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის ამსრულებელი. შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგი დღეების განმავლობაში. მათი შემართებიდან ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. მათ შორის, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა თუნდაც რამდენიმე თვის წინ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ჯერ არ არის ოფიციალური ცნობები 4 ოქტომბერს დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების შესახებ. როგორც წესი, პოლიცია პირველ საათებში მოქალაქეებს აკავებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მოგვიანებით კი - სისხლის სამართლის წესით.
„თავის დროზე, თუ მოძალადეთა მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა... დღეს გვაქვს იდენტიფიცირების მეტი რესურსი, აქედან გამომდინარე დამხობის მცდელობის ამსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. კანონი იმოქმედებს ძალიან მკაცრად“, - თქვა კობახიძემ.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პირველადი წინასწარი მონაცემებით, ყველგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.
არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დემონსტრაცია იმართება.
დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.
ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.
„ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა. არჩევნები 20:00 საათზე დასრულდა.
ფორუმი