„განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ არჩევნებამდე 8 თვით ადრე დაწყებული ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა ოპოზიციის იმ ლიდერების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესის სათავეებთან იდგნენ. ამ განაცხადმა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებაზე და შესაბამისად, მთელ პოლიტიკურ პროცესზე, რომელმაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა „ქართულ ოცნებას“ მიეტაცებინა ყველა იმ ოპოზიციური პარტიის ხმა, ვინც არ შემოვიდა ამ ბრძოლაში“, - წერია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.
ამ პარტიამ ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემებით, რომელიც 21:47 საათზე იყო ხელმისაწვდომი, საქართველოს მასშტაბით ხმების მხოლოდ 6,78%-ის მოგროვება შეძლო, მისმა პარტნიორმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ კი 3,86%. დამარცხების მიუხედავად, „ლელო“ მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობის „სტრატეგია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“ იყო.
„ჩვენი ამოცანა იყო არ მიგვეცა "ქართული ოცნებისთვის" საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში ძალაუფლების მიტაცებისა და გამყარების საშუალება. რუსული რეჟიმის მიზანი იყო დემოკრატიული პროევროპული პარტიების პროცესიდან გათიშვა და ამით თბილისისა და საქართველოს რეგიონების სრულად მიტაცება“, - აღნიშნავენ პარტიაში.
ამავე განცხადების ერთი ნაწილი ეთმობა არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებას: „დღეს ჩვენ ვნახეთ სისტემური გაყალბების ფაქტები - "კარუსელი", მოსყიდვა და მუქარით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა“.
ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ იმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათგან 26-ში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ, 100%-ით.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პირველადი წინასწარი მონაცემებით, ყველგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.
არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დემონსტრაცია იმართება.
დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ.
ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.
„ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა. არჩევნები 20:00 საათზე დასრულდა.
ფორუმი