შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა, რომ პაატა ბურჭულაძის გარდა დააკავეს მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. ხუთივე მათგანი 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო.
„მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
პაატა ბურჭულაძეს სამედიცინო დახმარება ორბელიანის ქუჩაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ დასჭირდა. 70 წლის საოპერო მომღერალი შეუძლოდ ცრემლმდენი გაზის ზემოქმედების შედეგად გახდა.
კლინიკაში ბურჭულაძე საპოლიციო ძალების დახმარებით დააკავეს. კ
4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები პარალელურად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დაიგეგმა.
მოქალაქეები ჯერ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, ათონელის ქუჩაზე. რამდენიმე მათგანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
ფორუმი