Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხარეთა ცნობების მიხედვით, დრონებით რუსეთზე უფრო მასშტაბური შეტევა იყო, ვიდრე უკრაინაზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრე აქრობს რუსული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში გაჩენილ ხანძარს
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრე აქრობს რუსული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში გაჩენილ ხანძარს

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. ღამის განმავლობაში და დილით დრონებით მორიგი იერიში იყო რუსეთის რეგიონებზეც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 6 ოქტომბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა ქალაქ ხარკოვში. დაზიანდა სახლები და საწყობები. ხარკოვის ორ რაიონში ხანძრები გაჩნდა.

უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ენერგოკომპანიის ცნობით, რუსული დრონებით დარტყმა იყო რეგიონის ერთ-ერთ ენერგოობიექტზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 116 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 83 ჩამოაგდეს ან გააუვნებლეს. სარდლობა ადასტურებს რუსული დრონებით პირდაპირ დარტყმას შვიდ ადგილზე.

გაცილებით მასშტაბური იყო უკრაინაზე წინა, 5 ოქტომბრის ღამიდან დაწყებული შეტევა, როცა უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა 500-მდე დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 4 ლვოვის ოლქში, რომელიც ძირითადი სამიზნე იყო. ენერგოობიექტებზე დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათეულობით ათას აბონენტს.

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევისა და დაშავებულების შესახებ იუწყება რუსეთის ხელისუფლებაც. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული დრონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაუჩნდა დაცვის სამსახურის შენობას. შტაბის თანახმად, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის თანახმად, დრონების სამიზნე იყო ქალაქ ძერჟინსკის სამრეწველო ზონა, სადაც 20 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. გუბერნატორის ცნობით, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. სხვა შედეგების შესახებ ნიკიტინს არაფერი უთქვამს.

რუსული ტელეგრამ-არხი Astra წერს, რომ ძერჟინსკში დრონებით შეტევა იყო სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაზე.

რუსეთის სხვა რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით დღევანდელი შეტევის შედეგების შესახებ არაფერს იუწყება. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დილით მხოლოდ ის განაცხადა, რომ ენერგოობიექტებზე ჯერ კიდევ გასულ საღამოს განხორციელებული შეტევის შედეგად ენერგომომარაგების გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი 40 ათასიდან 5,4 ათასამდე შემცირდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 251 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 40 - ყირიმში, 34 - კურსკის ოლქში, 30 - ბელგოროდში, 20 - ნიჟნი-ნოვგოროდში, 17 - ვორონეჟის ოლქში, 11 - კრასნოდარის მხარეში, 8-8 - ბრიანსკის და ტულის ოლქებში, 4 - რიაზანში, 2-2 - ვლადიმირის, ივანოვოს, კალუგის, ტამბოვის და ორიოლის ოლქებში, 1-1 - ლიპეცკისა და მოსკოვის რეგიონებში, 62 - შავი ზღვის თავზე და 5 - აზოვის ზღვის თავზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

განახლება: 6 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმა ქალაქ ძერჟინსკში მდებარე, სვერდლოვის სახელობის ქარხანაზე, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ობიექტია და აქვს შესაძლებლობა რუსული არმია მოამარაგოს პრაქტიკულად, ყველა სახეობის საბრძოლო მასალით. გენშტაბის თანახმად, ამ სამიზნის რაიონში დაფიქსირებულია აფეთქებები და ხანძარი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზეც, რომელიც რუსეთის საოკუპაციო არმიის მომარაგებაშია ჩართული. გენშტაბის ცნობით, ტერმინალის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. გენერალური შტაბის თანახმად, დროებით ოკუპირებულ ყირიმში დაარტყეს რუსეთის მე-18 არმიის მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის საბრძოლო მასალების საწყობსაც და შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.

ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიის ნავთობტერმინალსა და ქალაქ ევპატორიასა და სოფელ უიუტნოეს შორის მდებარე სამხედრო ნაწილზე შეტევის შესახებ გამთენიისას იუწყებოდა ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“.





ფორუმი

XS
SM
MD
LG