3-4 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბაბიშს ჩეხეთის მიერ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ ჰკითხა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა.
მილიარდერი ბიზნესმენი ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2017-2021 წლებში და ამ თანამდებობის დაკავება სურს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგაც. ANO-მ ვერ შეძლო მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი მანდატების მოპოვება და სხვა პარტიებთან ერთად მმართველი კოალიციის შექმნა მოუწევს.
ანდრეი ბაბიში ევროსკეპტიკოსად ითვლება და კარგი ურთიერთობები აქვს უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან, ვიქტორ ორბანსა და რობერტ ფიცოსთან, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც მოსკოვთან კავშირები შეინარჩუნეს.
4 ოქტომბერს ბაბიშმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ უკრაინას მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიის შემდეგ, დღეს ჩეხეთი უკრაინას ევროკავშირის გავლით ეხმარება, ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტითაც, სადაც ჩეხეთს დიდი ფული შეაქვს და ამ გზით დახმარება გაგრძელდება.
რაც შეეხება ჩეხეთის ამჟამინდელი მთავრობის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისგან უკრაინისთვის საბრძოლო ჭურვების შეძენას, ბაბიში მიიჩნევს, რომ ეს ნატოს მიერ უნდა იყოს ორგანიზებული.
შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის მიღებას, ანდრეი ბაბიშმა უპასუხა, რომ თანამშრომლობა შეუძლიათ, მაგრამ უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის და ჯერ ომი უნდა დასრულდეს.
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ანდრეი ბაბიშის პოპულისტურმა პარტიამ ხმების 34%-ზე მეტი მიიღო. მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების კოალიცია Spolu-ს, რომლის ლიდერი ჩეხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალაა, მხარი დაუჭირა 23%-ზე მეტმა.
პარლამენტის მანდატები მოიპოვა კიდევ ოთხმა პარტიამ. მათ შორის ულტრამემარჯვენე SPD-მ და ევროსკეპტიკოსების მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ „ავტომობილისტები”. ბაბიშის პარტია ANO ამ ძალებთან აპირებს მოლაპარაკებას კოალიციის შესაქმნელად.
ჩეხეთის მედიის ინფორმაციით, ამ სამ პარტიას 200-წევრიან პარლამენტში საერთო ჯამში ექნება მაქსიმუმ 116 მანდატი, რაც საკმარისია უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად, მაგრამ არა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის.
ფორუმი