Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი გენერალ შამანოვის წინააღმდეგ - დაპირისპირება ჩეჩნეთის "დერუსიფიკაციის" გამო


რუსეთის არმია ჩეჩნეთში. 1996 წელი
რუსეთის არმია ჩეჩნეთში. 1996 წელი

რუსეთის სახელმწიფო დუმაში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია ჩეჩნეთში კაზაკთა სტანიცებისათვის სახელწოდებების შეცვლის წინადადების ინიციირებამ. ცნობილია, რომ ეს რუსული სტანიცები კავკასიის კოლონიზაციის პერიოდში წარმოიშვა.

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, გენერალმა ვლადიმირ შამანოვმა, ჩეჩნეთის ხელისუფლება „რუსულენოვანი მოსახლეობის შესახებ არსებული ისტორიული მეხსიერების წაშლის“ მცდელობაში დაადანაშაულა.

შამანოვს მხარს უჭერდნენ ნაციონალისტური, მართლმადიდებლური ჯგუფები, ე.წ. Z-პატრიოტები და ომის კორესპონდენტები (“ვოენკორები”).

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წარადგინა კანონპროექტი რამდენიმე დასახლებისათვის სახელის შეცვლის შესახებ. ინიციატივის მიხედვით, სტანიცა შელკოვსკაია უნდა იქცეს სოფელ ტერეკად, ხოლო ნაურსკაია - ნევრად და ა.შ. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, რასაც ცალკეული დეპუტატების, მათ შორის ჩეჩნეთის პირველ ომში რუსეთის ჯარების სარდლის, გენერალ ვლადიმირ შამანოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

გენერალმა შამანოვმა დაგმო როგორც ინიციატივა, ასევე მისი მხარდაჭერა სახელმწიფო სათათბიროში. სიტყვის გამოსვლისას თავი ვერ შეიკავა და ყვირილზე გადავიდა.

რუსი გენერალი ვლადიმირ შამანოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, 1996 წელს რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდალი
რუსი გენერალი ვლადიმირ შამანოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, 1996 წელს რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდალი

„რას სჩადიან?!“ - ყვიროდა შამანოვი სახელმწიფო სათათბიროში და ჩეჩნეთის პარლამენტს ყოფილი კაზაკური დასახლებების შესახებ „ისტორიული მეხსიერების წაშლის“ მცდელობაში ადანაშაულებდა. რუსმა გენერალმა და დეპუტატმა ისიც გაიხსენა, თუ როგორც გაყარეს რუსები ამ დასახლებებიდან.

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მომზადებული ანგარიშების თანახმად, ვლადიმირ შამანოვის ქმედებებმა და საომარმა ტაქტიკამ ჩეჩნეთში მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. Human Rights Watch-ი იტყობინებოდა შამანოვის მონაწილეობის შესახებ მკვლელობებში, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ალხან-იურტსა და კატირ-იურტში 1999-2000 წლებში. მას ასევე ადანაშაულებდნენ უკანონო დაკავებებსა და წამებაში.

ჩეჩენი ქალი ცდილობს იპოვოს თავისი ნათესავები სიკვდილით დასჯილ მამაკაცთა ცხედრებს შორის. გროზნო. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. 1995 წლის 3 აპრილი.
ჩეჩენი ქალი ცდილობს იპოვოს თავისი ნათესავები სიკვდილით დასჯილ მამაკაცთა ცხედრებს შორის. გროზნო. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. 1995 წლის 3 აპრილი.

ჟურნალისტმა ანა პოლიტკოვსკაიამ (მოკლული პუტინის დაბადების დღეს, 2006 წლის 7 ოქტომბერს) ტელეკომპანია НТВ -ს ეთერში გენერალ შამანოვთან საჯარო კამათისას, გაიხსენა 2000 წლის 5 თებერვალი, როცა სოფელ ახალ ალდიში რუსი სამხედროები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გაუსწორდნენ ადგილობრივებს. შამანოვმა პოლიტკოვსკაია „არაობიექტურობაში“ დაადანაშაულა.

2009 წელს, მას შემდეგ რაც გენერალი შამანოვი რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლად დაინიშნა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომისარმა, ნურდი ნუხაჟიევმა, ამ საკადრო გადაწყვეტილებას „რუსეთის არმიის მომავლის ტრაგედია“ უწოდა, ჩეჩნურმა სახელმწიფო მედიამ კი შამანოვი შეადარა რუსეთის იმპერიის გენერალ ალექსეი ერმოლოვს, რომელიც ჩეჩნეთის დამორჩილებისას “მიზანმიმართულად ანადგურებდა ყოველივე ცოცხალს თავის სისხლიან გზაზე“.

რუსი ჯარისკაცი მიზანში იღებს გროზნოს დანგრეული მეჩეთის ნახევარმთვარეს. 1994 წლის თებერვალი.
რუსი ჯარისკაცი მიზანში იღებს გროზნოს დანგრეული მეჩეთის ნახევარმთვარეს. 1994 წლის თებერვალი.

სახელმწიფო დუმაში ვლადიმირ შამანოვს მხარი დაუჭირა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანატოლი ვასერმანმა, რომელმაც ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა უკრაინის ხელისუფლებას შეადარა. მისი აზრით, „ტერორისტული სახელმწიფოს“ ლიდერებმა 2016 წელს ქალაქ დნეპროპეტროვსკსაც (დნიპრო) ამავე მიზეზების გამო შეუცვალეს სახელი. დეპუტატის მტკიცებით, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, გრიგორი პეტროვსკი იმის გამო აითვალწუნეს სახელმწიფოს „ლიდერებმა“, რომ გვარი პეტროვსკი ხშირად შეახსენებდა მათ, თუ ვინ და რა ვითარებაში შექმნა ქალაქი.

გენერალ შამანოვს ასევე დაუჭირეს მხარი სამხედრო კორესპონდენტებმა, რომლებიც СВО-სა და რუსეთის არმიის უკრაინაში მოქმედებას აშუქებენ.

სამხედრო კორესპონდენტი იური კოტენოკი:

„[შამანოვი] მკვეთრად და გარკვევით საუბრობდა სამხედრო მანერით, ცინგლებისა და შერბილების გარეშე. სამწუხაროდ, ეს იყო „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. <…> ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ რუსოფობიაზე უკრაინაში და ვებრძვით კიდეც მას. მაგრამ ეს ზუსტად ის მაგალითია, რომელიც ძალიან ჰგავს დერუსიფიკაციას თავად რუსეთში.

„კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო კორესპონდენტი დმიტრი სტეიშინი:

"მხოლოდ გენერალმა შამანოვმა აღიმაღლა ხმა, გენერალმა დიდი ასოთი. 2009 წელს მე მოვინახულე კაზაკთა სტანიცები, რომლებსაც ახლა სახელების შეცვლას უპირებენ. ჩეჩნეთში პრაქტიკულად არცერთი რუსი აღარ დარჩა. გროზნოში კიდევ იყვნენ, ურბანულ გარემოში მიმიკრირებულები, ჩაყუჩებულები. გენერალ შამანოვის გამოსვლის შემდეგ ერთგვარი პაუზა ჩამოწვა. მაინტერესებს, მასაც თუ აიძულებენ ბოდიშის მოხდას? რა თქმა უნდა, არა. ალბათ შეხვედრებზე შეიტყუებენ, რასაც შემდეგ მომხდარის/შერიგების საბოლოო ფაქტად წარმოაჩენენ".

ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი
ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი

ჩრდილოეთ კავკასიის „დერუსიფიკაცია“?

ვლადიმირ შამანოვს მხარი დაუჭირეს უკრაინაში შეჭრის მომხრე “მოღვაწეებმა” და ნაციონალისტურმა მოძრაობების წარმომადგენლებმა.

„რუსკაია ობშჩინამ“ („რუსული თემი“) ჩეჩნეთში რუსული სტანიცებისათვის სახელის შეცვლას სეპარატიზმისა და ქვეყნის დაშლისკენ მიმავალი პირდაპირი გზა უწოდა. რესპუბლიკის შემადგენელი შემავალი სოფლები ისტორიულად არასდროს ყოფილა ჩეჩნეთის ორგანული ნაწილი. ამ სტანიცებში ყოველთვის ცხოვრობდნენ „რუსები და არა ვაინახები“, - განაცხადეს „რუსკაია ობშჩინას“ წარმომადგენლებმა.

კონსტანტინ მალოფეევი
კონსტანტინ მალოფეევი

რუსი მართლმადიდებელი ოლიგარქის, კონსტანტინ მალოფეევის საკუთრებაში არსებული პროპაგანდისტული ტელეარხი „ცარგადი“ 15 000 - იანი სტანიცებისთვის სახელის გადარქმევას მიიჩნევს სევასტოპოლისათვის სახელის შეცვლის ტოლფარდ მოვლენად და ყოველივე რუსულის მოკვდინების მცდელობად:

„როგორ შეიძლება ყირიმში რუსული სამყაროს აღორძინებაზე საუბარი და ამავდროულად კავკასიაში მისი მოკვდინების არშემჩნევა? ნაურსკაიასა და შელკოვსკაიასთვის სახელის შეცვლა დაახლოებით იგივეა, რაც სევასტოპოლისთვის სახელის გადარქმევა“.

სტანიცები - "რუსული სამხედრო დიდების" კვალი ჩრ. კავკასიაში: ნაურსკაია და შელკოვსკაია ძალიან ძველი დასახლებებია. რუსი პატრიოტები არ მალავენ, რომ ისინი კავკასიაში რუსეთის ყოფნის სიმბოლოებია, განსაკუთრებით თერგის მარცხენა სანაპიროზე - ჩეჩნეთის ისტორიულ საზღვარზე, რომელმაც დიდი ხანია გადაინაცვლა მდინარის მეორე მხარეს. რუსეთის ისტორიაში ნაურსკაიას პირველი ხსენება 1642 წლით თარიღდება, ხოლო შელკოვსკაიას - 1718 წლით. სტანიცა ნაურსკაია ისტორიაში შევიდა თავისი გმირული დაცვით (1744 წ) რუსეთ-თურქეთის პირველი ომში. სტანიცა შელკოვსკაიაში კი ცხოვრობდა მიხაილ ლერმონტოვის ბიძაშვილი, სუვოროვის ყოფილი გენერალ-ადიუტანტი აკიმ ხასტატოვი, რომელსაც პოეტი ხშირად სტუმრობდა და, რომლის ნაამბობმა ამბებმა შთააგონა მწერალი დაეწერა „ჩვენი დროის გმირი“. სწორედ თერგის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ამ კაზაკურ სტანიცებს აღწერს ლევ ტოლსტოი „კაზაკებში“. მათი მაცხოვრებლების ცხოვრებამ და წეს-ჩვეულებებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ისინი მის იდეალად იქცა.

ჩეჩნეთის რეაქცია

რამზან კადიროვმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ფედერალურ დონეზე მხარი დაუჭირა ინიციატივას და კომენტარი არ გააკეთა დისკუსიის დროს ცალკეული დეპუტატების მიერ წამოჭრილ პრეტენზიებზე. სამაგიეროდ, მან გაიმეორა სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და ჩეჩნეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, შამსაილ სარალიევის მიერ გაჟღერებული არგუმენტები: კანონპროექტის წარდგენისას ჩეჩენმა დეპუტატმა სტანიცებისთვის სახელწოდებების შეცვლის აუცილებლობა ახსნა „რუსული ენის წესებთან შეუსაბამობით“.

გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროში გამართული დებატების დროს სარალიევმა ჯერ განაცხადა, რომ რუსი ხალხი სტანიცებიდან „არავის გაუყრია“, შემდეგ კი შამანოვის საკუთარ ორაზროვან წარსულზე მიანიშნა და დამსწრეებს შეახსენა, რომ ომის დროს „ნახევარმილიონიანი ქალაქი გროზნო ცარიელი იყო“, ელცინის მიერ იქ მოწყობილი თავისუფლების გამო “.

2009 წლის აპრილში მოსკოვმა დასრულებულად გამოაცხადა ჩეჩნეთში მიმდინარე „კონტრტერორისტული ოპერაცია“. ჩეჩნეთის ომებმა, სხვადასხვა შეფასებით, 50 000-დან 80 000-მდე ადამიანის, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.

რუსი ჯარისკაცები რუსეთის დროშას აღმართავენ თითქმის მთლიანად დანგრეულ გროზნოს თავზე. 2009 წლის თებერვალი.
რუსი ჯარისკაცები რუსეთის დროშას აღმართავენ თითქმის მთლიანად დანგრეულ გროზნოს თავზე. 2009 წლის თებერვალი.

მეტად საგრძნობი რეაქცია გაკეთდა რამდენიმე დღეში. ჩეჩნეთის სახელმწიფო მედიაში გამოჩნდა სტანიცების ნაურსკაიასა და შელკოვსკაიას ყოფილი მცხოვრებლების, ეთნიკური რუსების ვიდეომიმართვები, რომელთა ავტორები მოუწოდებენ დეპუტატებს, რომ თავიანთი გამონათქვამებით არ ჩაერიონ საქმეში და, რომ დასახლებების სახელწოდების შეცვლა რუსულენოვანმა მცხოვრებლებმა თავად მოითხოვეს. გაურკვეველია, ვისი ინიციატივა იყო მიმართვების ჩაწერა. თუმცა როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ის ფაქტი, რომ ორივე მიმართვა ერთ ვიდეოდ იქნა დამონტაჟებული და ერთად გამოქვეყნებული, მაღალი ალბათობით ადასტურებს ცენტრალიზებული პასუხის თეორიას. სპონტანურად ჩაწერილი ვიდეოები, როგორც წესი, მინიმალური რედაქტირებითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ქვეყნდება ხოლმე.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს „სახალხო რეაქცია“ ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მოაწყო, რადგან კადიროვის ავტორიტარული მმართველობის დროს ხალხი ცდილობს მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან.

ჩეჩნეთის ხელისუფლების მტკიცებას, რომ სტანიცების სახელწოდებები არ შეესაბამება რუსული ენის წესებს და იცვლება ადგილების გეოგრაფიული თავისებურებების ასახვის მიზნით, სკეპტიკურად უყურებს ჩეჩნეთის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი.

ადნან შახბულატოვის სახელობის ჩეჩნეთის სახელმწიფო ფილარმონიის ხედი. ჩეჩნეთი, 2025
ადნან შახბულატოვის სახელობის ჩეჩნეთის სახელმწიფო ფილარმონიის ხედი. ჩეჩნეთი, 2025

„არავის სმენია, რომ ჩეჩნურ ენაზე “ჩრდილოეთი” ყოფილა „ნევრა“, როგორც ახსნეს ნაურსკისათვის სახელის შეცვლა. საიდან მოიტანეს ეს იდეა? რომელ ჩეჩნურ ლექსიკონში შეგიძლიათ იპოვოთ ეს ტერმინი ამ თარგმანით? რუსეთის იმპერიულ პერიოდში, საბჭოთა ეპოქაში და მოგვიანებით, თანამედროვე რუსეთში „ნაურსკი” ყოველთვის ასოცირდებოდა ნართების ეპოსის გმირთან, ნაურთან”. შელკოვსკაიას შეცვლა ტერეკად (თერგად) ასევე არ უნდა იყოს მიზანშეწონილი - ყაბარდო-ბალყარეთში უკვე არსებობს ასეთივე სახელწოდების ქალაქი, - ეუბნება ჩეჩენი პროფესორი რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს.

ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ნებისმიერი კაზაკური სტანიცა შეიქმნა რუსული კოლონიალიზმის შედეგად, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის მკვლელობისა და გადასახლების გზით, ბელოკიევი

რუსული ნაციონალისტური ვებ-საიტების ავტორების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს ჩეჩნეთში დასახლებების ისტორიული სახელწოდებების შესახებ, მაგრამ მათთვის სახელების შეცვლის კრიტიკისას ისინი ავლენენ თავიანთ დამოკიდებულებას დაპყრობილი არარუსი ხალხების და კერძოდ ჩეჩნეთის მიმართ, - ეუბნება რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის რედაქციას ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი და ბლოგერი, ისლამ ბელოკიევი:

„არცერთ მათგანს არ აინტერესებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში კაზაკური სოფლები სწორედ რუსული კოლონიალიზმის შედეგად წარმოიშვა - ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის მკვლელობისა და გადასახლების გზით, მათი საკუთარი დასახლებების განადგურებით. საქმე სულაც არ არის კაზაკურ სტანიცებსა და მათ სახელებში; ეს არის იმპერიალისტური დამოკიდებულება არარუსი ხალხების ნებისმიერი, მათი აზრით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმართ“.

1939 წელს ნაურსკაიას რაიონში რუსების წილი 94% იყო, ჩეჩნებისა კი - 0.1%. 1970 წელს ეს თანაფარდობა უკვე 52/43-ზე იყო, ხოლო 1989 წელს - 36/60. ამის შემდეგ, 2010 წლისთვის, რუსების წილი 12%-მდე შემცირდა, ხოლო 2020 წლისთვის 5,5%-მდე. აბსოლუტური მაჩვენებლებით, 2020 წელს რუსების რაოდენობა 3300 ადამიანს შეადგენდა, ხოლო ჩეჩნების — 52000-ს.

ჩეჩნური დიასპორის კიდევ ერთი აქტიური წევრი, მუსა ლომაევი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ჩეჩნეთის ხელისუფლების აქტიური კრიტიკა რამზან კადიროვისადმი კრემლის მხარდაჭერის შესუსტებაზე მეტყველებს:

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ახალ ფორმაციაში შევიდა და კრემლს აღარ სჭირდება კადიროვისა და მისი ხალხის ეს განსაკუთრებული სტატუსი, რუსი ნაციონალისტების ხმაც სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა გაისმის. არავისთვისაა საიდუმლო, რომ რუს სამხედროებს შორის ყოველთვის არსებობდა გაღიზიანება რუსი ჩინოვნიკების კადიროვისა და მისი ხალხის ქმედებების მიმართ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. სამხედროები არასდროს თანხმდებოდნენ თანაბარ პირობებში მოლაპარაკებაზე მათთან, ვისაც ისინი მხოლოდ დროებით დაბრკოლებად მიიჩნევდნენ, პოლიტიკოსები კი იძულებულნი იყვნენ შეეკავებინათ სამხედროების აღშფოთება პუტინის კარზე კადიროვის განსაკუთრებული სტატუსის გამო“.

  • ჩეჩნეთში გრძელდება ქუჩების, ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტების სახელების მასშტაბური გადარქმევა რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ნათესავებისა და მასთან დაახლოებული რელიგიური და საზოგადო მოღვაწეების პატივსაცემად.
  • ჩეჩნეთში ასობით ქუჩას რამზან კადიროვის სახელი ჰქვია, ხოლო ორ ათეულზე მეტს - მისი ვაჟის, ახმატისა. ჩეჩნეთის რუკებზე კადიროვის დის, ზარგანას სახელობის ქუჩასაც კი იპოვით.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG