Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ერთი მონაწილე


4 ოქტომბრის აქციის მონაწილეები თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან
4 ოქტომბრის აქციის მონაწილეები თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან

პოლიციამ დააკავა თბილისში 4 ოქტომბერს, ორგანიზატორთა თანახმად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე. 8 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სულ დაკავებულია 23.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს. დააკავეს”.

განახლება: დაკავებული ნ.ს. სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერია.

7 ოქტომბერს შსს ამავე საქმეზე კიდევ 4 პირის დაკავების შესახებ იუწყებოდა, 6 ოქტომბერს კი - 13-ის.

4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. მათ სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ" „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.

დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
  • 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
  • 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
  • 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა და ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.

ასევე ნახეთ:

ფორუმი

XS
SM
MD
LG