EPP-ს თანახმად, "მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის, ოლიგარქ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ (GD) 4 ოქტომბერს ჩაატარა კიდევ ერთი ყალბი არჩევნები, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა ჰქონდა და რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე".
პარტიაში მიიჩნევენ, რომ დაკავებები და დევნის შემდგომი მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის აღმოფხვრას და საზოგადოებაში სრული შიშის დათესვას.
შესაბამისად, ისინი, ერთი მხრივ, მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, "შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს". ასევე მოუწოდებენ "ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც თანამონაწილეები არიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში საქართველოში".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ყოფილი პრემიერისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სანქციების დაწესებას ითხოვს.
"ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებას, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მისი სიტყვებით, არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც "დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, რაც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულებაა."
მისი სიტყვებით, "ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დღევანდელი განცხადება ადასტურებს".
„EPP არის ყველაზე მსხვილი ევროპული პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ევროპულ მმართველ პარტიას აერთიანებს... EPP-ის წევრია „ნაციონალური მოძრაობაც“... იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს... "ევროპის სახალხო პარტია" არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის მტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს. EPP-ის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ“, - თქვა კობახიძემ.
პოლიციამ უკვე დააკავა, ორგანიზატორთა თანახმად, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ თბილისში 4 ოქტომბერს გამართული აქციის 23 მონაწილე.
4 ოქტომბერსვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე. მათ სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ" „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.
დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა და ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.
ფორუმი