უკრაინის გენერალური შტაბის და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის მიერ 9 ოქტომბერს, შუადღის შემდეგ გავრცელებული ცნობებით, გასულ ღამით რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში შეუტიეს კიდევ ერთ ობიექტს, სადისპეტჩერო სადგურ „ეფიმოვკას“, რომელიც ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების რამდენიმე მაგისტრალურ ხაზს ემსახურება.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ორივე ობიექტზე დაფიქსირებულია აფეთქებები და ხანძარი, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
9 ოქტომბერს, ღამის სამი საათისთვის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები „უპილოტოების მასირებულ შეტევას იგერიებენ“.
გუბერნატორის თანახმად, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კოტოვოს რაიონში დაზიანდა საქვაბის შენობა და ხანძარი გაჩნდა „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე“. ბოჩაროვს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტები იწვის.
სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები იუწყებოდნენ, რომ დრონების სამიზნე იყო ქალაქ კოტოვოში მდებარე გაზგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 9 - ვოლგოგრადის ოლქში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს საწარმოც „ლუკოილის“ მფლობელობაშია.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ფორუმი