Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონებით შეტევის შედეგად ვოლგოგრადის ოლქში ხანძარი გაუჩნდა სავარაუდოდ, „ლუკოილის“ ქარხანას


2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც(ფოტო არქივიდან)
2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც(ფოტო არქივიდან)

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის კოტოვოს რაიონში გასული ღამის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება იყო. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ.

9 ოქტომბერს, ღამის სამი საათისთვის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზეც გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები „უპილოტოების მასირებულ შეტევას იგერიებენ“.

გუბერნატორის თანახმად, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კოტოვოს რაიონში დაზიანდა საქვაბის შენობა და ხანძარი გაჩნდა „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე“. ბოჩაროვს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტები იწვის.

სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების ცნობით, დრონების სამიზნე იყო ქალაქ კოტოვოში მდებარე გაზგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.

განახლება: 9 ოქტომბერს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა შეტევა ქალაქ კოტოვოში მდებარე გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე და განაცხადა, რომ ვოლგორადის ოლქში დაარტყეს კიდევ ერთ ობიექტს, სადისპეტჩერო სადგურ „ეფიმოვკას“, რომელიც ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების რამდენიმე მაგისტრალურ ხაზს ემსახურება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 9 ოქტომბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 9 - ვოლგოგრადის ოლქში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს საწარმოც „ლუკოილის“ მფლობელობაშია.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.




ფორუმი

XS
SM
MD
LG