Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელანია ტრამპი: უკრაინიდან ომის დროს გაყვანილი რამდენიმე ბავშვი პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდა


აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი. 10 ოქტომბერი, 2025 წელი, თეთრი სახლი
აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი. 10 ოქტომბერი, 2025 წელი, თეთრი სახლი

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შექმნა ღია კომუნიკაციის ხაზი, რომლის საშუალებით რუსეთთან ომის დროს რუსეთში წაყვანილი უკრაინელი ბავშვების რეპატრიაცია უნდა მომხდარიყო.

პირველი ლედის თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე ოჯახებს დაუბრუნდა, ხოლო მეტი მალე ჩავა თავიანთ ახლობლებთან.
„ძალისხმევა გრძელდება“, - განუცხადა მელანია ტრამპმა პარასკევს თეთრ სახლში ჟურნალისტებს. მან თქვა, რომ პუტინმა მის წერილს წლის დასაწყისში უპასუხა და რომ ისინი კონტაქტს ინარჩუნებენ.

„პრეზიდენტ პუტინსა და მე ამ ბავშვების კეთილდღეობის მიზნით ღია კომუნიკაციის არხი გვქონდა“, - თქვა მან. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორივე მხარემ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე შეხვედრასა და სატელეფონო საუბარში“.

რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის პირველ ლედის შორის კომუნიკაცია უჩვეულოა და წარმოადგენს მცირე ნათელ წერტილს ვაშინგტონის უშედეგო მცდელობებში, რომლის მიზანია 2022 წელს უკრაინაში შეჭრით დაწყებული ომის დასრულება.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც დიდი ხანია აქებს პუტინთან ურთიერთობას და აგვისტოში ის ალასკაში სამიტზე მიიწვია, ბოლო კვირების განმავლობაში იმედგაცრუება გამოხატა პუტინის მიერ ომის დაუსრულებლობის გამო. ტრამპი ჯერ კიდევ კანდიდატის რანგში, აცხადებდა, რომ ერთი დღის განმავლობაში დაასრულებდა ომს.

ტრამპმა ალასკაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა პუტინს თავისი მეუღლის წერილი.

უკრაინა ათიათასობით ბავშვის უკანონოდ გაყვანას რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჯახის ან მეურვეების თანხმობის გარეშე, ომის დანაშაულს უწოდებს, რომელიც გაეროს ფორმულირებით გენოციდის განმარტებას შეესაბამება. მანამდე მოსკოვმა განაცხადა, რომ ის ომის ზონის დაუცველ ბავშვებს იცავს.

აშშ-ის პირველმა ლედიმ პარასკევს განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი პირდაპირ თანამშრომლობს პუტინის გუნდთან, რათა უზრუნველყოს ბავშვების უსაფრთხო დაბრუნება ოჯახებთან. მან თქვა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რვა ბავშვი დაუბრუნდა ოჯახებს.

Reuters-ს მოჰყავს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის კირილ დმიტრიევის სიტყვები: „რუსეთი აგრძელებს თანამშრომლობას აშშ-თან სხვადასხვა, მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროში. ჩვენ ვაფასებთ მელანია ტრამპის ჰუმანიტარულ ინიციატივას.“

რუსეთის პრეზიდენტის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი გასცა 2023 წლის მარტში.

საერთაშორისო სასამართლო განმარტავდა, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - ეწერა განცხადებაში.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშაულებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG