Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანგველაძის საქმე: უძილაურმა დუმილი დაარღვია და მკვლელობა შურისძიებითა და „კონტროლის დაკარგვით“ ახსნა


გელა უძილაური (მარცხნივ) და ლევან ჯანგველაძე
გელა უძილაური (მარცხნივ) და ლევან ჯანგველაძე

ლევან ჯანგველაძის, „კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის ძმის, მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გელა უძილაურმა სასამართლოში პირველად ისაუბრა და ჯანგველაძის მკვლელობა შურისძიებითა და კონტროლის დაკარგვით ახსნა.

ყოფილი სპეცრაზმელის თქმით, 2022 წელს უკრაინაში ყოფნისას - სადაც 2 თვეს ინსტრუქტორად მუშაობდა - ვინმე სერგეი ბონდარენკოს დაუმეგობრდა.

უძილაურის თანახმად, ბონდარენკოს ჰქონდა „ბიტკოინების ქარხანა“ - რომელიც, უძილაურის თქმითვე, „მოსკოვში ძმებმა ჯანგველაძეებმა წაართვეს“.

უძილაურმა სხდომაზე თქვა, რომ ბონდარენკოს მიერ ჯანგველაძის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიების შემდეგ, თავად [დისტანციურად] ესაუბრა ლევან ჯანგველაძეს და სთხოვა, ბიზნესის გარკვეული წილი დაეტოვებინათ ბონდარენკოსთვის, წილის ნაწილში კი თავადაც შეეყვანათ.

„ლევანთან მოხდა ჩემი დაკონტაქტება. სულ ორი წუთით ვილაპარაკეთ, ვთხოვე თუ გაითვალისწინებდა, - ქართველი ვიყავი, - და რაღაცას დამიტოვებდა“, - თქვა ბრალდებულმა.

„ლევანმა მითხრა… დაგირეკავ და მოგაქცევენ ყურადღებასო. შენც გაგითვალისწინებენო“, - განაცხადა უძილაურმა.

თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჯანგველაძეების მხარემ შეხვედრის დრო და ადგილი დაუთქვა, იქ მას და ბონდარენკოს რამდენიმე ადამიანი დახვდა. „8-10 ადამიანი“.

მისი თქმით, მათზე ფიზიკურად იძალადეს:

„ძან საზიზღრად მოგვექცნენ, გადაგვიარეს ზედ... ჩაგვყარეს მანქანაში... ამას იღებდნენ ტელეფონით… გასაზიზღრებულები დაგვტოვეს“.

მას ამ „თავდასხმის“ დეტალები არ დაუზუსტებია.

თუმცა, მისი თქმით, სწორედ ამ მოვლენამ წარმოშვა მასში ლევან ჯანგველაძისადმი გაღიზიანება და სურვილი, პირადად დალაპარაკებოდა.

„უზომოდ შეურაცხყოფილი ვიყავი... ღირსება ისეთი რამაა, ვიღაცას მეტი აქვს, ვიღაცას ნაკლები, მე შეურაცხყოფილი ვიყავი სერიოზულად“, – თქვა უძილაურმა.

მან სასამართლოში თქვა, რომ ბონდარენკოსგან გაიგო, რომ ჯანგველაძეს ახლობელი გარდაეცვალა, მისი ვინაობა და მისამართიც გაიგო, - ჩვეულებრივ საუბარში, და შემდეგ იფიქრა, რომ მივიდოდა და გაესაუბრებოდა.

მისი თქმით, 14 მარტს არ გეგმავდა შეხვედრას, გეგმავდა 15 მარტს, თუმცა საბოლოოდ 14 მარტს - მას შემდეგ, რაც „უკრაინელ გოგოსთან, სვეტასთან“ შეხვედრა არ გამოუვიდა, ჭავჭავაძის გამზირზე გაემართა.

მან თქვა, რომ ჭავჭავაძეზე, 7 ნომერთან ლოდინისას გადააწყდა ჯანგველაძეს, - რათა, როგორც იმეორებს, „ცივილური საუბარი“ ჰქონოდა. თუმცა - როგორც აღნიშნა - ემოციებმა აიტანა და იარაღი გამოიყენა.

„თავი ვეღარ გავაკონტროლე, ბატონო მოსამართლე... მინდოდა დამეჭრა... თავი ვეღარ გავაკონტროლე... რომ ამოვიღე იარაღი და გავისროლე, ლევანის არ მოხვედრია პირველი გასროლა. მერე, როცა ამოიღებდა [იარაღს], ვესროლე,“ – განაცხადა ბრალდებულმა.

გელა უძილაურის თქმითვე, იარაღი მას მისცა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა - და ეს იარაღი ჰქონდა თან, რადგან სურდა, რომ ყვარელში წაეღო, თუმცა ყვარელში წასვლა იმ დღეს, 14 მარტს, არ გამოუვიდა.

უძილაურის თქმითვე, ჯანგველაძის დაცვის წევრისათვის დამიზნებით არ უსვრია, ჰაერში ისროლა და აღმოჩნდა, რომ ის ორივე ფეხში დაიჭრა.

უძილაურმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი ჯოხაძე არაფერ შუაშია მკვლელობასთან და მკვლელობის შემდეგ მას ურეკავდა, როგორც უბრალოდ ნაცნობს, რომლისთვისაც შეეძლო გაეზიარებინა ინფორმაცია, „ასეთ და ასეთ დღეში ვარ და პოლიციაში ჩაბარებას ვაპირებო“.

მისივე თქმით, არ იცნობს ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს - თუმცა ამბობს, რომ იცის, რომ ისინი იყვნენ გიორგი ჯოხაძის მეგობრები, ის კი 2022 წლიდან 2025 წლის იანვრის ბოლომდე მასთან კერძო მცველად მუშაობდა.

უძილაური ამბობს, რომ არ იცნობს არც სანდრო წივწივაძეს - კიდევ ერთ ბრალდებულს, რომლის კუთვნილი იარაღიც ფიგურირებს საქმეში.

ჯერ ბრალდების მხარეს კითხვები არ დაუსვამს. პროცესი გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG