ტრაპმა ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბევრი „ტომაჰავკი“ აქვთ, თავადაც სჭირდებათ და ქვეყანას ამ ძალიან ძლიერი და ზუსტი რაკეტების გარეშე ვერ დატოვებენ.
ტრამპის თანახმად, პუტინს ჰკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იქნება, რომ მის მეტოქეს რამდენიმე ათასი „ტომაჰავკი“ გადასცეს და მას ეს იდეა არ მოეწონა.
16 ოქტომბერს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უახლოეს ხანში უნგრეთში შეხვდება. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ შეხვედრა სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, მოლაპარაკებების მიზანია უკრაინაში ომის შეწყვეტის გზების ძიება. ტრამპმა გაიმეორა, რომ ომი მას არ დაუწყია და პასუხისმგებლობა ისევ პრეზიდენტ ბაიდენს დააკისრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას დახვდა სრული არეულობა, რომელსაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი მოჰყოლოდა, მაგრამ ეს არ მოხდება, უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს ხალხის გადასარჩენად და სურს დაეხმაროს ევროპას, რომელსაც ომის დასრულება უნდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია.
მოსკოვში 16 ოქტომბერს, ღამით გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სატელეფონო კონტაქტი რუსეთის ინიციატივით შედგა, პუტინს და ტრამპს შინაარსიანი და გულახდილი საუბარი ჰქონდათ და დაუყოვნებლივ დაიწყება ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადება.
უშაკოვის თანახმად, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე „სრულად ფლობს სტრატეგიულ ინიციატივას", მაგრამ მოსკოვი დაინტერესებულია „მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტით".
უშაკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს კიევისთვის „ტომაჰავკების“ შესაძლო მიწოდების საკითხიც და პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ეს რაკეტები ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლიან, მაგრამ არსებითად დააზიანებენ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას „რომ აღარაფერი ითქვას მშვიდობიანი დარეგულირების პერსპექტივებზე"(უკრაინაში).
დღეს, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. მას წინ უძღოდა ზელენსკისა და ტრამპის სატელეფონო საუბრები 11 და 12 ოქტომბერს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკების“ შესაძლო გადაცემა.
ფორუმი