Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ არის დაჭერილი, თბილისშია - პირადი მცველი ღარიბაშვილზე, რომლის სახლებიც გაჩხრიკეს


პირადი მცველის თქმით, ექსპრემიერი „საკუთარ სახლშია“, „დაცულია“ და „ძალიან კარგად არის“.
პირადი მცველის თქმით, ექსპრემიერი „საკუთარ სახლშია“, „დაცულია“ და „ძალიან კარგად არის“.

„არ არის დაჭერილი, თბილისში არის“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთმა მცველმა მის საცხოვრებელ კორპუსში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე.

ღარიბაშვილის შესახებ მას დამატებით სხვა არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ „საკუთარ სახლშია“, „დაცულია“ და „ძალიან კარგად არის“.

„ყველაფერს გაიგებთ. გიპასუხებენ შესაბამის უწყებაში ყველაფერს“, - თქვა ღარიბაშვილის მცველმა.

მცირე ხნით ადრე, 18:00 საათზე, მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი ადამიანის სახლებში - 22 ადგილას - ჩხრეკა ჩატარდა.

გვარაკიძის თქმით, „ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.

დღეს, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე ჩხრეკა ერთდროულად ჩატარდა რვა ადამიანის საცხოვრებელ და კუთვნილ ბინებსა და სახლებში, ჯამში 22 მისამართზე. პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა „სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე“.

მან განცხადების წაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

  • არ უთქვამს, რომელი მუხლებითაა გამოძიება დაწყებული და ითხოვენ თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დასაკავებლად სასამართლოს განჩინებას;
  • დღევანდელ ბრიფინგზე არ გაუვრცელებიათ არც ჩხრეკის კადრები;
  • ასევე უცნობია, ჩხრეკა უკვე არსებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, თუ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ახალი საქმეა აღძრული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG