Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებაა“ - „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებაზე


ვახო სანაია დაკავების მომენტში
ვახო სანაია დაკავების მომენტში

ტელეკომპანია „ფორმულა“ მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ტელეწამყვანი ვახო სანაია, რომელიც ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის გამო დააკავეს.

"ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან და წერს:

„ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ. ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს“.

ტელეკომპანია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ.

ჟურნალისტი ვახო სანაია ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პოლიციამ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავა რუსთაველის გადაკეტვის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

"მედია უკვე დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სამიზნედაა ქცეული. ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტოვებენ საარსებო რესურსების გარეშე, ყველა საშუალებით ხელს უშლიან ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში", -ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ, ''ქართული ოცნების" მიერ გამკაცრებული კანონმდებლობით, 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG