,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, აქციების მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დღეს პოლიციამ ქუჩაში დააკავა 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, თავისუფალია. თუმცა აცხადებს, რომ სასამართლოს შენობაში მას და სხვა დაკავებულებს ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს.
ჩხარტიშვილის პროცესი 24 ოქტომრამდე გადაიდო.
„დაკავების მომენტშივე განვუმარტე პოლიციას, რომ მზად ვიყავი, ოქმზე მომეწერა ხელი და ხვალ გამოვცხადებულიყავი, რადგანაც დღეს დედაჩემის ორმოცი იყო. მაგრამ მაინც სასამართლო დარბაზში წარმადგინეს... დედაჩემის ორმოცი გამატარებინეს საკანში ხელბორკილებით... მედავებოდნენ რუსთაველის გადაკეტვას. მე სრულიად შეგნებულად ვმონაწილეობ ხოლმე ამ ტიპის აქციებში და ვფიქრობ, რომ ჩვენ, თუნდაც 15 დღიანი პატიმრობით, წვლილი უნდა შევიტანოთ საკუთარი სამშობლოს გათავისუფლებაში", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
დღეს, სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე უკვე გამოუშვა დილთ დაკავებული თორნიკე თხილავა. ხოლო კიდევ ორი აქციის მონაწილე ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი მოსამართლემ გზის „ხელოვნური გადაკეტვისთვის’’ 6-დღიანი პატიმრობაში გაუშვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მხოლოდ დღეს, გზის გადაკეტვისა და "სახის დამალვის" გამო 14 ადამიანი დღეს, დააკავეს. სულ კი იდენტიფიცრებულია 27 პირი.
„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება. აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდა დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს აღარ ექნება ჯარიმის გამოყენების უფლება და დემონსტრანტს პირდაპირ 60 დღემდე გაუშვებს პატიმრობაში, თუ:
მას აქციაზე ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას აღმოუჩენენ;
თუ პოლიცია შეკრების დაშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დემონსტრანტი კი არ დაემორჩილება.
ჯარიმის გარეშე, პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული:
- აქციაზე ნიღბის ტარების გამო;
- ცრემლმდენი საშუალების ფლობის გამო;
- გზის გადაკეტვისთვის.
„ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით [დაისჯება]“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 13 ოქტომბერს, როცა კანონპროექტზე საუბრობდა.
დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გაამკაცრა კანონი - შეზღუდა ლაზერისა და პიროტექნიკის გამოყენება, სახის დაფარვა. გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვისთვის და დააწესა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამის მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება.
ფორუმი