დილის 11 საათის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში. ხანძრები გაუჩნდა სახლებს და სხვა შენობებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევში დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების და რამდენიმე სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაშველებმა სოფელ პოგრებაში დამწვარ კერძო სახლში იპოვეს ახალგაზრდა ქალის, 12 წლის გოგოს და 6 თვის ბავშვის ცხედრები. კიდევ ერთი ადამიანია დაღუპული ბროვარის რაიონში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა ქალაქ ზაპოროჟიეში. დამწვარია რამდენიმე სახლი.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. უკრაინის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეფერხდა მატარებლების მიმოსვლა.
განახლება: შუადღისით უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანებულია იზმაილის პორტის ტერმინალები და სხვა ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ქალაქებს და ენერგეტიკას. ზელენსკის ინფორმაციით, დაზარალდნენ კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, პოლტავის, ვინიცის, ზაპოროჟიეს, ჩერკასის და სუმის ოლქები.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ერთმა ღამემ აჩვენა, რომ რუსეთი არ განიცდის საკმარის ზეწოლას ომის გახანგრძლივებისთვის და დიპლომატიის შესახებ სიტყვები არაფერს ნიშნავს, სანამ რუსეთის ხელმძღვანელები კრიტიკულ პრობლემებს არ განიცდიან.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დროა ევროკავშირისა და აშშ-ის ძლიერი სანქციები, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის გადაცემა და პარტნიორების კოორდინირებული დიპლომატია.
რუსეთს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აქვეყნებს ხოლმე სტანდარტულ ტექსტს, რომ სამიზნე იყო სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ან დარტყმა განხორციელდა „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად". რუსეთი ასე მოიხსენიებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ენერგოობიექტებზე.
ფორუმი