Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა გააუქმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, არ შედგება.

პრეზიდენტმა ტრამპმა 22 ოქტომბერს, თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეხვედრა არასწორი იქნებოდა, რადგან შედეგს არ მოიტანდა. ტრამპის განცხადებით, პუტინთან ყოველთვის კარგი საუბრები აქვს, მაგრამ ამას არაფერი მოაქვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეხვედრა მომავალში შედგება.

განახლება: 23 ოქტომბერს, საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა და ადგილი ამერიკულმა მხარემ შესთავაზა, რასაც დასთანხმდა და უთხრა, რომ მსგავსი შეხვედრები კარგად უნდა მომზადდეს, მისთვისაც და დონალდ ტრამპისთვისაც შეცდომა იქნებოდა, თუ შეხვედრა მოსალოდნელი შედეგის გარეშე დასრულდება, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დაეთანხმა და თქვა, რომ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშავებენ. პუტინის შეფასებით, ტრამპმა გადაწყვიტა შეხვედრის გადადება და არა გაუქმება. მისივე განცხადებით, დიალოგი ყოველთვის სჯობს კონფრონტაციას და მით უმეტეს, ომს, ამიტომ დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში ბუდაპეშტში შეხვდებოდნენ, მანამდე კი გაიმართებოდა მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მონაწილეობით.

ამ კვირაში დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ ჯერ რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის შეხვედრის გადადებაზე, შემდეგ კი ტრამპისა და პუტინის სამიტისთვის მზადების შეჩერებაზე. 21 ოქტომბერს ტრამპმა მედიას დაუდასტურა, რომ პუტინთან შეხვედრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო.

უფრო ადრე, 19 ოქტომბერს გამოცემა The Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 16 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა ომის დასასრულებლად მოითხოვა უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის სრულად დათმობა. იმავე დღეს გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთს დონბასი დაუთმოს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს უარყო. 19 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მხარეები უნდა გაჩერდნენ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ამჟამად არიან.

22 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სამ წყაროზე, მათ შორის ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასული კვირის ბოლოს რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა არაოფიციალური დოკუმენტი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ისევ მოითხოვს უკრაინის მიერ დონბასის სრულად დათმობას და არაფერს ამბობს ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვის შესაძლებლობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა არ დაადასტურა, რომ რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა არაოფიციალური დოკუმენტები გაცვალეს.

უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ ტრამპის გეგმის მთავარი პუნქტი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა, რასაც მხარეთა მოლაპარაკებები უნდა მოჰყვეს. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ ცეცხლის შესაწყვეტად მზად არის. რუსეთი ამას არ ეთანხმება.

21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არა „პრობლემის არსის მოგვარება“ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „უკრაინის უზარმაზარი ნაწილი ნეონაცისტების ხელმძღვანელობის ქვეშ დარჩება“.

ბუდაპეშტში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა წელს რიგით მეორე უნდა ყოფილიყო. აგვისტოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში უმასპინძლა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ბოლო დრომდე თავს იკავებდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებისგან იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუშლიდა უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო პროცესს, 22 ოქტომბერს სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ რუსეთი სერიოზულად არ არის დაინტერესებული უკრაინაში ომის შეწყვეტით.

ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს ომის შეწყვეტაზე, სანქციები ამოქმედდა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც კრემლის სამხედრო მანქანას აფინანსებენ. ბესენტის თქმით, ფინანსთა სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რათა მხარი დაუჭიროს ომის შესაწყვეტად პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას.

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა მოკავშირეებს მოუწოდა, დაიცვან ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები.

22 ოქტომბერს ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ტრამპს თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, რატომ დაუწესეს „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ სანქციები სწორედ ახლა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დიდხანს იცდიდნენ და ამის დრო დადგა. ტრამპის განცხადებით, ამ მასშტაბურ სანქციებს ეფექტი ექნება და იმედია, ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG