რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ახალი ბირთვულძრავიანი იარაღი „ბურევესტნიკი“ და „პოსეიდონი“ მოულოდნელად არ გამოჩენილა, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, დღეს, 31 ოქტომბერს შოიგუმ მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ იარაღის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა ფედერალური კრებისადმი მიმართვისას.
შოიგუს სიტყვებით, „სხვა საქმეა, რომ შესაძლოა, ვიღაცამ მაშინ არ დაიჯერა, მაგრამ ახლა მოუწევთ, რომ დაიჯერონ“.
26 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ 21 ოქტომბერს წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის დანადგარით აღჭურვილი ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელმაც დაახლოებით 15 საათს იფრინა და ჯამში დაფარა 14 000 კილომეტრი.
პუტინმა განაცხადა, რომ „ბურევესტნიკი“ არის „უნიკალური ნაწარმი, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს“.
29 ოქტომბერს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის პაციენტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს გამოცადეს ბირთვულძრავიანი უპილოტო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი". პუტინმა გამოცდას „უზარმაზარი წარმატება" უწოდა.
ფედერალური კრებისადმი პუტინის 2018 წლის მიმართვის შემდეგ, რომელიც დღეს შოიგუმ გაიხსენა, ამერიკული მედია შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა ახალი ბირთვულძრავიანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ გამოცდა 2017 წლიდან დაიწყო, თუმცა წარუმატებლად.
2019 წლის აგვისტოში რუსეთში, სევეროდვინსკის მახლობლად მდებარე საცდელ პოლიგონზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მაშინ სწორედ ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ აფეთქდა.
ფორუმი