დე ფაქტო უწყების თანახმად, 30 ოქტომბერს Telegram-ის ერთ-ერთზე არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც „აფხაზეთის ყოფილმა მოქალაქემ და 2008 წელს დაბადებულმა ახრა ხასაიამ“ გადაიღო.
"ვიდეოში ხასაია განზრახ და დემონსტრაციულად უკიდებს ცეცხლს აფხაზეთის მოქალაქის პასპორტს და სჩადის ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შეურაცხყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საუბარია ტრანსგენდერ ქალზე, რომელიც ემას სახელით სოციალურ ქსელში პოსტებს ავრცელებს. პასპორტი მან TikTok-ის ლაივში დაწვა, ტელეგრამში კი განმარტა, რომ ის ამ მდგომარეობამდე "მიიყვანეს".
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ხასაიას დედასთან მაყვალა ბჟალავასთან "პროფილაქტიკური გასაუბრება" ჩაატარეს.
"უსაფრთხოების სამსახურის" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ქალი ამბობს, რომ მისი შვილი „ყოველთვის პრობლემური იყო და მისი მდგომარეობა მოზარდობის ასაკში გაუარესდა“. „მე ის საქართველოში ნათესავებთან წავიყვანე საცხოვრებლად“. მისი სიტყვებით მოზარდმა საქართველოს პასპორტი მიიღო და პარიზში გადავიდა საცხოვრებად, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი აღარ ჰქონია.
"ვერ შევძელი მისი ისე აღზრდა, როგორც საჭირო იყო, რისთვისაც, ჩემს ხალხს ბოდიშს ვუხდი", - ამბობს ბჟალავა გავრცელებულ ვიდეოში.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხასაიას ბრალი ედება "სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ოფიციალური დოკუმენტის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს და სისხლის სამართლის კოდექსის 334-ე მუხლით - სახელმწიფო გერბის შეურაცხყოფა".
ფორუმი