Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქმე აღძრეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ


ვლადიმერ ხუნდაძე
ვლადიმერ ხუნდაძე

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

გორის საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან", 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ბორის გოგიჩაიშვილი ჩვენებაში, რომელიც "ტვ პირველმა" მოიპოვა, ამბობს, რომ ფალსიფიცირებული სასმელები რუსული კომპანიის დაკვეთით ჩამოასხეს - პირველ ეტაპზე მის მიერ მოფიქრებული სახელით ("ბორკან") ნაწარმოები ვისკი რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შეისყიდა, თუმცა შემდეგ რეალიზაციის პრობლემებმა იჩინა თავი.

"ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.

ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ”, - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის თანახმად, |ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხორციელდებოდა ბორის გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. თუმცა მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ".

ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდების მხარე ხუნდაძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

16 სექტემბერს გორში სპეციალურ მოწყობილ ფართში სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო.

  • ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე 2019-2025 წლებში მუშაობდა.
  • მან სულ რაღაც ორი თვის წინ დატოვა თანამდებობა.


ვლადიმერ ხუნდაძის ძმა სხვა საქმეზეა დაკავებული

22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ დააკავეს კობა ხუნდაძე. ის ვლადიმერ ხუნდაძის ძმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარის ძმაა.

22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი. კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.

სუსმა მაშინ ჩხრეკა ჩაატარა გრიგოლ ლილუაშვილის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული არაერთი ადამიანის სახლებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG