ერთ-ერთი დაკავებულია ზურაბ მენთეშაშვილი. ის "ცისფერ გალერეასთან" დააკავეს.
მენთეშაშვილი აქციების აქტიური მონაწილეა. კანონმდებლობის მორიგ ჯერზე გამკაცრების შემდეგ, ის ერთხელ უკვე იყო დაკავებული.
ზურაბ მენთეშაშვილმა 29 ოქტომბერს დატოვა ფოთის იზოლატორი, სადაც ხუთი დღე დაყო.
კიდევ ერთი დაკავებული დემონსტრანტი არის გიორგი წიქარიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.
როგორც ჟურნალისტი, OC Media-ს თანადამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე წერს, დღევანდელ აქციაზე წიქარიშვილი სახის დაუფარავად გადავიდა გზის სავალ ნაწილზე:
„დაუდგა მანქანებს, პოლიციას. გააზრებული ჰქონდა, რომ დააკავებდნენ და სავარაუდოდ, პატიმრობაც მოუწევს. უნდა ჩავანაცვლოთ ერთმანეთიო, ახლა მე მიწევსო, მითხრა“, - წერს ჟურნალისტი.
„ბოლომდე! გავიმარჯვებთ მაინც! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ - ეს სიტყვები წარმოთქვა მან, როდესაც პოლიციელებმა წაიყვანეს. ის ჩასვეს არა „შკოდას“ მარკის საპოლიციო ავტომობილში, არამედ "ტოიოტა პრიუსში", რომელსაც პოლიციის მაიდენტიფიცირებელი რაიმე ნიშანი არ ჰქონია.
- წიქარიშვილი, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში მუშაობდა, საჯაროდ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის გაკეთების „გადადების“ თაობაზე;
- მას 2025 წელს სამინისტროში „რეორგანიზაცია“ შეეხო.
- რადიო თავისუფლებასთან საუბარში ივლისში ამბობდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ცხოვრების ზუსტად ნახევარი აქვს გატარებული;
- ასევე, მას კვლავ სჯერა, რომ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია.
მხოლოდ გასული კვირის სამ დღეში, შსს-მ ანტისამთავრობო პროტესტის 60 მონაწილე დააკავა.
განახლებული კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება სასჯელად, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
დაკავებები ამ კვირაშიც გრძელდება. პოლიციელები ყოველ საღამოს აკავებენ აქციის მონაწილეებს.
„დაპატიმრებების ტალღა და რეპრესიული კანონები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“, - დღეს, 31 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ განცხადებაში საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი წერს, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით.
ფორუმი