Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 დღეში პოლიციამ 29 დემონსტრანტი დააკავა „გზის უკანონოდ გადაკეტვის“ საფუძვლით


პოლიციელები დემონსტრანტებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. 22 ოქტომბრის ფოტო
პოლიციელები დემონსტრანტებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ. 22 ოქტომბრის ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს.

მათ შსს ედავება რუსთაველის გამზირის „უკანონოდ გადაკეტვას“ - რაც ორ კვირაზე მეტია, გამკაცრებულად ისჯება, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით, ჯარიმის გარეშე.

შსს წერს, რომ „აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას“ და „მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა“.

შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან“.

ეს განცხადება შსს-მ პირველ ნოემბერს გაავრცელა.

წინა საღამოს, 31 ოქტომბერს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-მა „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „რეპრესიების სერიოზული გაღრმავების“ გამო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარეობს პროტესტის „პოსტსაარჩევნო ჩახშობა“ - 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ.

Amensty ასევე საუბრობს 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც კრძალავს სახის დაფარვას, კარვების დადგმასა და გზების ბლოკირებას, რაც შეიძლება დასაჯოს 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში - ორ წლამდე პატიმრობით.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას და არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.

„მშვიდობიანი საპროტესტო აქტები (მათ შორის, როდესაც ეს გულისხმობს გზების გადაკეტვას, ნიღბების ტარებას ან დროებითი სტრუქტურების მოწყობას) არ უნდა დაისაჯოს სახლებში რეიდებით ან თავისუფლების აღკვეთით“, - წერს Amnesty.

პირველი ნოემბერი უწყვეტი აქციების 339-ე დღეა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG