Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NBC: ტრამპმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებას ეხება


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა თავის ადმინისტრაციაში მომზადებულ გეგმას, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ეხება. ტრამპის მხარდაჭერის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი იუწყება ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ამერიკული ტელეკომპანიის წყაროს თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები 28-პუნქტიან გეგმაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საიდუმლოდ მუშაობდნენ რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევსა და უკრაინის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციით.

NBC-ს წყაროს ცნობითვე, გეგმა, რომელზეც მუშაობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, მიმართულია იმისკენ, რომ მყარი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ორივე მხარეს ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თანახმად, გეგმა მოიცავს იმას, რაც უკრაინას სურს და სჭირდება მყარი მშვიდობის მისაღწევად. წყარომ გეგმის დეტალები არ დააკონკრეტა, რადგან, მისი ცნობით, ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან.

ინფორმაცია შეერთებული შტატების ახალი, 28-პუნქტიანი გეგმის შესახებ 18 ნოემბერს პირველმა გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა. მეორე დღეს ამ და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის Reuters-მა და Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გეგმის პუნქტებს შორისაა უკრაინის მიერ რუსეთისთვის დონბასის დათმობა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რომელთა ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ფრონტის ხაზის გაყინვა, უკრაინის არმიის რიცხოვნობის ორჯერ შემცირება, უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიისთვის ოფიციალური სტატუსის დაბრუნება.

Financial Times-ის წყაროთა ცნობით, გეგმა უკვე გაეგზავნა უკრაინულ მხარეს, რომლისთვისაც შეთავაზებული პირობები მიუღებელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვს ოფიციალური არხებით არ მიუღია არანაირი გეგმა, რომლის შესახებაც მედია წერს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG