Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ არ გავაკეთებთ მკვეთრ განცხადებებს" - ზელენსკი შეერთებული შტატების გეგმაზე


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 ნოემბერს კიევში შეხვდა აშშ-ის არმიის მდივანს, დენიელ დრისკოლს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 ნოემბერს კიევში შეხვდა აშშ-ის არმიის მდივანს, დენიელ დრისკოლს

უკრაინა მზად არის იმუშაოს ომის დასასრულებლად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე და მკვეთრ განცხადებებს არ გააკეთებს.

ეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 ნოემბერს, გვიან ღამით განაცხადა შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ. დელეგაციას პენტაგონის მაღალჩინოსანი, არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი ხელმძღვანელობდა.

20 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიიღეს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმა.

დასავლეთის მედიასაშუალებების მიერ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, გეგმა ითვალისწინებს უკრაინის მხრიდან სერიოზულ დათმობებს, მათ შორის დონბასზე უარის თქმას და შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის განახევრებას.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 20 ნოემბერს, გვიან ღამით სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ის დელეგაციასთან ძალიან სერიოზული საუბარი იყო. ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი ხედვები და წინადადებები - გეგმის პუნქტები ომის დასასრულებლად.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომის პირველივე დღეებიდან აქვთ ერთი მარტივი პოზიცია - უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი და ღირსეული მშვიდობა, რომლის პირობები იქნება უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და გამორიცხავს უკრაინაში რუსეთის მესამედ შეჭრას.

ზელენსკის ინფორმაციით, მან ამერიკულ დელეგაციას განუმარტა, რა არის უკრაინისთვის პრინციპული და შეთანხმდნენ, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე.

„ჩვენ არ გავაკეთებთ მკვეთრ განცხადებებს და განწყობილი ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობისთვის - უკრაინა, აშშ და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მსოფლიოში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ინფორმაციით, მუდმივი კავშირი აქვს ევროპელ ლიდერებთან და უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის იმედი აქვს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის ძალას და მხარდაჭერას მშვიდობის რეალურად მოახლოება შეუძლია, ამის დაკარგვა არ სურთ და ამასთან, ისიც იციან, რომ რუსეთში მშვიდობის რეალური სურვილი არ არსებობს. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ სანქციები გადაავადოს და ომისთვის დრო ისევ მოიგოს, ამერიკას კი შეუძლია გააკეთოს ისე, რომ ომის დასასრულებლად რუსეთის განწყობა სერიოზული გახდეს.

ზელენსკის თანახმად, ამისთვის მუშაობას გააგრძელებს და თავისი დროის ასი პროცენტი ახლა სწორედ ამას ეთმობა: „უკრაინას სჭირდება მშვიდობა და უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა მსოფლიოში ვერავინ თქვას, რომ თითქოს, დიპლომატიას ვშლით“.

გამოცემა Financial Times-ი უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს თავის გეგმაზე შეთანხმების მიღწევის „აგრესიული“ გრაფიკი აქვს.

ვაშინგტონი მოელის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი შეთანხმებას ხელს მოაწერს „მადლიერების დღემდე“, რომელსაც აშშ-ში 27 ნოემბერს აღნიშნავენ, რათა პროცესი დეკემბრის დასაწყისისთვის დასრულდეს.

გამოცემის თანახმად, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ გეგმის რამდენიმე პუნქტი კიევისთვის „წითელი ხაზია“ და შეერთებული შტატებისთვის შემხვედრ წინადადებებს ამზადებენ.

დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა მოამზადეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის ჩართულობით, უკრაინის მიერ დონბასზე უარის თქმის და არმიის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების შემცირების გარდა, ითვალისწინებს ფრონტის ხაზის გაყინვას რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.

როგორც Financial Times-ი წერს, უკრაინელები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც აღქმული იქნება კიევის კაპიტულაციად ან უფრო მომგებიანი მოსკოვისთვის იქნება.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა მედიისთვის 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკვე მხარდაჭერილია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩუმად მუშაობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.

ლივიტის თანახმად, გეგმაზე მუშაობისას კონტაქტები იყო რუსეთთანაც და უკრაინასთანაც და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ გეგმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ეს არის კარგი გეგმა ორივე მხარისთვის და მათთვის მისაღები უნდა იყოს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ ალასკაში პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ რაიმე ახალ წინადადებებს არ განიხილავენ და ამჟამად რუსეთს შეერთებულ შტატებთან კონსულტაციები არ აქვს. პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონტაქტები არსებობს, მაგრამ ეს არ არის პროცესი, რომელსაც შეიძლება კონსულტაცია ეწოდოს.

20 ნოემბერს უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ გამოაქვეყნა შეერთებული შტატების 28-პუნქტიანი გეგმის პროექტი, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, რომ ეს სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც ამერიკულმა მხარემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს გადასცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG