მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დღეს, 15 დეკემბერს დაადასტურა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკისგან მიიღო სარჩელი Euroclear Bank-ის წინააღმდეგ და მისგან 18,1 ტრილიონ რუბლს ითხოვს. ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო და სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 12 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ბელგიურ დეპოზიტარ Euroclear-ს. სწორედ იქ ინახება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ გაყინული, 185 მილიარდი ევროს რუსული აქტივები. ევროკომისიის გეგმით, გაყინულ აქტივებს რუსეთს დაუბრუნებენ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინას აუნაზღაურებს ომით მიყენებულ ზიანს.
ევროკომისია განიხილავს რუსული აქტივების გამოყენებით, „რეპარაციის კრედიტის" სახით უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევასაც.
12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მხარი დაუჭირეს ევროპაში არსებული რუსული აქტივების უვადოდ გაყინვას.
იმავე დღეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმის განხილვისა და Euroclear-ის „უკანონო ქმედებებით“ გამოწვეული ზიანის გამო დეპოზიტარს უჩივლებს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში და ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის თანახმად, Euroclear-ის მოქმედებების გამო საკუთარ ფულად სახსრებს და ფასიან ქაღალდებს ვეღარ განკარგავს.
გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ეწინააღმდეგება ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, პირველ ყოვლისა, ბელგია, სადაც Euroclear-ი მდებარეობს.
ბელგიის მთავრობამ არაერთხელ მოითხოვა, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედებებით გამოწვეულ რისკებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის ყველა წევრმა გაინაწილოს.
„რეპარაციის კრედიტის" საკითხი განიხილება ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 18-19 დეკემბერს გაიმართება.
ფორუმი