Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში გერმანია უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის იზრუნებს


გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ესალმება სტუმარს, ვოლოდიმირ ზელენსკის. 14 დეკემბერი. ბერლინი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ესალმება სტუმარს, ვოლოდიმირ ზელენსკის. 14 დეკემბერი. ბერლინი

გერმანია გააძლიერებს უკრაინის თავდაცვისადმი ერთგულებას ერთობლივი საწარმოების შექმნის, ბაზრის შემდგომი ინტეგრაციისა და ფედერალური საინვესტიციო გარანტიების მიცემის გზით 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც 15 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს გააცნეს საზოგადოებას.

გერმანიის დედაქალაქში 15 დეკემბერს გაგრძელდა აშშ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკება.

ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელებმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მიანიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს, დიპლომატიური გზებით დააჩქაროს უკრაინაში თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულება.

„უკრაინის ძლიერი თავდაცვითი ინდუსტრია გადამწყვეტია რუსეთისგან თავდაცვისთვის და წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვან ელემენტს რუსეთის მომავალი აგრესიის შესაკავებლად“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ბერლინში ზელენსკის ვიზიტის დროს, 15 დეკემბერს გავრცელდა, როგორც აშშ-ის წარმომადგენლებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.

განცხადების თანახმად, ორივე ქვეყანა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს თავდაცვის სფეროში - მეცნიერების, ერთობლივი საწარმოების შექმნის და შესყიდვების სახით და გერმანია, ევროპაში უკრაინის უდიდესი მხარდამჭერი, განიხილავს ფედერალური საინვესტიციო გარანტიების გამოყენებას.

ასევე თემაა თავდაცვის უკრაინული წარმოების აღჭურვილობის ერთობლივი შესყიდვა ნატოს საჰაერო სივრცის დასაცავად ევროპული ცის ფარის ინიციატივის ფარგლებში. საქმე ეხება, კერძოდ, დრონების გადამტაც საშუალებებს.

გეგმის თანახმად, ორივე თავდაცვის სამინისტრო ასევე გამართავს რეგულარულ მაღალი დონის კონსულტაციებს და ბერლინში შეიქმნება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის სამეკავშირეო ოფისი, უკრაინის თავისუფლების სახლი, მრეწველობის სფეროში კავშირების გასაძლიერებლად.

განცხადების თანახმად, გერმანია ასევე გააძლიერებს თავისი სამხედრო ატაშეების ყოფნას კიევში და გააფართოებს ექსპერტების გაცვლას.

გერმანია და უკრაინა ასევე მიიღებენ ყოვლისმომცველ ზომებს კორუფციის თავიდან ასაცილებლად, ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც აღიარებენ დასავლეთის შეშფოთებას ომის პერიოდში უკრაინაში ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალით, რამაც გამოიწვია ორი მინისტრის და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის გადადგომა.

14 დეკემბერს ბერლინში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის, ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელ X-ში უიტკოფის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ღრმა დისკუსია ჰქონდათ 20-პუნქტიან გეგმაზე, ეკონომიკურ საკითხებსა და ბევრ სხვა თემაზე და მიღწეულია „დიდი პროგრესი“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG