Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალუგინი: საქართველომ უარყო „მეორე ფრონტის“ გახსნის უგუნური სცენარი


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოსკოვი სერიოზულადაა განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის იმ პირობით, რომ ის არ იქცევა „გარიგების საგნად“ რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში, განუცხადა „რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა.

დიპლომატის თქმით, მოსკოვი „თბილისთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ მიისწრაფვის.

„თბილისი საგარეო საქმეებში ჯანსაღ პრაგმატიზმს და მრავალვექტორულობას ავლენს“, - დასძინა კალუგინმა.

კერძოდ, მისი თქმით, საქართველო „არ შეუერთდა სანქციების ანტირუსულ კოალიციას და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან თავს ახვევდნენ“.

„ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკაში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომლებსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, - ამბობს რუსი დიპლომატი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე განაცხადა, რუსეთი ხშირად აქებდა საქართველოს ხელისუფლებას „დესტრუქციული გავლენისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის“ და ბრიუსელს თბილისზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები თბილისს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდებდნენ. როგორც წესი, კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებენ და შემოიფარგლებიან მხოლოდ განმარტებით, რომ საუბარი იყო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებისადმი შეერთებაზე, რაც, ხელისუფლების აზრით, გარდაუვალად გამოიწვევდა სამხედრო დაპირისპირებას და „საქართველოს ომში ჩართვას“. დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები კატეგორიულად უარყოფენ რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოწოდებებს.

მანამდე, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის ფორუმს დაესწრნენ. რუსეთისა და საქართველოს ლიდერებისთვის, რომელთა ქვეყნებსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, ეს ბოლო წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ღონისძიებაზე პირველი ერთობლივი გამოჩენა იყო. მათ „ოჯახური“ ფოტო გადაიღეს და ერთმანეთის გამოსვლებს მოუსმინეს, რასაც თბილისში კრიტიკა მოჰყვა.

საქართველომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და დეოკუპაციამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG