Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობიანი პროტესტი, მათ შორის გზის გადაკეტვა და ნიღბები, არ უნდა დაისაჯოს რეიდებით ან პატიმრობით - Amnesty „პოსტსაარჩევნო ჩახშობაზე“


Amnesty International-ი ეხმაურება საქართველოში 4 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რასაც „პოსტსაარჩევნო ჩახშობას“ უწოდებს.
Amnesty International-ი ეხმაურება საქართველოში 4 ოქტომბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რასაც „პოსტსაარჩევნო ჩახშობას“ უწოდებს.

„დაპატიმრებების ტალღა და რეპრესიული კანონები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“ - საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი „ღრმად შეშფოთებულია“ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით.

ორგანიზაცია „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „რეპრესიების სერიოზული გაღრმავების“ გამო, - რაც მოიცავს მასობრივ დაკავებებს, ძალადობრივ ოპერაციებს დემონსტრანტთა სახლებში და ახალ, მკაცრ კანონებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარეობს პროტესტის „პოსტსაარჩევნო ჩახშობა“ - 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ.

4 ოქტომბერთან დაკავშირებით კი ორგანიზაცია წერს, რომ „ათიათასობით ადამიანი თბილისში მშვიდობიანად გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად“, თუმცა „აქცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც მონაწილეთა მცირე ჯგუფმა სცადა პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა“.

შემდეგ აღწერილია პოლიციის მიერ ცრემლმდენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენება, რა დროსაც დაშავდა „მინიმუმ ექვსი დემონსტრანტი და 35 პოლიციელი“.

„4 ოქტომბრის საპროტესტო აქციების შემდეგ, შეიარაღებულმა სპეცრაზმმა რეიდები ჩაატარა რამდენიმე ქალაქში, რის შედეგადაც 60-ზე მეტი მომიტინგე დააკავა, ბევრი მათგანი საკუთარ სახლებში“, - წერს Amensty.

უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად:

  • ეს პროცესები „ანტიტერორისტული რეიდების მსგავს ოპერაციებს წააგავდა“;
  • 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციები დემონსტრანტთა დასაკავებლად ჩატარდა ძალის გადამეტებით და ატარებდა დაშინების ეფექტს, - განსაკუთრებით ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით;
  • ორგანიზაცია ჩამოთვლის მარიამ მეყანწიშვილის, დავით ღურწკაიას, სიმონ მახარაძის დაკავების ოპერაციებს;
  • მეყანწიშვილის 6 წლის შვილი დედის სპეცრაზმის მიერ დაკავებას შეესწრო; ღურწკაია 3 წლის შვილის თვალწინ დააკავეს დილის 6 საათზე, მახარაძის დაკავებისას კი ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მის 4 წლის შვილს თავზე იარაღი მიაბჯინა.

Amensty ასევე საუბრობს 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც კრძალავს სახის დაფარვას, კარვების დადგმასა და გზების ბლოკირებას, რაც შეიძლება დასაჯოს 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში - ორ წლამდე პატიმრობით.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას და არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.

შეშფოთების საფუძველია ასევე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი სამი ოპოზიციური პარტიის: „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ასაკრძალად.

Amnesty International-ი აცხადებს:

  • „საქართველოში დაპატიმრებების ეს ტალღა, სათანადო სასამართლო დაცვის არარსებობის პირობებში, ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აშკარად მიზნად ისახავს პროტესტის უფლების შემაფერხებელი ეფექტის შექმნას - უფლებისა, რომელიც დაცულია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით“;
  • „მშვიდობიანი საპროტესტო აქტები (მათ შორის, როდესაც ეს გულისხმობს გზების გადაკეტვას, ნიღბების ტარებას ან დროებითი სტრუქტურების მოწყობას) არ უნდა დაისაჯოს სახლებში რეიდებით ან თავისუფლების აღკვეთით“;
  • „კანონები, რომლებიც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების განხორციელებას კრიმინალიზაციას უწევს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ასევე მის ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და უნდა გაუქმდეს. ამ ზომების კუმულაციური ეფექტი პროტესტის უფლების სისტემატურ ეროზიას და სამოქალაქო მონაწილეობის სივრცის დახურვას წარმოადგენს“.

გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, აქციები გრძელდება. დემონსტრანტები გარკვეული დროით მაინც კეტავენ რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობას.

გრძელდება აქციის მონაწილეთა ყოველდღიური დაკავებები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG