ირანის ხელისუფლების მაღალი რანგის ორ მოხელეს ნავთობის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მკვლელობა მოხდა ისლამური რევოლუციის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე - 1979 წელს შაჰი დაამხვეს და ქვეყნის ხელისუფლებაში ამჟამინდელი სასულიერო მმართველები მოვიდნენ.
ირანის ნავთობის კომპანიის მაღალი რანგის თანამშრომელი მალექ ბორუჯერდი შეიარაღებულმა პირებმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, აჰვაზში 1978 წლის დეკემბერში მოკლეს. დამნაშავეების ვინაობა დღემდე არაა ცნობილი.
ბორუჯერდის ვაჟმა, მეჰრზადმა - აშშ-ში მოღვაწე მკვლევარმა - მკვლელობის განხორციელებაში ირანის უზენაესი ლიდერის უფროსი მრჩეველი ალი შამხანი და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) ყოფილი მეთაური მოჰსენ რეზაი დაადანაშაულა.
ბორუჯერდი ამტკიცებს, რომ მამამისის მკვლელობა დაგეგმა ფარულმა ისლამისტურმა ჯგუფმა სახელწოდებით „მანსურუნი“, რომელსაც შამხანი და რეზაი ეკუთვნოდნენ. ნავთობკომპანიის ამერიკელი აღმასრულებელი დირექტორი პოლ გრიმი იმავე დღეს ცალკე თავდასხმის დროს მოკლეს აჰვაზში.
მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორს - ბორუჯერდის - თავისი ბრალდებების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რადიო თავისუფლება, რომელიც ოფიციალურად აკრძალულია ირანში, შამხანის და რეზაის ოფისებს დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
ბორუჯერდის ბრალდებები გაისმა სკანდალური ინფორმაციის ფონზე, რომ შამხანიმ 2024 წელს თეირანის სასტუმროში თავის ქალიშვილს მდიდრული ქორწილი გადაუხადა და ასევე ძველი განცხადების გამო, რომელშიც ალი ხამენეის მრჩეველი გამოთქვამს სინანულს, რომ ირანმა 1990-იან წლებში ბირთვული იარაღის შექმნაზე არ იმუშავა.
1978 წლის მკვლელობები
ბორუჯერდიმ, რომელმაც განაცხადა, რომ ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, ვინ მოკლა მამამისი, პირველად შამხანისა და რეზაის წინააღმდეგ ბრალდებები 21 ოქტომბერს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქვა.
რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან, რადიო ფარდასთან, ინტერვიუში მან თქვა: „ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, რა გააკეთეს და როგორ ავიდნენ [პოლიტიკურ] კიბეზე“.
1978 წლის მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ნავთობის მუშები შაჰის ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ გაიფიცნენ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეროვნული ნავთობკომპანიის დირექტორი, ბორუჯერდი, ეწინააღმდეგებოდა გაფიცვებს, რომლებიც მონარქის დამხობის დაჩქარებას უწყობდა ხელს.
მოკლული მენეჯერის ვაჟი ამბობს, რომ ამან მამამისი შაჰის დამხობისთვის მოქმედი ისლამისტების სამიზნედ აქცია.
მისი თქმით, "მანსურუნმა" „მეჩეთებში გამოაკრა 10-მდე ადამიანის სია, რომელშიც მამაჩემი გაფიცვების იმ მოწინააღმდეგეებს შორის იყო დასახელებული, რომლებიც უნდა განადგურებულიყვნენ“.
„ეს ერთი პირის ნამოქმედარი არ იყო, - ამბობს ბორუჯერდი. - ტერორისტულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ორ ადამიანს დავალება მისცა. მეზობლებმა ის ორი თავდამსხმელი დაინახეს. ისინი საავადმყოფოშიც კი მივიდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ საქმე შესრულებული იყო”.
ბორუჯერდი ამტკიცებს, რომ მამამისი მოკლეს შამხანიმ და რეზაიმ. მისი თქმით, მკვლელობისას გამოყენებული იარაღი მოჰამედ ჯაჰანარამ მიაწოდა.
ჯაჰანარა, მაშინ "მანსურუნის" წევრი, მოგვიანებით IRGC-ის მეთაური გახდა და 1980-იან წლებში ირან-ერაყის ომის დროს დაიღუპა.
ბორუჯერდი აჰვაზში ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ტექნიკურ სკოლაში ასწავლიდა. რეზაი იმ დროს ამ სკოლაში სწავლობდა, თუმცა უცნობია, შამხანი და ჯაჰანარაც იყვნენ თუ არა იქ ჩარიცხულები.
დასახელებული პირები
შამხანი, რომელიც აჰვაზში დაიბადა, 1970-იან წლებში ირანის იატაკქვეშა ისლამისტური მოძრაობების ორგანიზატორი იყო. შემდეგ ის მეთაურობდა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) საზღვაო სფეროს, სანამ თავდაცვის მინისტრად და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად, ანუ უზენაესი მმართველის მრჩევლად დანიშნავდნენ.
რეზაი ჯერ IRGC-ის დაზვერვის უფროსი გახდა, შემდეგ კი მეთაური, სანამ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს დაიკავებდა.
ბორუჯერდი ახლა აცხადებს, რომ დიდი ხანია ეჭვობს, რომ შამხანი და რეზაი მამამისის მკვლელობის უკან იდგნენ. თუმცა ახლა ჩათვალა, რომ დროა, ეს ბრალდებები საჯაროდ გამოაცხადოს.
„ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები და რა ჩაიდინეს, - თქვა ბორუჯერდიმ. - ამიტომაც ვლაპარაკობ ახლა.”