საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება რუსეთიდან მომდინარე მზარდი კიბერსაფრთხე. აშშ-ის სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ინტერნეტკომპანიის სახელით დარეგისტრირებული "ტროლების ფაბრიკის" 13 თანამშრომელი სოციალურ ქსელებში ქმნიდნენ ყალბ ექაუნტებს, ყიდულობდნენ რეკლამებს და ავრცელებდნენ ადგილობრივ მედიაში ცნობებს თავიანთ მიერვე ორგანიზებული აქციების თაობაზე. აშშ-ის საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ მიმართული ეს საქმიანობა 2014-2015 წლებს მოიცავდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რუსეთის კიბეროპერაცია, შესაძლოა, მსოფლიოს სხვა წერტილში ამჟამადაც გრძელდებოდეს. მოელიან, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი "ტროლების არმია" საქართველოში 2018 წლის შემოდგომაზე დანიშნულ არჩევნებშიც შეეცდება ჩარევას.