Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 კინომარგალიტი "შენიღბული" საქართველოსთვის


"მე იმ 10 ფილმს ვიხსენებ, რომლებშიც ყველაზე ორიგინალურად გათამაშდა ნიღბის სახე. საზაფხულოდ, შვებულების დღეებში ათივე ეს ფილმი სიამოვნებას მოგანიჭებთ..."
"მე იმ 10 ფილმს ვიხსენებ, რომლებშიც ყველაზე ორიგინალურად გათამაშდა ნიღბის სახე. საზაფხულოდ, შვებულების დღეებში ათივე ეს ფილმი სიამოვნებას მოგანიჭებთ..."

კოვიდის პანდემიამ ერთი სიმბოლო დაგვიტოვა - სამედიცინო ნიღაბი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, უმალვე გაითავისა ბაზარმა;  ცნობილმა ბრენდებმა პირბადეების კერვა დაიწყეს და ამ ბიზნესმა ვიღაცები კიდევ უფრო გაამდიდრა.

პანდემიამ ჩაიარა. მაგრამ დაგვრჩა უამრავი გამოუყენებელი ნიღაბი, სუვენირის სახით რომ ვინახავდით. კი, რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით ისევ იყენებენ სამედიცინო ნიღბებს საჯარო სივრცეში, მაგრამ მათი საქციელი, როგორც წესი, უკვე „ეგზოტიკად“ აღიქმება. მორჩა კოვიდი. გადავაგდეთ ეს საძაგელი ნიღბები და გავუხსენით ერთმანეთს სახეები.

მაგრამ ბევრ ხალხში „გახსნილი სახით“ ყოფნის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ გაგრძელებულა აქტივისტებისთვის, რომლებმაც უმალვე მოირგეს ნიღბები როგორც კი საპროტესტო აქციებზე ხალხის დაპატიმრება დაიწყო. „ქართული ოცნებისთვის“ საკმაოდ რთული აღმოჩნდა აემოქმედებინა კანონი, რომელიც საჯარო შეკრებების მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს. აბა ვინ განსაზღვრავს ზუსტად რით იფარავს პროტესტის მონაწილე სახეს... ნიღაბია ეს თუ სამკაული? ან იქნებ კოვიდმა მიაჩვია - ვირუსების ეშინია?

ნიღაბი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ნაწილი გახდა არა მარტო საპროტესტო მარშებსა და აქციებზე. ნიღაბი შემოიჭრა იმ ადამიანების ყოფაშიც, რომლებიც სახლში სხედან და ტელევიზორს უყურებენ... თანაც უყურებენ სწორედ იმ სატელევიზიო არხს, ჩვენი შენიღბული პროტესტანტები, რბილად რომ ვთქვათ, გულზე რომ არ ეხატება.

„იმედის“ შოუ „ვინ ვინ არის“, „ტრიუმფალური შოუ“ (როგორც ახასიათებენ გადაცემას მისი ავტორები) უკვე მეხუთე სეზონისთვის ემზადება. ეტყობა ჯერ არ დაილია ცნობადი სახეები, რომლებსაც მომავალში კენგურუს, მედუზის თუ ბაობაბის ნიღბით ვიხილავთ... თანაც ამ შოუმ ხომ ყველაფერი გადმოატრიალა - პოპულარული სახეები, რომლებიც, როგორც წესი, უსაზღვრო ნეტარებას განიცდიან, როცა მათ ცნობენ, აქ ვალდებულები არიან დამალონ თავიანთი თავი, კენგურუდ, მედუზად თუ ბაობაბად იქცნენ... ვინ შეძლებს ამას უკეთესად? ის, ვისაც გავლილი აქვს უკვე სახის დამალვის პრაქტიკა. ბოლო დროს ხომ ცნობად სახეებსაც უჭირთ საჯარო სივრცეში გადაადგილება. კანონები კი გაამკაცრეს, მაგრამ ქუჩები მაინც სავსეა ახალგაზრდებით, რომლებმაც ამ „ცნობად სახეს“ შეიძლება რამე მიაძახონ... მაგალითად, „რუსი“...

მოკლედ, ნიღაბი ისევ რჩება ჩვენი ცხოვრების მთავარ სიმბოლოდ. „იქითაც“ და „აქეთაც“... ამიტომ დარწმუნებული ვარ, სულ მალე რომელიმე კარგ ფილმშიც ვიხილავთ, როგორც 2025 წლის საქართველოს იერსახეს.

ერთი შეხედვით პირბადე არაა კარგი დეტალი კინოსთვის, რადგანაც ფარავს კინოხელოვნების მთავარ სიმდიდრეს, ადამიანის სახეს. მაგრამ კინემატოგრაფისტებს რას გაუგებ? შეიძლება სწორედ ამიტომაც აინტერესებთ ნიღაბი, რომ მისი მოხსნა უძლიერეს „სასპენსს“ ქმნის. „მოიხსენი ნიღაბი ფანტომას!“ - უყვიროდა კომისარი ჟიუვი ჟან მარეს ფანდორს, ლოყაზე ექაჩებოდა და კინოდარბაზი ექსტაზში ვარდებოდა, მაყურებელი ფეხებს აბაკუნებდა.

ჩემს ათეულს როცა გადახედავთ, დარწმუნებული ვარ, ყველას დაგრჩებათ უკმარისობის განცდა. „ბეტმენი“ სადაა?“ - იტყვის ვიღაც, „სხვათა შორის ბერგმანის „პერსონაც“ ნიღბების თამაშია“ - დამემდურება ინტელექტუალი. მაგრამ შევთანხმდეთ, რომ სია უსასრულოა და თქვენ თავად შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე იმ 10 ფილმს ვიხსენებ, რომლებშიც ყველაზე ორიგინალურად გათამაშდა ნიღბის სახე. საზაფხულოდ, შვებულების დღეებში ათივე ეს ფილმი სიამოვნებას მოგანიჭებთ, გაგაგრილებთ, მაგრამ დაგაფიქრებთ კიდეც - რისთვის და როდის ვიმაგრებთ სახეზე ნიღაბს? რამდენად საშიშია დღეს უნიღბოდ ცხოვრება და რაც მთავარია, რატომ აიჩემა ნიღაბი 2025 წლის საქართველომ. „იქითაც“ და „აქეთაც“?

დავიწყოთ ბოლოდან:

10. „ზოროს ნიშანი“ (1940, აშშ, რეჟისორი რუბენ მამულიანი)

თბილისში დაბადებული და გაზრდილი რეჟისორი რუბენ მამულიანი ამერიკული კინოს კლასიკოსია, ხოლო „ზორო“ შეტანილია კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნულ რეესტრში, როგორც ფილმი, რომელსაც „კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს“. დააკვირდით პრემიერის თარიღს - მეორე მსოფლიო ომი დაწყებულია, თუმცა შეერთებული შტატები ომში ისევ არ ერთვება. ჰოლივუდიც ფრთხილობს და ნაციზმის მხილებას მაქსიმალურად ერიდება. ასეთ დროს მწერალ ჯონსტონ მაკკულის პერსონაჟის, ზოროს გაცოცხლება რუბენ მამულიანის სამოქალაქო პოზიციას გამოხატავს და ერთგვარი მინიშნებაცაა ამერიკელი მაყურებლისთვის, რომ ტირანიის დამარცხება შესაძლებელია სამართლიანი წინააღმდეგობით. მოგვიანებით, როცა ზორო კიდევ რამდენჯერმე დაუბრუნდება კინოეკრანს, არაერთხელ აღნიშნავენ რომ რუბენ მამულიანმა „გადაარჩინა“ ზოროს მითოლოგია და მისთვის დამახასიათებელი ვირტუოზული რეჟისურით წარმოგვიდგინა სუპერგმირის კლასიკური ფუნქცია - ზორო, ბეტმენი, სპაიდერმენი სახეებს კი არ მალავენ, არამედ ნიღბით იცავენ, რადგანაც სუპერგმირს არ შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივი სახე - ის სხვანაირია, ამიტომ მისი სახე შენიღბვას საჭიროებს.

9. "ნიღაბი" (1994, აშშ, რეჟისორი ჩაკ რასელი)

ჩაკ რასელი უფრო რეჟისორ-შემსრულებელია, რომელიც ფრიადზე აცოცხლებს კომიქსს კინოში, ჯიმ კერი კი, ალბათ, უფრო კარგი შოუმენია, ვიდრე დიდი კინომსახიობი. მიუხედავად ამისა ეს „ფსიქოანალიტიკური კომედია“ ნიღბის სახის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ინტერპრეტაციაა - წარმოდგენილი, როგორც ბურლესკი, კარიკატურა. ყველაფერი, რაც ნამდვილი სახით შეუძლებელია, სრულიად შესაძლებელი ხდება ნიღაბში... და თუკი ბანკის „ნაცრისფერი“, მორცხვი თანამშრომელი სოციალური ნორმებისგან თავისუფლდება როგორც კი ამ ჯადოსნურ ნიღაბს მოირგებს (და ეს თავისუფლება დააფრთხობს კიდეც), ე.ი. ნიღბები ერთმანეთისგან ყოფს ორ რეალობას, მიუღებელი და დამალული სურვილების ერთობლიობას და მოჩვენებით წესიერებას. მაგრამ ვინ თქვა, რომ სწორედ პირველია შენიღბული და მეორე ისეთია როგორიც ჩანს? იქნებ ყველაფერი პირიქითაა?


8. „ფანტომასი“ (1964, საფრანგეთი, რეჟისორი ანდრე იუნებელი)

„ფანტომასი“ რომ გაახმოვანეს და საბჭოთა კინოთეატრებში გამოუშვეს ბავშვი ვიყავი, მაგრამ როგორც ახლა ვხვდები, კინორეცენზიების კითხვა მაშინაც მიტაცებდა. იმხანად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოსცემდა გაზეთს, რომელსაც „მებრძოლი გუშაგი“ ერქვა. სწორედ „მილიციელების გაზეთში“ დაიბეჭდა კოლექტიური წერილი მშობლებისა, რომლებიც იუნებელის ფილმის აკრძალვას მოითხოვდნენ. აღმოჩნდა, რომ თბილისის ერთ უბანში 10 წლის ბიჭმა თავის უფროს დას ძილში თმა შეაჭრა, მერე კი საწოლზე ქაღალდის ნაგლეჯი მიუმაგრა წარწერით „FANTOMAS“... მაგრამ ამ ფილმს ვინ აკრძალავდა? 10 წლის გეგმა შეასრულებინა საბჭოთა კინოთეატრებს. შემთხვევითი არაა, რომ ჯერ კიდევ 1913 წელს გადაღებული „ფანტომასის“ ამ რიმეიკმა ყველაზე ძალიან წესრიგის დამცველები გააბრაზა. არა იმიტომ, ცხადია, რომ „ფანტომასში“ მთელი პოლიციური სისტემაა გაშარჟებული (თავისი კომისარი ჟიუვით)... ანონიმური, უსახო ძალაუფლება, ბოლოს დროს „დიპ სტეიტს“ რომ უწოდებს ზოგიერთი, ყველაზე ძნელი დასამარცხებელია. ფანტომასი ხშირად იყენებს სხვადასხვა ნიღაბს, რომ სხვებად გადაიქცეს. აქ ნიღაბი იგივეა, რაც იდენტობის ფაბრიკაცია, მოტყუების იარაღი… არა მხოლოდ სახის დამალვა, რამდენადაც სახის გაუქმება და გადაქცევა უკონტროლო ძალად. სულ მიკვირს, რომ იმავე “ნეტფლიქსმა” ამდენი ხანი ვერ მოიფიქრა ახალი რიმეიკი ფანტომასის თემაზე. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ რომელიმე თანამედროვე რეჟისორი გაიმეორებს იუნებელის წარმატებას. “ჰორორი” - კი ბატონო, გამოვა. შეშინებაზე ადვილი რა არის დღეს კინოში? აი, იუმორი კი, ბოდიში. საეჭვოა ჰოლივუდში შეძლონ ასე კარგად დასცინონ უსახო ბოროტებას და ყველანაირ მაიმუნობას “დიპ სტეიტის” თემაზე.

7. „კრავთა დუმილი“ (1991. აშშ, ჯონათან დემე)

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უკომპრომისო ტრილერი კინოს ისტორიაში. ბერლინის ფესტივალზე, სადაც ჯონატან დემი დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის (თუმცა რეჟისორის გარდა „ბერლინალეს“ ყველა პრიზი ეკუთვნოდათ მსახიობებს ჯოდი ფოსტერსა და ენტონი ჰოპკინსს), პრესკონფერენციაზე ვიღაცამ თქვა ეს კინო არაა, ეს ფსიქოანალიზის სახელმძღვანელოაო. ნიღაბი აქ ერთდროულად ორი მნიშვნელობითაა წარმოდგენილი - როგორც თვითგამორკვევის და ამავე დროს, როგორც თვითგანადგურების საშუალება, როგორც ადამიანის „ორმაგი“ ბუნების სიმბოლო. თუკი ვამტკიცებთ, რომ ნიღაბი ერთ-ერთი ყველაზე მეტად აჩემებული სახეა კინოს ისტორიაში, სანიმუშოდ შეგვიძლია სწორედ „კრავთა დუმილი“ გავიხსენოთ - მხოლოდ კინოშია შესაძლებელი ადამიანის ცოცხალი სახის და, შესაბამისად, მისი „მზერის მოძრაობის“ აღბეჭდვა... რაც მთავარია, მხოლოდ კინოშია შესაძლებელი ახლოდან გადაღებულ სახეზე ხანგრძლივი დაკვირვებით დავინახოთ, როგორ ინიღბება პერსონაჟი თავისი ნამდვილი ბუნების გადამალვის მიზნით. ჯონათან დემე შემთხვევით არ მიმართავს ასე ხშირად თავისი გმირების ძალიან ახლო ხედებს, კამერა უფრო იმითაა დაკავებული, რომ „თვალებში ჩახედოს“ ფილმის პერსონაჟებს, რათა ნიღბის ფსიქოლოგიური ეფექტი მაქსიმალურად გამოხატოს. ამას ემატება შუქ-ჩრდილით თამაში და სარკისებური კადრები, რომლებიც ფილმის შესანიშნავ საუნდტრეკთან ერთად, ნამდვილ ჯოჯოხეთს ატრიალებს ეკრანზე.

6. „ადამიანი სპილო“ (1980, აშშ, რეჟისორი დევიდ ლინჩი)

კინოს ისტორიაში დევიდ ლინჩი უფრო სხვა ფილმებითაა პოპულარული, თუმცა პირადად მე საუკეთესოდ მისი ეს ადრეული ნამუშევარი მიმაჩნია. არსებითად დევიდ ლინჩის მთელი შემოქმედება ხომ ნიღაბია, ერთგვარი დაშორებაა რეალობისგან, რაც მისი კინოს სიზმრისეულ ატმოსფეროს განსაზღვრავს ხოლმე. „ადამიან სპილოში“ ამას ემატება შავ-თეთრი გამოსახულება, რომელიც ფილმში ასახულ ვიქტორიანული ინგლისის ეპოქას უხმო კინოს „ფაქტურას“ ანიჭებს და აძლიერებს „შავი იუმორით“ გაჯერებულ დისტანციას (პროდიუსერებს შორის მელ ბრუკსს ვხედავთ) მაყურებელსა და ეკრანს შორის. „ადამიანი სპილო“ ურჩხულებსა და „გონჯებზე“ (ტოდ ბრაუნინგის ამავე სახელწოდების ფილმის ჩათვლით) გადაღებული ამერიკული ფილმების ალტერნატივაა. „ფრანკენშტეინებსა“ და „გორილებში“ მაყურებელს უნდა შეებრალებინა მახინჯი და განსხვავებული. „ადამიან სპილოში“ მაყურებლის გრძნობებზე თამაში უარყოფილია. მონსტრი აქ უფრო სოციალური კონსტრუქციაა, სანახაობაა, ცირკის ექსპონატია, ნიღაბი კი სოციალური სტიგმა, რომლის მოშორება სარისკოა ადამიანისთვის. ფილმის ფინალში ადამიანი სპილო (სხვათა შორის, ისტორიული გმირი) ცდილობს დაიძინოს ისე, როგორც იძინებენ „ნორმალური ადამიანები“, მაგრამ ბიოლოგიური ნიღბისგან განთავისუფლება სიცოცხლესაც ამთავრებს.


5. „V ნიშნავს ვენდეტას“ (2005, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი ჯეიმს მაკტიგი)

ავსტრალიელმა რეჟისორმა ჯეიმს მაკტიგმა ყველას დაასწრო და გაი ფოქსის ნიღაბი პირველმა გადმოიტანა კომიქსებიდან კინოში. იმხანად ეს ნიღაბი უკვე გადაქცეული იყო საპროტესტო მოძრაობების სიმბოლოდ, ამიტომ მოგვიანებით გადაღებული „ჯოკერისა“ არ იყოს, მაკტიგის ფილმი საყვარელი სიმღერის კარგად შესრულებულ ქავერს უფრო მოგვაგონებს. სხვა საქმეა რომ, თუკი ნიღბებს ვიხსენებთ, „V ნიშნავს ვენდეტას“ დავიწყება უსამართლობა იქნებოდა. უბრალოდ, არ უნდა გამოგვრჩეს სხვა ხალხიც - კომიქსის ავტორი ალან მური (თავად დისტანცირდა ფილმისგან), სცენარის ავტორები, დები ვაჩოვსკები, ნიღბის დიზაინის ავტორი დევიდ ლოიდი და ცხადია, თავად გაი ფოქსი, ინგლისელი დიდგვაროვანი კათოლიკე, დღევანდელი ანარქისტების და ჰაკერების კერპი - მოსასხამით, კონუსური ქუდითა და პაპიე-მაშეს ნიღბით, რომელსაც აქ მნიშვნელობა შეეცვალა - ნიღაბი, რომელიც ფარავს სახეს მუდმივად გვახსენებს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა არაა ერთი ინდივიდის, ერთი პიროვნების საქმე... უსამართლობის დამარცხება შესაძლებელი ხდება სამოქალაქო ერთიანობით, როცა პიროვნული ამბიციები ადგილს უთმობს „მრავალთა ერთიანობას“ და, რაც მთავარია იდეებს, რომლებიც პიროვნებისგან განსხვავებით მარადიულია. თუნდაც ტოდ ფილიპსის „ჯოკერისგან“ განსხვავებით, „V ნიშნავს ვენდეტაში“ ვერ შენიშნავთ კეკლუცობას რადიკალიზმით და პესიმიზმით. სიბრაზე აქ არ ფარავს ჰუმანიზმს, ტოლერანტობასა და უანგარო სიყვარულის თემას, რადგანაც ეს შენიღბული ხალხი სწორედ ამისთვის იბრძვის.

4. „მეორენი“ (1966, აშშ, რეჟისორი ჯონ ფრანკენჰაიმერი)

ადამიანის თავისუფლებაზე გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე უსამართლოდ დავიწყებული შედევრი, რომელსაც ნიღბის ეს აქტუალური სიმბოლო ჩვენს დროში ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. უსამართლობაა, რომ მიქელანჯელო ანტონიონის „პროფესია რეპორტიორით“ აღფრთოვანებულმა კინოს მოყვარულმა, როგორც წესი, არ იცის, რომ ანტონიონის ფილმის სიუჟეტი ერთგვარი ვარიაციაა „მეორენის“ თემაზე. მთავარი გმირს არტურ ჰემილტონს, შუახნის, ცხოვრებით ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულ კაცს, სთავაზობენ „ახალ ცხოვრებას“ - სრულიად ახალ იდენტობას. მისთვის შექმნილი ახალი სახე რეალურად არის ნიღაბი, რომელმაც არსებული უნდა დაუფაროს. მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი სხვისმა სახემ წაშალოს ჩვენი იდენტობა? საზოგადოების მიერ დადგენილი წესები მართლაც გვახვევენ ნიღბებს, მაგრამ ახალი სახით თუ ახალი სახელით ისევ იძულებულები ვართ ვითამაშოთ ის როლი, რომელიც სხვებმა მოგვანიჭეს. 1966 წელს ჯერ არ ვცხოვრობდით პლასტიკური ოპერაციების და ბოტოქსების ეპოქაში, მაგრამ ფრანკენჰაიმერმა მომავალი იწინასწარმეტყველა (1978 წელს ბილი უაილდერსაც ასეთივე წინასწარმეტყველის როლში ვიხილავთ მის უკანასკნელ ფილმში „ფედორა“). ცოტა არ იყოს საგანგებოდ დამახინჯებული ოპტიკით, უჩვეულო რაკურსებით ფილმის ავტორი ფორმისა და შინაარსის აბსოლუტურ ერთიანობას აღწევს, თითქოს ეკრანიც ნიღაბს ატარებს და ცდილობს დაგვიმალოს ის, რაც ნამდვილია.


3. „სხვისი სახე“ (1966, იაპონია, რეჟისორი ჰიროში ტაშიგაჰარა)

ტაშიგაჰარას შედევრი რომ ბოლომდე დავაფასოთ ზედაპირული წარმოდგენა მაინც უნდა გვქონდეს ნიღბის მნიშვნელობაზე იაპონურ კულტურაში. თუმცა, კობო აბეს მსგავსად, რომლის წიგნის ეკრანიზაციაა „სხვისი სახე“, ტაშიგაჰარა ნიღაბს იყენებს უფრო, როგორც მეტაფორას ომის შემდგომი იაპონური საზოგადოებისა, სადაც ინდივიდუალობა ხშირად დათრგუნულია და სადაც ადამიანები იძულებული ხდებიან იარსებონ „სხვისი სახეებით“. დაუმატეთ ამას ტრადიციების მიმართ იაპონელების განსაკუთრებული ერთგულება, მათი რიტუალიზებული ყოფა და გასაგები გახდება, რატომ შეცვლის რადიკალურად ფილმის გმირის ცხოვრებას ხელოვნური ნიღაბი და რატომ აიძულებს მას იცხოვროს ახლა უკვე ერთდროულად ორი ცხოვრებით. ტაშიგაჰარას ფილმში ჩართულია ნაგასაკის ტრაგედიაც, როგორც კვალი, რომელიც დარჩა დასახიჩრებული იაპონელის სხეულზე. ნიღაბს მართლაც შეუძლია ჩვენი დაცვა განსაცდელისგან, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ დროებით. ”სხვისი სახე“ კინორეჟისურის მარგალიტია, იდეალურად დაცული ბალანსით ფორმასა და შინაარსს შორის. ამ გრძელი, სტატიკური კადრების დავიწყება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს მაინცდამაინც არა აქვს დრო დატკბეს ლამაზი („იაპონური“) გამოსახულებით, რადგანაც ფილმი თითქოს უშუალოდ მიმართავს მას შეკითხვებით (და უბრალოდ აიძულებს იფიქროს): აყალიბებს თუ არა გარეგნობა პიროვნებას? შეიძლება თუ არა ადამიანის ვიცნოთ მისი სუნით? არის თუ არა თავისუფლება ინტროსპექციული? შეიძლება თუ არა ფიზიკურმა ტრავმამ ფსიქიკური აშლილობები გამოიწვიოს?

2. „ფართოდ დახუჭული თვალებით“ (1999. აშშ, რეჟისორი სტენლი კუბრიკი)

არა, ეს ვენეციური კარნავალი არაა და კუბრიკის უკანასკნელ ფილმს თითქმის არაფერი აქვს საერთო ფელინის „კაზანოვასთან“ მიუხედავად იმისა, რომ „ვენეციური ნიღაბი“ და ორგია, რომელშიც ეს ნიღბებია გამოყენებული, ისაა, რაც პირველ რიგში გამახსოვრდება კუბრიკის ფილმში. ბედნიერი ქორწინების სექსუალური ამბივალენტურობის კვლევა შეიძლება საინტერესო იყოს „ოჯახური სერიალების“ მოყვარულთათვის, მაგრამ კუბრიკი ამით არა კმაყოფილდება. ეხება რა სექსუალობისა და ძალაუფლების ურთიერთობის თემას, იგი სექსუალობას სოციალური კონტროლის და ძალაუფლების ინსტრუმენტად წარმოგვიდგენს. შესაბამისად, სექსუალური სცენა სურვილების შეზღუდვებს და ფობიებს გამოხატავს ისევ და ისევ... ნიღბით, რომლის ფუნქცია ანონიმურობის დაცვაა „რელიგიურ“ თუ სექსუალურ რიტუალში. ადამიანები მალავენ თავიანთ რეალურ იდენტობას და სოციალურ სტატუსს „პირადი თავშესაფრის“, ნიღბის საშუალებით.

ფილმის სექსუალური სცენები, განსაკუთრებით ნიღბიანი რიტუალები, დინამიკურობით არ გამოირჩევა. ნიღბები ქმნიან სტაბილურ, დახურულ სივრცეს, სადაც დრო და რეალობა თითქოს „გაყინულია“. კუბრიკი ყოველთვის იდეალურად ახერხებდა ამას - გაჰყავდა დრო თავისი საზღვრებიდან, რათა მარადიულის, უმოძრაოს სახე შეექმნა... და მაინც, “ფართოდ დახუჭულ თვალებში” მთავარი, ჩემი აზრით, ფილმის სათაურშია. ერთი ჩვეულებრივი ბურჟუა მოწმე ხდება იმის, რაც შოკში აგდებს - ხედავს, როგორ ატარებენ ელიტები დროს ფარულად (შენიღბულად)... ამის შემდეგ მას არწმუნებენ, რომ არ უნდა დაიჯეროს ის, რაც საკუთარი თვალით ნახა. ბოლოს გმირი ნებდება, ისევე როგორც კუბრიკის ფილმის ზოგიერთი მაყურებელი (უმრავლესობა), რომელმაც ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად “ფართოდ დახუჭა თვალები” და არ მოინდომა დაენახა ის, რაზეც არის ეს ფილმი - დაენახა 90-იანი წლების ნიჰილიზმი, ორმაგი სტანდარტები და რაც მთავარია, ორმაგი ცხოვრება, რომელიც ნორმა გახდა თანამედროვე ელიტებისთვის.

1. “თვალები სახის გარეშე” (1959, საფრანგეთი, რეჟისორი ჟორჟ ფრანჟუ)

ტელეკომპანია “არტემ” თავის ტრადიციულ კინოკოლაჟში “ბლოუ-აპ” სწორედ ფრანჟუს ეს ფილმი დაასახელა საუკეთესოდ კინოში ნიღბის მეტაფორის ინტერპრეტაციის თვალსაზრისით. მე უნდა დავეთანხმო გერმანულ-ფრანგული არხის კინორედაქციას. და არა მარტო “არტეს”. ფრანჟუს ამ ფილმის მთავარი პროპაგანდისტი იყო ჟან-ლუკ გოდარი, რომელიც წერდა, რომ “თვალები სახის გარეშე” გვასწავლის “როგორ შეიძლება შექმნა სასპენსი ჰიჩკოკისგან განსხვავებულად”. თუკი სტენლი კუბრიკი უპირატესობას ანიჭებს მორთულ, დეკორატიულ, კარნავალურ ნიღბებს, გადაჭარბებულად ესთეტიზებულს და ამავე დროს, საშიშს, ფრანჟუ გვთავაზობს თეთრ, “უბიწო” ნიღაბს, რომლითაც მამა, ცნობილი ქირურგი უმალავს სახეს კრისტიანს, თავის ქალიშვილს, ავარიის შემდეგ რომ დამახინჯდა. ექიმი კრიმინალურ ექსპერიმენტებს ატარებს, ცდილობს “გადაუნერგოს სახე” კრისტიანს მოტაცებული ახალგაზრდა ქალებისგან. მამის მონსტროზული სიყვარული გადაიზრდება აკვიატებაში, ძალადობაში. ექიმის მოტივაცია “შვილის გადარჩენაა”, მაგრამ მისი გზები სისხლიანი. “დროა, ისწავლო ნიღბით ცხოვრება”, ეუბნება ექიმი კრისტიანს… ფრანჟუ წარმოგვიდგენს მშობლების დანაშაულს თავისი შვილების წინაშე, გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მოკლას მშობლის სიყვარულმა და ზრუნვამ ახალგაზრდა ადამიანი. ჩამოაცვას მას ნიღაბი, რათა სახე და ინდივიდუალობა დაუკარგოს. ფილმს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ფინალი ფრანგული კინოს ისტორიაში - კრისტინა თავისუფლდება ნიღბისგან, თავისუფლდება მამის ზრუნვისგან… ჩიტით ხელში გადის ტყეში, შეეზრდება ბუნებას. დიახ, ნიღაბი გვიცავს, მაგრამ მას არ უნდა შევეჩვიოთ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მოხსნა თავისუფლების ყველაზე ძლიერ განცდას უკავშირდება.


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG