Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-საქართველო – ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა


ამ დღეებში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი მასპინძლობს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „შეერთებული შტატები და საქართველო: გუშინ, დღეს, ხვალ“, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეები საქართველო–ამერიკის ურთიერთობის ფონზე განიხილავენ პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. საინტერესოა, რა კვალი დაამჩნია საქართველოს განვითარებას ამერიკასთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 20 წლის წინ, 1992 წლის 23 აპრილს, დამყარდა. განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში ოკეანისგაღმელი პარტნიორის როლი განსაკუთრებულია. მარტო ასობით მილიონი დოლარის პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია და 3 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა რად ღირს, თუმცა, როგორც ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვასილ კაჭარავა ამბობს, ამერიკას მთავარი ინვესტიცია სულ სხვა სფეროში აქვს განხორციელებული:

ვასილ კაჭარავა
ვასილ კაჭარავა
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მთავარი ინვესტიცია არის საქართველოს უსაფრთხოება. ჩვენი ქვეყანა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ყველაფრითაა დაჯილდოებული: ნიჭიერი ხალხით, არაჩვეულებრივი ბუნებით და ა. შ. და თუ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა იქნება, ყოველთვის წავიწევთ წინ. ფეთქებადსაშიშ რეგიონში ვართ. „კეთილმეზობლური“ ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, ჩრდილოეთი კავკასიაც ბორგავს... ასეთ პირობებში ერთადერთ გარანტად გვევლინება აშშ.“

ვასილ კაჭარავას თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამერიკის მხარდაჭერა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა უკანასკნელ წლებში - მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და თბილისმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში. საქმე ისაა, რომ საქართველოდან ექსპორტირებულ გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ვრცელდება GSP სავაჭრო რეჟიმი, რაც ქართული პროდუქციის შეღავათიანი საბაჟო განაკვეთით ექსპორტის საშუალებას იძლევა.

„ამერიკას მხოლოდ 18 ქვეყანასთან აქვს ასეთი ტიპის ურთიერთობა, რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მიუთითებს. აგრეთვე ცნობილია, თუ როგორ მტკიცედ უჭერს მხარს ამერიკა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას. ამერიკის დამსახურებაა ის, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსეთის ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოკუპაციად მიიჩნევს. შეგვიძლია გავიხსენოთ კონგრესის გადაწყვეტილება, მიღებული შარშან, ივლისის თვეში. ყველაფერი ეს აჩვენებს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და მნიშვნელობას“, – უთხრა თორნიკე გორდაძემ რადიო თავისუფლებას.

თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას ...
ირაკლი ოქრუაშვილი
თუმცა, ამგვარი მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო დროს საზოგადოების ერთ ნაწილში თავი იჩინა ანტიამერიკულმა განწყობებმა. მათი მთავარი არგუმენტი ლიბერალური ღირებულებების იმპორტი და მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერაა. ამერიკის საელჩოსთან ორგანიზებული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა, ოპოზიციური „ქართული პარტიის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით ამერიკის ადმინისტრაცია ასამარებს დემოკრატიას საქართველოში:

„თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას.“

საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამგვარი ანტიამერიკული რიტორიკა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. ამ პოზიციას იზიარებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი:

„ეს ნაწილობრივ გულუბრყვილობაა, როდესაც საკუთარი პრობლემების ყოველთვის სხვისთვის გადაბრალება გინდა და ცოტა ინფანტილიზმსაც ჰგავს ეს ყველაფერი, ნაწილობრივ კი გაუგებრობაა. სტრატეგიულად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს არაფერი შეუშლის ხელს!“

ამ ურთიერთობის შედეგია ისიც, რომ 2010 წლის მარტიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების კონტინგენტის შემადგენლობაში, ქართული ქვეითი ბატალიონი მონაწილეობას იღებს ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის - საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების - ოპერაციაში. მაინც რას ეფუძნება საქართველო-ამერიკის ამგვარი ინტენსიური ურთიერთობა? ჯონ ბასი, ამერიკის ელჩი საქართველოში, ამბობს:

ჯონ ბასი
ჯონ ბასი
„თვისება, რომელიც ახასიათებს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, თავს იჩენს იმ ურთიერთობაში, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა. ეს ურთიერთობა დაფუძნებულია არა ჩვენს ინტერესებზე, არამედ ჩვენს ღირებულებებზე, რაც აისახება კიდეც საგარეო პოლიტიკაზე. საქართველო-ამერიკის ურთიერთობა რომ დამყარებული ყოფილიყო მხოლოდ ამერიკის ინტერესებზე, მაშინ, რასაკვირველია, ასევე გვექნებოდა ურთიერთობა საქართველოსთან. ჩვენ აქ ვიქნებოდით წარმოდგენილი, გვექნებოდა ურთიერთობა როგორც საზოგადოებასთან, ასევე მთავრობასთან, მაგრამ ეს ურთიერთობა არ იქნებოდა ასეთი მრავალფეროვანი და მასშტაბური, იქნებოდა უფრო მეტად შეზღუდული.“

ამერიკის ელჩს პატივი ერგო გაეხსნა ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მონაწილეთა შორის იყო პოეტი კოტე ყუბანეიშვილი:

„თავის დროზე ამერიკული კულტურა აკრძალული იყო, ახლა რაღაც ძალიან გაამერიკელდნენ. ეს ამბავი მხოლოდ გამახარებს, მაგრამ ამერიკაში არის როგორც ცუდი, ასევე კარგი მხარეები. ჩვენ, როგორც წესი, პირველ რიგში ვიღებთ ცუდს, მერე ალბათ კარგამდეც მივალთ.“

თავად კოტე ყუბანეიშვილი „კარგ ამერიკამდე“ დიდი ხნის წინ მივიდა. „ამერიკელები პარიზში“ - ასეთია მისი კვლევის სათაური. საგულისხმოა ისიც, რომ პოეტის ერთი ლექსი პარიზში გარდაცვლილ ლეგენდარულ მომღერალსა და პოეტს ჯიმ მორისონს ეძღვნება:

26 აპრილს ამერიკასა და ევროპაში გურულების საჯირითოდ წასვლის 120 წლისთავი აღვნიშნეთ. გურულმა მხედრებმა ამერიკელ კავბოებს ასწავლეს რა იყო ჯირითი ...
ირაკლი მახარაძე
„ტანი ტამტამი
დაწყვეტილი ჩემი გიტარა
ხორცის ატამი
გახლეჩილი როგორც სიმართლე
მარადისობამ
უდაბნოდან ჩამოიტანა
მწვანე კანაფის
იდუმალი ლურჯი სინათლე.“

ცხადია, ამერიკა-საქართველოს კულტურული კავშირები გაცილებით დიდი ხნისაა, ვიდრე ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობა. პირველი ქართველები ამერიკაში მე-19 საუკუნეში ტრანსამერიკული რკინიგზის მშენებლობაზე ჩავიდნენ. საყოველთაოდაა ცნობილი გურული მხედრების თავგადასავალი, რომლის შესახებაც რეჟისორმა ირაკლი მახარაძემ ფილმიც გადაიღო და წიგნიც დაწერა:

„26 აპრილს ამერიკასა და ევროპაში გურულების საჯირითოდ წასვლის 120 წლისთავი აღვნიშნეთ. გურულმა მხედრებმა ამერიკელ კოვბოებს ასწავლეს რა იყო ჯირითი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. დადასტურებული ცნობებით, 1862 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულა პირველი ქართველი, ალექსანდრე ერისთავი, რომელიც სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის მხარეზე იბრძოდა. ასე რომ, ჩვენ ურთიერთობის ძალიან დიდი და გრძელი ისტორია გვაქვს და ის 20 წლის წინ არ დაწყებულა.“

ირაკლი მახარაძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ბევრმა ქართველმა მიაშურა ამერიკას, თუმცა ამერიკულმა კულტურამ არანაკლები გავლენა იქონია საბჭოთა კავშირში დარჩენილი ქართველების მსოფლმხედველობაზეც. გელა ჩარკვიანი, ყოფილი დიპლომატი და ამერიკის კულტურის დიდი თაყვანისმცემელი, განმარტავს:

„ქართველებს გვაქვს შესანიშნავი პოლიფონიური სიმღერები და ამიტომ ძალიან იოლად ვიგებდით ჯაზის პოლიფონიას. 50-იან წლებში ქართველები იყვნენ პირველები, ვინც ამას აკეთებდა. ისე მღეროდნენ, როგორც ამერიკელი მომღერლები. ისე, ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირის დანგრევისათვის „Chattanooga Choo Choo!-მ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე დაზვერვის ცენტრალურმა სამსახურმა. კულტურა არის ცუდის დამანგრეველი და კარგის შემქმნელი.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG