Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დევს ხელისგულზე 4 ოქტომბერს? მდინარაძე ამბობს, რომ სქემები გაშიფრეს


სუსის ახალმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "რადიკალების" 4 ოქტომბრის გეგმა გაშიფრულია და "ხელისგულზე დევს".
სუსის ახალმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "რადიკალების" 4 ოქტომბრის გეგმა გაშიფრულია და "ხელისგულზე დევს".

სუსის ახალმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "რადიკალების" 4 ოქტომბრის გეგმა გაშიფრულია და "ხელისგულზე დევს". სამი ჯგუფი ერთიანი ცენტრის გარეშე - ასეულობით ახალგაზრდა, ყოფილი სამხედროები, პოლიტიკოსები; რადიკალიზმის დაფინანსება უმაღლესი სასწავლებლებიდან, უკრაინის კვალი.

1 ოქტომბერს მამუკა მდინარაძემ სუსის ახალი უფროსის რანგში პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ პროსახელისუფლებო “იმედს” მისცა.

ინტერვიუს მთავარი ხაზი ოპოზიციური ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილი "მშვიდობიანი დამხობა" იყო და, ცხადია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის პირველ, ვრცელ საჯარო კომენტარებს დაინტერესებულმა საზოგადოებამ ყურადღებით უსმინა.

შენიშნეს, რომ მდინარაძემ, რომელიც, დეპუტატობისას ხშირად ემოციური, სწრაფი საუბრითა და დასავლეთის კრიტიკით გამოირჩეოდა, ტონი და ლექსიკა მცირედ შეცვალა - დაბალ ხმაზე, ნელი ტემპით, შედარებით თავშეკავებით ილაპარაკა. მან ინტერვიუს დასაწყისშივე თქვა, რომ ბევრ ინფორმაციას ვერ გაამხელდა და ვერც პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებდა - “ახალი სტატუსიდან თუ ამპლუიდან” გამომდინარე.

მამუკა მდინარაძის ნაამბობს ოპოზიციაში მაინც ჭორაობას ადარებენ და ანტიდასავლურ რიტორიკასაც ხედავენ. მიზნად კი - პროტესტის შეკავების მცდელობა, შიშის დათესვა და მუქარა სახელდება.

4 ოქტომბერი - რას მოელის სუსი?

სუსის ახალი უფროსის თქმით, გაშიფრულია სქემები, რომელთა მიხედვითაც “რადიკალების” “ფრონტი გაშლილია” სამი მიმართულებით:

1. ახალგაზრდების ჯგუფები - რამდენიმე ასეული ახალგაზრდისგან შემდგარი, რომლებსაც ორგანიზებას უწევენ “საზოგადოებისთვის ცნობილი ორგანიზაციები”;

2. ე.წ. მებრძოლების, ყოფილი მებრძოლების ჯგუფები - ქმნიან ათეულებს, ოცეულებს, “აორგანიზებენ ძალადობას” და “აქეზებენ ახალგაზრდებს”.

3. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჯგუფი - “პიარულ შეფუთვას უზრუნველყოფენ”.

მდინარაძის თქმით, „ფრონტის“ ეს სამი მიმართულება საერთო კოორდინირებულ ცენტრს არ ექვემდებარება; თუმცა 4 ოქტომბრისთვის არსებობს საერთო გეგმა.

"სერიოზულად მსჯელობს იმაზე, რა მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. იმიტომ, რომ ფონი ქვეყანაში არ არის ისეთი, რაც თუნდაც წინა პერიოდებში იყო, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა. ჩვენი ინფორმაციით, მათ სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში”, - ამბობს მდინარაძე და ამატებს, რომ ამის არა თუ გაკეთებას, გაფიქრებასაც არავის ურჩევს, რადგან პასუხი იქნება “ძალიან მძიმე”. სიტყვების წყობა - “მშვიდობიანი რევოლუცია” და “მშვიდობიანი დამხობა” სუსისთვის “რადიკალების” განზრახვებს არ ამსუბუქებს. მისი თქმით ეს - "უპატიებელი დანაშაულია".

  • 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული, რომელშიც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს.
  • პარალელურად, იმავე დღეს, მოძრაობა “რუსთაველის გამზირი” და მისი თანამოაზრეები “სახალხო კრების” მოწვევას გეგმავენ - როგორც აცხადებენ, ერთდღიან “მშვიდობიანი რევოლუციის”, “მშვიდობიანი დამხობის” მიზნით. ამბობენ, რომ ხელისუფლებას ხალხი გადაიბარებს, იმოქმედებენ კანონის ფარგლებში, მაგრამ მთელი შემართებით დაუპირისპირდებიან "ქართული ოცნების" “უკანონო ქმედებებს".


მდინარაძემ ილაპარაკა “რადიკალების” მიერ ძალოვნების გადაბირების მცდელობებზეც, ფულის სანაცვლოდ. თქვა, რომ ეს “გამალებული” მცდელობები უშედეგოა და “ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა”.

4 ოქტომბრის ღონისძიების ორგანიზატორები, სხვადასხვა დროს, საჯაროდ, მათ შორის - სატელევიზიო ეთერებში, აცხადებდნენ, რომ ძალოვან უწყებებში აქვთ კონტაქტი ადამიანებთან, რომლებიც ხელს არ აწევენ თანამოქალაქეებზე და არ შეასრულებენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების “უკანონო ბრძანებებს”.

ძალოვნებს ფულად კომპენსაციას ჰპირდებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც უკვე დაპატიმრებულია. იგივე მიმართვა გაისმა მისი თანამოაზრეებისგანაც.

  • სუსის უფროსი ამბობს, რომ საერთოდ არ განიხილავს „რადიკალების“ სცენარის წარმატებით დაგვირგვინებას, თუმცა მისი ამოცანაა, რომ ქვეყანაში, სამომავლოდ, პროტესტმა დროებითი ტურბულენტობაც ვეღარასდროს გამოიწვიოს - არ დააფრთხოს ინვესტორები და ხელი ვერ შეუშალოს ეკონომიკურ ზრდას.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ “დადინჯებული ტონის მიუხედავად“, მდინარაძე კვლავ „ძველებურად განაგრძობს ჭორაობას“ - ყველგან მტრების ძიებასა და ადამიანების დაშინებას.

„ზოგადად ახალგაზრდების და ახალგაზრდობის წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დაწყებული ივანიშვილის რეჟიმს. ასევე უნივერსიტეტების წინააღმდეგ - სადაც მუშაობენ კრიტიკულად განწყობილი ლექტორები... მუქარა იყო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგაც“, - აქუბარდია ამბობს, რომ რეჟიმი პროტესტის შეკავებას დაჭერის მუქარით ცდილობს, რაც "ახალი არ არის".

კიდევ ერთი სამიზნე - უმაღლესი სასწავლებლები

მდინარაძემ დაადასტურა მანამდე “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რადიკალიზმის უკანონო დაფინანსების პროცესში უმაღლესი სასწავლებლები და კერძოდ, “საქართველოს უნივერსიტეტია” ეჭვმიტანილი. სუსის უფროსის თქმით, გაშიფრულია არაერთი არხი.

კერძოდ, მან თქვა, რომ:

  • საქმეს აქვს ბევრი წახნაგი - “როგორც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საკითხში”, ასევე - “სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გარკვეული ქმედებების ოპერატიული კვლევის ნაწილში”.
  • უმაღლესი სასწავლებლების გავლით რადიკალიზმის დაფინანსება გვერდს უვლის ახალი კანონის - “ფარას” - მიერ შექმნილ ბარიერებს - უნივერსიტეტებიდან “არამიზნობრივად, მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები”და მიმართულია “რადიკალიზმის დასაფინანსებლად, ფრანკლინის კლუბის ახალი ანალოგის დასაფინანსებლად” - რათა “დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა.”


ტელეკომპანია „იმედმა”, მანამდე მომზადებულ სიუჟეტებში, „საქართველოს უნივერსიტეტს“ „ანტისახელმწიფოებრივი ტრენინგების“ ორგანიზებაში დასდო ბრალი. ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი 28 სექტემბერს გავიდა ეთერში.

ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ

სუსის უფროსმა უკრაინის წინააღმდეგ ორი სავარაუდო დანაშაულებრივი ხაზი გამოყო:

  • ასაფეთქებელი ნივთიერების [ჰექსოგენი] შემოტანა;
  • და სასამართლოებში ცრუ განგაში - ბომბების არსებობის შესახებ.


ინტერვიუ სწორედ “ჰექსოგენის საქმეზე” საუბრით დაიწყო. მდინარაძემ არ დააკონკრეტა, რას აჩვენებს გამოძიება - ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უნდა დარჩენილიყო, თუ რუსეთში უნდა გაეტანათ; თუმცა, მაინც განაცხადა, რომ შესაძლოა ეს ამბავი 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდეს:

“თუ ჩვენს ქვეყანაში დარჩებოდა [ჰექსოგენი] და იმ მოვლენებს დაუკავშირდებოდა, რასაც ხშირად ვისმენთ საჯარო, რიგ შემთხვევაში დანაშაულებრივ მოწოდებებსაც კი, ამას ძალიან ცუდი შედეგი ექნებოდა. ეს ავიცილეთ თავიდან”.

ასევე მან განაცხადა, რომ - უკრაინიდან - „გარკვეული დაგეგმარებაც მიმდინარეობს” და “როგორც მინიმუმ, არ შეიძლება ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს იყო უბრალო დამთხვევა, ყველა არჩევნების წინ მსგავსი სპეცოპერაცია საქართველოში”.

წლების განმავლობაში, ხშირად სწორედ არჩევნების წინა პერიოდს ემთხვეოდა სუსის მიერ გამოძიებების დაწყება - ხელისუფლების დამხობისა თუ გადატრიალების საქმეებზე, თუმცა ეს ბრალდებები სამართლებრივად არასდროს დადასტურებულა.

სასამართლოებში ბომბების არსებობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინებებიც უკრაინას ბრალდება - მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ჰექსოგენის გამომგზავნი ქვეყანა" სუსს დროსა და რესურსს აკარგვინებს:

“რაღაც დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. შემდეგ გარკვეული რესურსის ხარჯვა გვიწევს ამასთან დაკავშირებით. გამნაღმველები მიდიან, ათვალიერებენ, პროტოკოლითაც და ისედაც ვალდებულები ვართ… რესურსი რესურსად იხარჯება და არეულობის განცდის შემოტანას ამ უსუსური მცდელობითაც ცდილობენ“.

ანტიდასავლური რიტორიკა

4 ოქტომბრის „შეთქმულების დიდ სცენარში“ უკრაინის ჩართვა და ტერორიზმში მისი დადანაშაულება შემთხვევითი არ ჰგონია თეონა აქუბარდიას. მისი თქმით, ეს რუსეთისთვის მოსაწონი სცენარია, ისევე, როგორც კიდევ ერთი პასაჟი მამუკა მდინარაძის ინტერვიუდან, როცა ის აშშ-ში ნოემბერში დაგეგმილ ვიზიტის დროს ამერიკელ კოლეგებთან მხოლოდ “თანაბარი პირობებით” საუბრის გეგმას უსვამს ხაზს.

“… ისე არა, რომ ქვევიდან ზევით ვუყუროთ ვინმეს ან ზევიდან ქვევით გვიყურონ… თანამშრომლობაში იგულისხმება და ამას ხაზს გავუსვამ შეგნებულად, ორივე მხარის ინტერესების თანაბარი გაზიარება. როგორც პოლიტიკაში, აქაც იგივე პრინციპის დაცვას ვაპირებ აბსოლუტურად. ამ საკითხს სხვანაირად არ მივუბრუნდები არასდროს და არ გადაიხედება ეს მიდგომა. ყოველ შემთხვევაში სანამ მე ვიქნები აქ და არ მგონია, რომ მერე სხვამ სხვანაირად იფიქროს”, - მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.

“ეს განმარტებები ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილია… რუსულ ეფესბეში განსაკუთრებულად მოიწონებდნენ ამ პასაჟს”, - გვეუბნება თეონა აქუბარდია და მდინარაძის სიტყვებს განიხილავს „კენჭის სროლად“ სუსის ყოფილი ხელმძღვანელის - გრიგოლ ლილუაშვილისკენ - „როგორც ჩანს, ის [ლილუაშვილი] FBI-ში სხვაგვარად ელაპარაკებოდა ამერიკელ კოლეგებს“.

2024 წლის ივლისში სუსის მაშინდელმა უფროსმა, ამჟამად პოსტიდან და პოლიტიკიდან წასულმა, გრიგოლ ლილუაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია აშშ-ში ვიზიტის შესახებ, რასაც წინ უსწრებდა გადაუმოწმებელი ცნობები, რომ აშშ-ში ის ბიძინა ივანიშვილის სპეციალური დავალებით ჩავიდა - თბილისსა და ვაშინგტონს შორის იმ ხანად უკვე დაძაბული ურთიერთობების ფონზე.

„ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი” - განაცხადეს მაშინ სუსში.

ამერიკას უკავშირდება მაგალითი, რომელიც, ინტერვიუს მსვლელობისას, მამუკა მდინარაძემ რადიკალიზმის დაფინანსების საილუსტრაციოდ მოიყვანა. მისი ნაამბობით, ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს "ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში" და "დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს".

"ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს - მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი - ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება" - თქვა მდინარაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ სუსის უფროსის ამპლუაში პირველი ინტერვიუს მსვლელობისას, მამუკა მდინარაძეს არ უსაუბრია „რუსულ ოკუპაციაზე და მის თანმდევ შედეგებზე“, რაც „სუსის მთავარი მანდატია“.

2025 წლის ზაფხულში სუსის უფროსად წარდგენამდე, მამუკა მდინარაძე "მმართველი პარტიის" ერთ-ერთი წამყვანი "მოლაპარაკე თავი" იყო და ხშირად ახსენებდა ე.წ. გლობალური ომის პარტიას, "დიპ სტეიტსა" თუ საქართველოს ომში ჩართვას.

აგვისტოში მან, სხვა თანაგუნდელების მსგავსად, სარწმუნოდ ჩათვალა ვლადიმირ პუტინის პოზიცია მშვიდობისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკრაინას ომის თავიდან აცილება შეეძლო.

18 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე, მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს... და საქართველომ ამისი საშუალება არავის მისცა“. მისი ეს სიტყვები რუსეთის მედიაშიც მოხვდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG