„დამოუკიდებელ ქართულ გამოცემა „ბათუმელებს“ ანგარიშები გაუყინეს მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო ფაქტები გამოავლინა“, - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე.
„ამაღლობელი ამჟამად უკანონოდ არის დაპატიმრებული, დგას უსამართლო სასამართლო პროცესის წინაშე. „ამნესტი“ მოითხოვს, გამოძიებულ იქნეს პოლიციის მხრიდან ძალადობის ყველა ბრალდება“, - წერია 21 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია ამაღლობელის საქმეს მისი დაკავების დღიდანვე ადევნებს თვალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვებს ესწრება Amnesty-ს წარმომადგენელიც.
„მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მკვეთრ ეჭვებს აჩენს მისი დევნის მოტივებზე. თუ შევადარებთ, როგორი აშკარა დაუსჯელობით სარგებლობენ პოლიციელები, ნათელი ხდება, რამდენად დისკრიმინაციულად ეპყრობა ქართული მართლმსაჯულების სისტემა მას და სხვა დემონსტრანტებს“, - აცხადებდა ორგანიზაცია 15 აპრილს.
21 ივლისს ონლაინგამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ანგარიშს შემოსავლების სამსახურმა, დავალიანების გამო, ინკასო დაადო.
გამოცემის თანახმად, რეალური მიზეზი არის სურვილი, რომ „მედიაორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს“.
ამასთან, გამოცემა გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც ზეწოლას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ პატიმრობაში მყოფ დამფუძნებელსა და დირექტორ მზია ამაღლობელზე, რომლის სისხლის სამართლის ბრალდებაზე განაჩენი მალე უნდა გამოცხადდეს.
„ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი", - წერს გამოცემა.
21 ივლისსავე, ამაღლობელის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა მზად არის, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება „განიხილოს“.
მზია ამაღლობელის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს „არ სჭირდება სამართლებრივი შეღავათები - მას სჭირდება სამართლიანი სასამართლო“.
ფორუმი