Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცენზურა და დაშინება“ - ჩეჩნეთში ბლოგერების რეგისტრაცია მიმდინარეობს


როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არ არის ჩეჩნეთში ბლოგერების რეგულირების პირველი მცდელობა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არ არის ჩეჩნეთში ბლოგერების რეგულირების პირველი მცდელობა.

ჩეჩნეთში დასრულდა იმ ბლოგერების სავალდებულო რეგისტრაციის კამპანია, რომლებსაც 10 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ.

ჩეჩნეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს ბლოგერების საქმიანობის გაუმჯობესებას და მათთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას, თუმცა ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბლოგერების რეესტრის შექმნით მორიგი ნაბიჯი გადაიდგმება კონტროლის გამკაცრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით.

რეგისტრაციის პროცესი, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის სამინისტროში მიმდინარეობდა, 25 სექტემბერს დასრულდა. ჩეჩნეთში რესპუბლიკაში მცხოვრები ბლოგერები, რომლებიც 23 კატეგორიის მიხედვით იყვნენ განაწილებული სპეციალურ სიაში (იუმორისტული ბლოგებიდან საგანმანათლებლო ბლოგებამდე), უწყებაში პასპორტებით უნდა გამოცხადებულიყვნენ.

რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ ბლოგერების შეშფოთება საქმიანობის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო. „პირიქით, ყველაფერი კიდევ უფრო მაგრად იქნება“, - დაჰპირდა ბლოგერებს ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კურატორი და ინიციატივის ავტორი ამირ სუგაიპოვი. თუმცა ბევრისთვის გაურკვეველი დარჩა, ზუსტად რა იგულისხმა ჩინოვნიკმა “კიდევ უფრო მაგრად იქნება”- ში. შეთავაზებულ შეღავათებს შორის მან ახსენა მხოლოდ ჯილდოები, რომლებიც უნდა გაიცეს, მაგალითად, „წლის ბლოგერის“ ან „წლის ქოუჩის“ კატეგორიებში. მათგან საუკეთესოებს გადაეცემათ სპეციალური ბარათები „ხალხის შვილი“ და „ხალხის ქალიშვილი”, რომელთა დანიშნულება ასევე გაურკვეველია.

ჩეჩნეთის ხელისუფლების იდეამ სოციალურ მედიაში ცხარე დებატები გამოიწვია: რეგისტრაციისკენ მოწოდების ვიდეოს ქვეშ მომხმარებლები წერდნენ, რომ კადიროველებმა „გააწამეს ხალხი“, რომ მალე ჩეჩნეთში ჰაერის გაყიდვაც დაიწყება. გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ რეესტრში შეყვანილ ბლოგერებს მალე აიძულებენ შექმნან "კონტენტი" იმის შესახებ, თუ „როგორ გადაარჩინა პუტინმა ჩეჩენი ხალხი“.

პასუხად ჩეჩნეთის ახალგაზრდობის კურატორმა კომენტატორები არეულობის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას უბრალოდ სურვილი აქვს “გააერთიანოს ბლოგერები“ და მათი სამუშაო „უკეთესი და სუფთა“ გახადოს. თუმცა, მან არც ის უარყო, რომ კადიროველები აუცილებლად აღკვეთენ „შეუფერებელ აქტივობებს“.

ადრე ამირ სუგაიპოვმა ქალის ტანსაცმლის მაღაზიების, სილამაზის სალონებისა და სამოდელო სტუდიების თანამშრომლები სასულიერო სამმართველოში შეკრიბა და იქ აუხსნა მათ, თუ როგორი რეკლამა არ არღვევს „ტრადიციებსა და ჩვეულებებს“. მაგალითად მოიტანა რეკლამა, რომელშიც არ არის ნაჩვენები მოდელი „ჯერ წინიდან, შემდეგ გვერდიდან და ბოლოს უკნიდან, როგორ დადის“. მისი თქმით, ძნელია ასეთ კადრებს ტანსაცმლის რეკლამა ეწოდოს.

კონტროლის დაწესების სხვა მცდელობები

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არ არის ჩეჩნეთში ბლოგერების რეგულირების პირველი მცდელობა. 2021 წელს რესპუბლიკის პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა, მსგავსი განცხადებები გააკეთა. დაუდოვი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ახალგაზრდა ჩეჩნები სოციალურ ქსელებში ურთიერთობდნენ უცნობ თანამემამულეებთან.

2023 წელს რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ იმ ადგილობრივი ბლოგერების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ „ჩეჩენი ხალხის ღირებულებებს“, საჭირო იყო „მკაცრი ზომების“ მიღება. კადიროვმა ეს ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც სპორტსმენები ასხაბ ტამაევი და არბი ემიევი სასტიკად გაკიცხა ე.წ. თრეშ-ვიდეოების გამო.

ჩეჩნეთის მეთაურის ძმის შვილმა და მრჩეველმა, ხამზათ კადიროვმა, ასევე გააფრთხილა რესპუბლიკაში მცხოვრები ის ადამიანები, რომლებიც, მისი სიტყვებით, სოციალურ მედიაში არღვევდნენ ტრადიციებს, რომ ხელისუფლება აუცილებლად გამოავლენდა მათ ანგარიშებს და “აღკვეთდა ნორმიდან გადახვევებს”.

მსგავსი განცხადებები გააკეთეს ჩეჩნეთის ახალგაზრდობის საქმეთა წარმომადგენლებმაც. 2023 წელს მინისტრი ისა იბრაგიმოვი პირდაპირ დაემუქრა იმ ქალებს, რომლებიც სოციალურ ქსლებში Live-ს რთავდნენ: „ყელში ამოხვედით, ათეულობით თქვენგანს დავაკავებ და ყველას გამხელთ... ასე რომ, დამელოდეთ, დიდ სიურპრიზს გპირდებით“.

ერთი წლის შემდეგ, კადიროვის უფროსმა ვაჟმა ახმატმა, რომელიც მაშინ ახალგაზრდულ საქმეთა რეგიონული მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ასევე განაცხადა, რომ აპირებდა „აღმზრდელობითი“ საუბრების ჩატარებას იმ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რომელთა ქცევა სოციალურ მედიაში ეწინააღმდეგება „ჩეჩნურ კულტურასა და მენტალიტეტს“.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბუნებაში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი ან კონკრეტული ჩამონათვალი ქცევის წესებისა, რომელიც შეესაბამება ან განსაზღვრავს „ჩეჩნურ კულტურას, მენტალიტეტსა და ტრადიციებს“.

ბლოგერების რეაქციები

ბლოგერებმა, რომლებიც დათანხმდნენ Kavkaz.Realii-ის რედაქციასთან საუბარს კადიროველების ახალი ინიციატივის შესახებ, ითხოვეს, რომ მათი სრული სახელები არ გამჟღავნებულიყო როგორც თავად ბლოგერების, ასევე მათი ნათესავების მოსალოდნელი დევნის გამო. Kavkaz.Realii რეგულარულად წერს ჩეჩნეთში არსებული კოლექტიური პასუხისმგებლობის პრაქტიკაზე.

ასხაბმა, რომელიც თითქმის ხუთი წლის განმავლობაში რუსულ ენაზე მართავდა გასართობ ბლოგს, გააუქმა თავისი ანგარიში. იგივე გააკეთეს სპორტსმენმა არბი ემიევმა და მხატვარმა ასხაბ ვახარაგოვმაც.

„როდესაც პირველად შევიტყვე რეგისტრაციის შესახებ, უგულებელვყავი მოწოდება, ვიფიქრე, რომ ციებ-ცხელება გაივლიდა. მაგრამ მეორე გაფრთხილების შემდეგ მივხვდი, რომ რისკზე წასვლა არ ღირდა და გადავწყვიტე ჩემი ანგარიში წამეშალა“, - თქვა ყოფილმა ბლოგერმა.

ის დარწმუნებულია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებას რეესტრი სჭირდება ბლოგერებზე ზეწოლისთვის, მათი საქმიანობის კონტროლისთვის, დაბეგვრისთვის და შესაძლოა საკუთარი იდეების პოპულარიზებისთვისაც კი.

ასხაბი ბლოგინგიდან გარკვეულ შემოსავალსაც იღებდა; ის ავტონაწილებისა და სპორტული საქონლის მაღაზიებისთვის სასაცილო რეკლამებს ქმნიდა, რითაც კარგად ავსებდა თავის მწირ ხელფასს.

ჩეჩენი ბლოგერი ქალი და აეროდიზაინის ბიზნესის მფლობელი, შეშფოთების მიუხედავად, მაინც დარეგისტრირდა ბლოგერთა რეესტრში, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ბლოგინგი მისი სამსახურის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემოსავლის წყაროა.

„ამ ბიზნესს 15 წელი ვაშენებდი და არ მინდა ჩემი აუდიტორიის დაკარგვა, რადგან სოციალური მედია ბიზნესის პოპულარიზაციისთვის გადამწყვეტია. ალბათ, რაიმე სახის გადასახადს ან შეზღუდვას დააწესებენ, თორემ ისე რაში დასჭირდათ? არ მჯერა, რომ ეს ჩვენი წახალისებისთვის კეთდება“, - უთხრა მან რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს.

აეროდიზაინერი - სპეციალისტი სივრცეების ბუშტებით გაფორმებაში, რომელიც ქმნის მხატვრულ კომპოზიციებსა და ინსტალაციებს დღესასწაულებისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის, მაღაზიების გახსნისა და სხვა შემთხვევებისთვის. აეროდიზაინში იყენებენ სხვადასხვა სახის ბუშტებს, ჰელიუმს და სხვა მასალას ისეთი უნიკალური დეკორაციების შესაქმნელად, როგორიცაა თაღები, გირლანდები და შადრევნები.

ჩეჩენმა ფუდ-ბლოგერმა კი განაცხადა, რომ ვერ ხვდება, რა აზრი აქვს რეგისტრაციას: „გატაცებული ვარ კულინარიით, ვამზადებ კერძებს და ვუზიარებ გამომწერებს რეცეპტებს. ვიღებ ვიდეოებს სოფლის ცხოვრებაზე, ვაჩვენებ ჩემს ქათმებსა და კატებს. პოლიტიკა არ მაინტერესებს, რვა ათასზე მეტი გამომწერი მყავს. არ ვიცი, გავიარო თუ არა ეს პროცედურა. ვშიშობ, ამის უკან სხვა მიზნები არ იყოს. ამიტომ დაველოდები, დავაკვირდები და შემდეგ ვნახოთ“.

„ცენზურა და დაშინება“

რუსეთში 2024 წლის 1 ნოემბერს ამოქმედდა 10 000-ზე მეტი აუდიტორიის მქონე ბლოგერების ფედერალური რეესტრი. რადგან ჩეჩნეთი დე ფაქტო გასულია რუსეთის სამართლებრივი ჩარჩოდან, რეგიონული ხელისუფლება იძულებულია გაიმეოროს ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის გაძლიერებას, - ამბობს ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტემ ადაგამოვი.

„რა თქმა უნდა, ეს არის ცენზურა და დაშინება“, - აღნიშნა მან Kavkaz.Realii-სთვის მიცემულ კომენტარში.

ვითარების მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ არ სახელდება არანაირი სასჯელი, რომლითაც ხელისუფლების მოთხოვნის უგულებელყოფა დაისჯება

„10 000-ზე მეტი გამომწერის მქონე ბლოგერებისთვის ფედერალური რეგისტრაციის მოთხოვნა აშკარად ზღუდავს როგორც ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, ასევე ანონიმურობის შესაძლებლობას, მაგრამ ჩეჩნეთის მთავრობის ინიციატივა კიდევ უფრო შორს მიდის", - განუცხადა რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ რედაქციას მედია-სამართლის ექსპერტმა, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ანონიმურობის შენარჩუნება ითხოვა.

მისი ვარაუდით, ჩეჩნეთის ხელისუფლებას სურს რესპუბლიკაში ნებისმიერ საჯაროდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე სრული კონტროლის მოპოვება. რეგისტრაციის მკაცრი ვადები და თავად ბუნდოვანი პროცედურა ბევრ კითხვას აჩენს.

„მაგალითად, ვის ეხება რეგისტრაცია? მხოლოდ რესპუბლიკაში მცხოვრებლებს, თუ მათაც, ვინც რესპუბლიკის შესახებ წერს? ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის კომენტარებიდან გამომდინარე, რომ ონლაინრეგისტრაცია რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებთათვისაც ხელმისაწვდომია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეგისტრაცია უნდა გაიარონ სულ მცირე იმ ადამიანებმაც, რომლებმაც რესპუბლიკა დატოვეს. მაგრამ რა ხდება, თუ ვინმე წავიდა ჩეჩნეთიდან და ჩეჩნეთზე არ წერს? ან ჩეჩნეთში არასდროს უცხოვრია, მაგრამ ხშირად წერს მასზე? მოკლედ, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ რეგისტრაციიდან ბლოგერები გარკვეულ სარგებელს ნახავენ, იურისტი მაინც აფრთხილებს ბლოგერებს იმ მაღალ რისკებზე, რომლებიც სავარაუდოდ მათ ელოდებათ: „ვითარების მთელი ხიბლი ისაა, რომ არ სახელდება არანაირი სასჯელი, რომლითაც ხელისუფლების მოთხოვნის უგულებელყოფა დაისჯება, გარდა „სოციალური მედიიდან კომენტარის წაშლისა“. გაურკვეველია, რომელი კანონის საფუძველზე მისწერს ჩეჩნეთის ხელისუფლება VKontakte-ს ან Telegram-ის მენეჯმენტს, რომ წაშალოს ესა თუ ის ანგარიში, ჯგუფი ან არხი. როგორც ჩანს, სანქციები სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა იქნება. ამიტომ რისკები მაღალი და ძირითადად არაიურიდიულია“.

რა გზას უნდა დაადგნენ ჩეჩნეთში მცხოვრები ბლოგერები? - ამ კითხვის პასუხად მედიაიურისტი ამბობს, რომ ვერავის ურჩევს რეგისტრაციის გავლას, რომელიც არცერთი სამართლებრივი აქტით არ არის სავალდებულო: „ერთადერთი ვარიანტი დამალვა და ლოდინია. შესაძლოა, ეს იყოს ბლოგოსფეროზე ფსიქოლოგიური თავდასხმა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა წაშალონ ანგარიშები კანონიერად“.

2024 წელს ჩეჩნეთის საჯარო სექტორის თანამშრომლებმა რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის და სხვა თანამდებობის პირების პოსტებზე Telegram-სა და რუსეთში აკრძალულ Instagram-ზე 50 მილიონზე მეტი რეაქცია დატოვეს. ჩეჩნეთის ხელისუფლება წლების განმავლობაში აიძულებს რეგიონის მაცხოვრებლებს, კომენტარები დატოვონ და მოიწონონ თანამდებობის პირთა პუბლიკაციები, რაც, ოპოზიციური ბლოგერებისა და აქტივისტების თქმით, მთლიანობაში ჩეჩნების ნეგატიურ რეაქციას იწვევს.

2024 წელს ჩეჩნეთში შეიქმნა რეგიონული "კონტენტ-ცენტრი", რომლის თანამშრომლებმაც პუბლიკაციები ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო გვერდებზე უნდა განათავსონ. "კონტენტ-ცენტრის" მთავარი მიზანია „ინფორმაციაზე საზოგადოების წვდომის უზრუნველყოფა“, ასევე „რეგიონული "კონტენტის" წარმოება და განთავსება სახელმწიფოს მიერ მართულ საჯარო პლატფორმებზე“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG