Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმისთვის, რომ ეშინოდეთ": რუსეთის ახალი კანონი კინოში ცენზურის შესახებ


კინოთეატრი რუსეთში
კინოთეატრი რუსეთში

ტრადიციული ღირებულებები უფრო და უფრო ღრმად აღწევს რუსეთის კინოინდუსტრიაში. ივლისის ბოლოს სახელმწიფო დუმამ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 მარტიდან რუსეთში მნიშვნელოვნად გაფართოვდება იმ მიზეზების სია, რომელთა საფუძველზეც შეიძლება უარი ეთქვას ფილმების გაქირავებას.

31 ივლისს კანონს ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლება არ დაუშვებს ისეთი ფილმების გაქირავებას, რომლებიც დისკრედიტაციას უწევს „ტრადიციულ რუსულ სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებს“ ან ხელს უწყობს მათ უარყოფას.

კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში 2024 წლის დეკემბერში წარადგინეს. მის ავტორებს შორის არიან სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ბოიარსკი (მსახიობისა და მომღერლის, მიხაილ ბოიარსკის ვაჟი), მისი პირველი მოადგილეები ანტონ გორელკინი და მარინა კიმი, ფედერაციის საბჭოს კონსტიტუციური კანონმდებლობისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კლიშასი, ფედერაციის საბჭოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ლილია გუმეროვა.

რუსეთის კულტურის სამინისტროს უფლება ექნება, ცვლილებები შეიტანოს უკვე გაცემულ დისტრიბუციის სერტიფიკატებში „იმისათვის, რომ განახლდეს ინფორმაცია ფილმის ბავშვებს შორის გავრცელების აკრძალვის შესახებ“. თუ ფილმის გავრცელების სერტიფიკატი გაუქმდება, ონლაინ კინოთეატრების მფლობელებსაც მოუწევთ მისი ჩვენების შეწყვეტა 24 საათის განმავლობაში.

კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ სოციალური მედიის მფლობელებსაც მოუწევთ იმ მასალების მონიტორინგი, რომლებიც „ტრადიციული ღირებულებების“ დისკრედიტაციას ახდენს. „ვედომოსტის“ ცნობით, „აუდიოვიზუალური ნამუშევრებისა“ და მათი შინაარსის მონიტორინგი სავალდებულო გახდა 15 რესურსზე. მათ შორისაა რუსული პლატფორმები - VKontakte, Odnoklassniki, Zen (ყველა VK-ს საკუთრებაა), Rutube, Yappy (გაზპრომ-მედია ჰოლდინგი), ასევე უცხოური - Telegram, YouTube, TikTok და სხვა.

ამჟამად, რუსეთში ფილმების გაქირავების სერტიფიკატებს კულტურის სამინისტრო გასცემს. მათი მიღება მხოლოდ შემქმნელებსა და გამქირავებლებს მოეთხოვებათ. მოქმედი სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების მიზეზი შეიძლება იყოს ის შემთხვევები, როდესაც ფილმი „პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას, ძალადობას და სისასტიკეს, არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს, პედოფილიას და სქესის შეცვლას, ასევე შეიცავს მასალებს, რომლებიც არღვევს ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობას“. სერტიფიკატის მიღების გარეშე კინოთეატრებს არ შეუძლიათ ფილმის ჩვენება. რუსეთის კინოინდუსტრიაში ცენზურა დიდი ხანია არსებობს. ბოლო წლებში, სხვა საკითხებთან ერთად, დისტრიბუციიდან ამოიღეს ფილმები, რომლებში მონაწილე მსახიობები მხარს არ უჭერდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. გასულ კვირაში „წარმოდგენილ დოკუმენტებში ცრუ ინფორმაციის აღმოჩენის გამო“ დისტრიბუციის სერტიფიკატი გაუუქმეს ფრანგი რეჟისორის, ევა ვიქტორის, ფილმს „ბოდიში, პატარავ“. „მედიაზონის“ ცნობით, რუსულ გაქირავებაში შეიცვალა ერთ-ერთი გმირის, მამაკაცური გარეგნობის პარტნიორის სქესი და სახელი, რათა თავიდან აეცილებინათ ერთი და იმავე სქესის პირთა ურთიერთობების ხსენება. თუმცა, ამან სერტიფიკატის გაუქმებისგან ვერ იხსნა ფილმი, რომელიც აშშ-ში სანდენსის დამოუკიდებელ კინოფესტივალში მონაწილეობდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენზურის გამო სერიალები „სექსი დიდ ქალაქში“, „ბანქოს სახლი“, „სამეფო კარის თამაშები“ და ჰარი პოტერზე ფილმებიც კი შეიძლება გაქრეს რუსეთის ონლაინ კინოთეატრებიდან: სავარაუდოდ, ისინი შეიცავს „ბავშვების არყოლის იდეოლოგიის“ პროპაგანდას.


სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის პოსტერი
სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის პოსტერი

2022 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ამტკიცებს სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს ტრადიციული რუსული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტრადიციულ ღირებულებებს შორისაა: სიცოცხლე, ღირსება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პატრიოტიზმი, მოქალაქეობა, სამშობლოსადმი მსახურება და მის ბედზე პასუხისმგებლობა, მაღალი ზნეობრივი იდეალები, ძლიერი ოჯახი, შემოქმედებითი შრომა, სულიერის პრიორიტეტულობა მატერიალურთან მიმართებაში, ჰუმანიზმი, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, კოლექტივიზმი, ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა, ისტორიული მეხსიერება და თაობების უწყვეტობა, რუსეთის ხალხების ერთიანობა. პრეზიდენტის თქმით, ტრადიციულ რუსულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის „ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ქმედებები, ტრანსნაციონალური კორპორაციების, უცხოური არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობა, ასევე რეფორმები ტრადიციების გაუთვალისწინებლად“.


„ახალი მთავლიტი“

ახალი კანონის იურიდიულ კომპონენტზე საუბრობს პროექტ „პირველი განყოფილების“ იურისტი, ევგენი სმირნოვი:

ეს კანონი არსებული ტენდენციის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.

– ეს კანონი არსებული ტენდენციის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ. როგორც ჩანს, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ხელახლა შექმნას ცენზურა, რომელსაც ადრე „მთავლიტი“ ახორციელებდა. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს იმ აუდიოვიზუალური ნაწარმოებების აკრძალვის შესაძლებლობას, რომლებიც ტრადიციული ღირებულებების დისკრედიტაციას ახდენს, თუმცა მისი მოქმედების არეში ყოველი მეორე ფილმი შეიძლება მოხვდეს. როგორ დავიცვათ თავი? ექსპერტიზა ჩავატაროთ რომელიმე სამთავრობო უწყებაში. ფილმებისა და წიგნების გავრცელებით დაკავებული ბიზნესები სულ უფრო ხშირად აკეთებენ ამას, რათა არ მოხვდნენ სხვა მიმდინარე შეზღუდვებში, გვირჩევს ექსპერტი.

კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთში ფილმების გაქირავებაში ტრადიციული ღირებულებების დანერგვა მის საქმიანობაზე:

– ზუსტად რა შეესაბამება ამ ღირებულებებს და რა არ შეესაბამება, არავინ იცის. სწორედ ამისთვისაა შექმნილი ახალი კანონი: რათა ყველამ იმტვრიოს თავი და თავად ეშინოდეთ ნებისმიერი ფილმის გამოშვებისა, გარდა იმ ფილმებისა, რომლებიც პარტიასა და მთავრობას 100%-ით მოეწონება. ჩემთვის ძალიან რთულია იმის

ამ კანონის სამიზნე პოტენციურად ყველაფერი შეიძლება გახდეს

შეფასება, თუ რას აკლდება მაყურებელი რუსეთში. ანუ, ისინი ნამდვილად აკლდებიან იმ ფილმებს, რომლებიც არ შეესაბამება ტრადიციულ ღირებულებებს. მაგრამ რომელი ფილმები შეესაბამება ამას და რომელი არა და რა არის ზუსტად ტრადიციული ღირებულება - არავინ იცის. ამ კანონის სამიზნე პოტენციურად ყველაფერი შეიძლება გახდეს. ანუ, თითქმის ნებისმიერი ფილმი შეიძლება აიკრძალოს. მაგრამ ეს რუსეთში დიდი ხანია ხდება.

ატონ დოლინი
ატონ დოლინი

– რა შესაძლებლობები რჩება ხალხს რუსეთში, რათა იმის საქმის კურსში იყოს, თუ რა ხდება მსოფლიო კინემატოგრაფიაში?

– მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს. უყურონ პირატულ ფილმებს ინტერნეტში, ან იმოგზაურონ რუსეთის ფარგლებს გარეთ და ფილმებს უყურონ სხვა ქვეყნებში, სადაც მათ მიმართ არ იყენებენ ცენზურას.

– ჯერჯერობით ვსაუბრობთ ფილმების „წმენდასა“ და გამქირავებლების დასჯაზე. მისწვდება თუ არა ხელისუფლება მაყურებელს?

– არა, რა თქმა უნდა არა. რუსეთში ნებისმიერი სახის ფილმის ყურება არ არის კრიმინალიზებული. მაგრამ თქვენ კითხვას მომავალ დროში სვამთ, ამიტომ სრულიად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რის

ამავე ლოგიკით გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება დაიწყონ ფილმების ყურებისთვის დასჯა

კრიმინალიზებას გადაწყვეტენ. პირობითად რომ ვთქვათ, მათ უკვე მოახდინეს ინტერნეტში ინფორმაციის ძებნის კრიმინალიზება. ამავე ლოგიკით გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება დაიწყონ ფილმების ყურებისთვის დასჯა. შეიძლება დაიწყონ არა მხოლოდ მათი დასჯა, ვინც ცდილობს ტრადიციული ღირებულებების საწინააღმდეგო ფილმების გამოშვებას, არამედ მათიც, ვინც ასეთი ფილმების ყურებას ცდილობს.

– რუსეთში დიდი ხანია უჭერენ ხრახნებს, მათ შორის უკრაინასთან ომის მთელი წლების განმავლობაში. ახლა კი მიაღწიეს ფილმების გავრცელებამდე, რომლებიც არ შეესაბამება სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებს. რატომ სწორედ ახლა, არის თუ არა ამაში რაიმე ლოგიკა?

– რუსეთის ხელისუფლების ლოგიკა ჩემთვის დაფარულია. შესაძლოა ეს სპონტანურად ხდება. შესაძლოა, მათ აქვთ მოქმედების რაღაც წესი. რატომ დაამატეს ეს ადამიანები „უცხოელი აგენტების“ სიას ამ კვირაში, სხვები კი გასულ კვირაში? არა მგონია, ვინმემ ოდესმე იცოდეს. სინამდვილეში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი კინოს დაესხნენ თავს. ეს დიდი ხანია ხდება. გაქირავების სერტიფიკატების ჩამორთმევა და იმ ფილმების დასჯა, რომლებიც, ხელისუფლების აზრით, არ უნდა იქნეს ნაჩვენები, რუსეთ-უკრაინის ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

- ამ სფეროში კიდევ რას უნდა ველოდოთ ცენზურისგან?

- არ ვიცი. სრულიად გულწრფელად რომ ვთქვა, მეჩვენება, რომ რადგან მათ იქ საკუთარი პროცესები აქვთ, რომლებიც უბრალო მოკვდავებისთვის უცნობია, ყველაფრის მოფიქრება შეუძლიათ. ტრადიციული ღირებულებების შესახებ კანონი, ძირითადად, ამ პირამიდას აგვირგვინებს. მეტი არაფრის გამოგონება აღარ არის საჭირო, რადგან არავინ იცის, რა არის ტრადიციული ღირებულებები. მათი შეუსრულებლობისთვის შეიძლება კანონგარეშე აღმოჩნდე. ამიტომ, ყველა, ვინც კინოს იღებს ან გამოუშვებს კინოს, უკიდურესად გაფრთხილდება და თვითცენზურაში ჩაიძირება, ვინაიდან შეეშინდება - ვაითუ ეს ან ის ტრადიციულ ღირებულებებს არ შეესაბამება. სწორედ ამისთვის კეთდება ყველაფერი: რათა თვითცენზურა უფრო მრისხანე იყოს, ვიდრე ცენზურა.

XS
SM
MD
LG