„გაეროს მესამე კონფერენცია ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებად ქვეყნებზე“ - ასე ჰქვია ოფიციალურად კონფერენციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, ის კონფერენციაში მონაწილეობს.
ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ის გეგმავს, აქცენტი დასვას „საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის ... როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს“.
კონფერენციაში მონაწილეობენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ღონისძიებას არ ესწრებიან პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, - ერევნიდან და ბაქოდან ავაზაში ჩავიდნენ პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი და პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი.
ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა კონფერენციის მასპინძლებთან, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთად გადაღებული ფოტო.
ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს.
აზერბაიჯანული სახელისუფლებო მედიის ცნობით, ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს მოკითხვა გადასცა ილჰამ ალიევისგან, კობახიძემ მას მადლობა გადაუხადა და თავადაც დააბარა ალიევთან მოკითხვა.
შეხვედრის შესახებ ცნობა ირაკლი კობახიძემაც გამოაქვეყნა, თუმცა მის გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი მოკითხვებზე.
ამასთან, მხარეებმა
- „გამოხატეს კმაყოფილება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არაერთ სფეროში მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობისადმი“;
- „განიხილეს შესაძლებლობები ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის, ენერგეტიკის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გასაფართოებლად“.
ირაკლი კობახიძის თანახმად, ამ „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლზე“ და „საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“.
„კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას“, - წერს ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძეს თურქმენეთში თან ახლავს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, მარიამ ქვრივიშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ასევე თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი. კონფერენციას ესწრება ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი.
ფორუმი