Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრის მოადგილის საქმე: 9 ბრალდება, 8,5 მილიონი გათეთრებული ლარი და 117 მოწმე


რომეო მიქაუტაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე (ფოტოკოლაჟი).
რომეო მიქაუტაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე (ფოტოკოლაჟი).

ამ სტატიაში პირველად წაიკითხავთ ყველა იმ ამბავს, რომელთა გამოც ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად ოთხი კანონის დარღვევას ედავებიან.

30 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ პროკურატურამ გამოძიებისას ახალ დეტალებს მიაგნო, რის გამოც ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი დაუმძიმეს - ჯამში, რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალი წაუყენეს.

„კანონმორჩილად ვიცხოვრე და რამდენიმე ასეული მილიონი სახელმწიფოს ჩემი შრომითა და ჯაფით შევმატე... შევეცდები დავიცვა თავი და დავუმტკიცო ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოებას, რომ ჩემი ცხოვრების არსი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება“, - ამ სიტყვებით მიმართა წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე დასაქმებულმა, რომეო მიქაუტაძემ, ბრალდებულის სკამიდან, მოსამართლესა და სასამართლო სხდომაზე დამსწრეებს.

რომეო მიქაუტაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას აუკრძალეს გარე სამყაროსთან კავშირი, წერილობითი კომუნიკაცია, ის ვერ ურეკავს ოჯახის წევრებს, ვერ ხვდება მათ პაემნებზე, საკანშიც მარტო განაწესეს. ასეთი მკაცრი პირობებით პატიმრობას ბრალდება ითხოვს - მიქაუტაძის მიერ მოწმეებზე ზეგავლენის არგუმენტით.

ბრალდება იმდენად მასშტაბურია, რომ მოწმეებს შორის ბიზნესპარტნიორებისა და ყოფილი თანამშრომლების გარდა, ოჯახის წევრებიც არიან. პროკურატურამ 117 მოწმე გამოჰკითხა, რომეო მიქაუტაძის უკანონო შემოსავალი კი ამავე უწყების დათვლით 8 მილიონ 499 392 ლარია.

„თუ ამ დარბაზში სხედან პირები, რომლებიც პროკურატურამ მოწმის სახით უკვე დაკითხა, გთხოვთ დატოვეთ სხდომა”, - მოსამართლე ლელა კალიჩენკოს ამ მიმართვის შემდეგ საქალაქო სასამართლოს დამსწრეებით გადაჭედილი მე-14 დარბაზი ნახევრად დაიცალა.

სხდომა დატოვა რომეო მიქაუტაძის ცოლმაც, ნინო მიქაუტაძემ. ის ფულის გათეთრების ბრალდების რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს.

რას ედავებიან რომეო მიქაუტაძეს?

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე 2025 წლის 21 ივნისს სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. იმ მომენტისთვის უკვე ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა აღარ ეკავა.

ყოფილი სახელმწიფო მოხელე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ რომეო მიქაუტაძე შვიდი წლის განმავლობაში, 2017 წლიდან 2024 წლამდე, სხვადასხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობისას სისტემატურად არღვევდა კანონს, თანაც არაერთს.

გამოძიების მტკიცებით, რომეო მიქაუტაძემ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლი დაარღვია, მათგან სამი სამოხელეო დანაშაულის თავშია მოქცეული.

ესენია:

  • სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ.

ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლი - მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობა, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვება მფარველობის გზით.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.

კონკრეტულად რა ჩაიდინა პროკურატურის მტკიცებით, რომეო მიქაუტაძემ? - იქამდე სანამ ამ კითხვას გავცემთ პასუხს, გავიხსენოთ, როდის რა თანამდებობას იკავებდა ყოფილი საჯარო მოხელე და ვინ იყვნენ იმ პერიოდში მისი ხელმძღვანელები.

ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომეო მიქაუტაძე სასამართლო სხდომაზე. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 21 ივლისს, როცა მას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომეო მიქაუტაძე სასამართლო სხდომაზე. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 21 ივლისს, როცა მას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

რომეო მიქაუტაძის საქმიანობა

42 წლის რომეო მიქაუტაძეს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა უმეტესად ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში მუშაობდა.

2003 წლიდან 2010 წლამდე ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტში, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის მრჩევლად, „ვარციხე ჰესების“ კასკადის გენერალური დირექტორის მოადგილედ, შპს „ჯეოინკორსსა და „ზაგესი 2006-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ.

2009 წლიდან „საქრუსენერგოს“ - ჯერ გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო, შემდეგ შესყიდვების სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის მოადგილე. 2013-2017 წლებში კი გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.

„საქრუსენერგო“ სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელს მართავს. „საქრუსენერგოს“ აქციონერები არიან საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფოები. 50%-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განკარგავს, დანარჩენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან – საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“.

რა თანამდებობებს იკავებდა რომეო მიქაუტაძე 2017-2024 წლებში, ანუ იმ დროს, როცა ფულის გათეთრებასა და არაერთ სამოხელეო დანაშაულს ედავებიან?

2017 წელს ეკონომიკის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, რომეო მიქაუტაძე „საქრუსენერგოში“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამ დროს ენერგეტიკის სამინისტრო ჯერ კიდევ არსებობდა და მინისტრი კახა კალაძე იყო. არქივი ამის დამადასტურებელ კადრებსაც ინახავს.

ფოტო გადაღებულის 2013 წლის 17 აგვისტოს - მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე „საქრუსენერგოს” რებრენდინგის პრეზენტაციას დაეწრო. პრეზენტაცია „საქრუსენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ წარადგინა.
ფოტო გადაღებულის 2013 წლის 17 აგვისტოს - მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე „საქრუსენერგოს” რებრენდინგის პრეზენტაციას დაეწრო. პრეზენტაცია „საქრუსენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ წარადგინა.

2017 წელს მიქაუტაძე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამ დროს მინისტრის თანამდებობას კახა კალაძე იკავებდა.

2018 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა და ენერგეტიკის დარგს კურირებდა. იმავე წელს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) - დირექტორადაც დაინიშნა.

2018 – 2019 წლებში შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორი გახდა.

2019 წელს ისევ საჯარო სამსახურს დაუბრუნდა და თბილისის მერიაში კალაძის გუნდს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე შეუერთდა.

„ჩვენ წლების განმავლობაში თანამშრომლობისა და ურთიერთობის დიდი გამოცდილება გვაქვს... მართლაც ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი იქნა განხორციელებული“, - ასე წარადგინა კახა კალაძემ 2019 წლის თბილისის მთავრობის სხდომაზე რომეო მიქაუტაძე.

2021 წლიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ეკონომიკის სამინისტროში გადავიდა და ჯერ მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი პირველი მოადგილე გახდა. მისი თანამდებობაზე ყოფნისას 2022 წლის 30 დეკემბრიდან ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იყო.

ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი 2021-2024 წლებში
ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრი 2021-2024 წლებში

პროკურატურის ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, რომეო მიქაუტაძე ბოროტად იყენებდა სტატუსს, გავლენებს, სისტემატურად არღვევდა კანონს და ათეთრებდა ფულს.

რა დააშავა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ პროკურატურის ვერსიით? - 9 ეპიზოდი საქმის მასალებიდან

საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას თქმით, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისას, აკრძალვის მიუხედავად, დააარსა რამდენიმე კომპანია, მართავდა მათ და ფლობდა წილებს, მფარველობდა ამ ბიზნესს და იღებდა შემოსავალს.

„ეს კომპანიები ჰესებთან და ზოგადად ენერგეტიკის სფეროსთან იყო დაკავშირებული“, - ამბობს ის.

ნებართვები შპს „ნახიდური ჰესისთვის“

პროკურატურის ცნობით, 2019 წელს, როცა რომეო მიქაუტაძე შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორი იყო, ბიზნეს-პარტნიორთან ერთად 20 801 აშშ დოლარად შპს „ნახიდური ჰესი“ შეიძინა.

„თავისი წილი ნათესავის სახელზე გააფორმა“, თუმცა „რეალურად კომპანიის მართვაში თვითონ“ მონაწილეობდა.

გამოძიების ვერსიით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, „გამორჩენის მიღების მიზნით“, ამ კომპანიას სხვადასხვა ნებართვის( გამოძიება ჯერ არ აზუსტებს რა ნებართვები მიიღო „ნახიდური ჰესმა) აღებაში დაეხმარა, რამაც სახელმწიფოს ინტერესები დააზიანა.

ნათესავზე გაფორმებული კიდევ ერთი წილი

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა ბიზნეს-პარტნიორთან ერთად 2016 წელს დააარსა შპს „მცირე“, და თავისი კვალის დასაფარად დამფუძნებლებად და დირექტორად ნათესავი გააფორმა.

„წილს რეალურად თვითონ ფლობდა, იღებდა შემოსავალს და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობდა. ასევე მან მოიძია შპს „ეიჩ პი პი ინვესტი“, რომელსაც კომპანია 580 000 აშშ დოლარად მიყიდეს, რითაც არალეგალური შემოსავალი მიიღო“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.

ჯერჯერობით არ ამხელენ იმ ნათესავების ვინაობას, რომელსაც რომეო მიქაუტაძე ბრალდების ვერსიით წილებს უფორმებდა, თუმცა ამ კომპანიების საჯარო რეესტრის ამონაწერებში მეწილეებს შორის ორი ერთნაირი სახელი და გვარი მეორდება - მაია ყურაშვილი და გიორგი თეთრაძე. მხარეები არ აზუსტებენ არიან თუ არა ისინი რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ საქმის მოწმეები.

შპს „ჯეოკრაფტის“ მფარველი

გამოძიების ვერსიით, რომეო მიქაუტაძე მფარველობდა შპს „ჯეოკრაფტს“ და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ოფიციალურად წილი არ გააჩნდა, რეალურად მის მართვაში მონაწილეობდა. ეს კომპანიაც ენერგეტიკის დარგშია ჩართული.

პროკურატურის ცნობით, 2021 წელს, რომეო მიქაუტაძემ, როცა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, „ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით“, დაეხმარა კომპანიის მეწილეებს, მათი კუთვნილი მეორე კომპანიის 4 224 000 აშშ დოლარად გასხვისებაში, რის სანაცვლოდაც ჯამში 400 000 აშშ დოლარი „უკანონოდ მიიღო“.

რას ედავებიან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას?

რადიო თავისუფლებას პროკურატურაში აცნობებს, რომ 2020 წელს, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორად მუშაობის პერიოდში, რომეო მიქაუტაძემ სხვებთან ერთად 120 000 აშშ დოლარად შეიძინა შპს „მომავლის ენერგია“.

თავისი კუთვნილი წილი ფორმალურად ნათესავზე გააფორმა, და აკრძალვის მიუხედავად, მის მართვაში მონაწილეობდა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შპს „მომავლის ენერგიისთვის“ გამორჩენის მისაღებად, უზრუნველყო კომპანიისთვის სხვადასხვა ნებართვების აღება, რითაც კომპანიის ღირებულება გაიზარდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ამ კომპანიასთან საქართველოს მთავრობა დღემდე თანამშრომლობს. გასული წლის აპრილში „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჯამურად 11.2 ჰა-ის ფართობის 15 მიწის ნაკვეთი მასზე მშენებლობის უფლებით 49 წლით გადაეცა.

საჯარო რეესტრის თანახმად, 2020 წელს შპს „მომავლის ენერგია“ კომპანია „ეიჩ პი პი ინვესტმა“ იყიდა, რომელიც რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ საქმის კიდევ ერთ ეპიზოდში ჩანს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ამ კომპანიამ შეიძინა შპს „მცირე“ რომეო მიქაუტაძის დახმარებით.

ამას გარდა, შპს „მცირესა“ და შპს „ნახიდურ ჰესის“ მსგავსად, შპს მომავლის ენერგიის წილების მფლობელებშიც ფიგურირებს გიორგი თეთრაძისა და მაია ყურაშვილის სახელები .

გიორგი თეთრაძე საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ხეშკური ჰესის“ კომპანიის დირექტორია, და შპს „მცირეს“, „მომავლის ენერგიისა“ და „ნახიდური ჰესის“ მსგავსად წილებს ფლობს კომპანიებში: ენერგო მომსახურებისა და კონსულტაციის ჯგუფი, ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური და ჰეშკური ჰესი.

კომპანიებს „ჯეოკრაფტსა“ და „მომავლის ენერგიას“ უკავშირდება კახაბერ ქებურიას სახელი. ის იყო ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” გარდაბნის რაიონის დირექტორი და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე.

პირდაპირ კადრში - რომეო მიქაუტაძე, მარჯვნივ - კახა ქებურია
პირდაპირ კადრში - რომეო მიქაუტაძე, მარჯვნივ - კახა ქებურია

2023 წელს კახაბერ ქებურია რომეო მიქაუტაძემ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს გენერალურ დირექტორად დანიშნა. ახლა ამ თანამდებობას აღარ იკავებს.

პროკურატურის განცხადებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას, რომეო მიქაუტაძემ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიიღო ერთპიროვნული არასამართლიანი გადაწყვეტილება და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „მაიჯიპიეს“, იმ მოტივით, რომ მისი პროდუქცია ხელშეკრულების პირობებს არ შეესაბამებოდა, პროდუქცია უკან წააღებინა.

„თუმცა სასამართლომ მხარეთა მორიგების გზით, კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც „თბილსერვის ჯგუფს“ 114 658,08 ლარის ზიანი მიადგა“, - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

საბოლოოდ, საქართველოს პროკურატურამ ჩაატარა თემატური რევიზია და დაადგინა, რომ რომეო მიქაუტაძეს, 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი. მარტივად, რომ ვთქვათ, პროკურატურა მიქაუტაძეს დაახლოებით 8 მილიონ ნახევარი ლარის გათეთრებაში სდებს ბრალს.

როგორ გაათეთრა ფული რომეო მიქაუტაძემ - პროკურატურის ვერსია

გამოძიების ვერსიით, უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად, რომეო მიქაუტაძის ოჯახმა 2023 წელს მადრიდში 660 000 ევროდ 120 კვ.მ. ბინა შეიძინა. თანხის ნაწილი - 599 955 ევრო ბრალდებულის ცოლის, ნინო მიქაუტაძის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხა.

„თანხა, ბრალდებულის მეუღლემ თავის ანგარიშზე ნაღდი ფულის სახით შეიტანა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მადრიდში ნაყიდ ბინაში გადახდილი 660 000 ევროს გასათეთრებლად პროკურატურის თქმით, ბრალდებულის მეუღლემ სოფელ წეროვანში მის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონება ფიქციურად მიჰყიდა ქმრის მეგობრის დედას 600 000 ევროდ.

„რეალურად კი ბრალდებულს ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა იყო“, - წერია ბრალში.

ეს, პროკურატურის ვერსიით ფიქციური გარიგება, რომეო მიქუტაძის 2024 წლის დეკლარაციაშიც მოხვდა.

ამას გარდა, პროკურატურის ცნობით, ყოფილმა ჩინოსანმა უკანონო კორუფციული გარიგებების შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის „დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, 966 458 ლარად ორი ავტომანქანა შეიძინა, რომელიც ნდობით აღჭურვილ პირებზე ფორმალურად გააფორმა“.

საერთო ჯამში, გამოძიება მიქაუტაძეს უკანონოდ მიღებული 8 499 334 ლარის ლეგალიზაციას ედავება.

რომეო მიქაუტაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თითოეული თეთრის ლეგალური წარმომავლობის დასაბუთება შეუძლია.

ბექა ნემსიწვერიძე, რომეო მიქაუტაძის ადვოკატი
ბექა ნემსიწვერიძე, რომეო მიქაუტაძის ადვოკატი

„ჩაატარეს რევიზია, არ გაითვალისწინეს მიქაუტაძის ოჯახის არანაირი შემოსავალი და ისე შეაფასეს მისი ქონება, მათ შორის მამისგან და ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება და ჩათვალეს, რომ არის დაუსაბუთებელი, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს სოლიდური შემოსავალი აქვს.

ლეჩხუმში, სოფელ დღნორისაში ბაბუამისის ბაბუის სახლია შეფასებული და ითვლება, რომ უკანონო თანხითაა შეძენილი. ეს არასწორია და ჩვენ დავასაბუთებთ, რატომ ტყუის პროკურატურა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა.

მინისტრის მოადგილის დაუსაბუთებელ ქონებაზე მედია წლების წინ ჰყვებოდა, თუმცა სავარაუდო კორუფციის შესახებ ცნობებზე საგამოძიებო უწყებები მაშინ დუმდნენ.

2023 წელს გამოქვეყნდა რადიო თავისუფლებისა და სტუდია მონიტორის ერთობლივი პროექტის, თავისუფლების მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც აღწერილია საეჭვო გარიგებები რომეო მიქაუტაძის ოჯახის წევრებსა და თბილისის მერიას შორის. მაშინ მიქაუტაძე „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორი იყო.

მაგალითად, ამ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისში, ისტორიულ ზონაში რომეო მიქაუტაძის ცოლმა იყიდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ბეთლემის ქუჩა თხუთმეტში მდებარეობს.

ეს შენობა მუნიციპალური ქონებების იმ სიაში მოხვდა, რომელიც თბილისის მერიამ იპოდრომის კორტების გამოსყიდვის სანაცვლოდ ქართულ-ყაზახურ საინვესტიციო ჯგუფს გაუცვალა. ამ კომპანიას ყაზახეთის მოქალაქე ვენერა ალიშევა წარმოადგენდა.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის დარეგისტრირებიდან ორ კვირაში ვენერა ალიშევამ ქონება თბილისის მერიის იმდროინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს მიჰყიდა. იმ პერიოდში ამ ადგილის ახალი მეპატრონეები თბილსერვისის დირექტორის რომეო მიქაუტაძის ცოლი, ნინო მიქაუტაძე და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსის კარლო ლაფერაძის სიმამრი, დავით მგელაძე გახდნენ.

კარლო ლაფერაძე 2018 წლიდან წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, 2020 წელს ის ავარიაში მოხვდა და დაიღუპა.

ბეთლემის 15 ნომერში მდებარე რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 438 853 დოლარად შეაფასა, კვადრატული მეტრის ღირებულება კი 1100 დოლარად.

შენობა მერიამ 1275 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაში გაცვალა და დამატებით ალიშევას 142 822 ლარი გადაუხადა. ალიშევამ ქონება მიქაუტაძეს და მგელაძეს ორ კვირაში 575 000 დოლარად - ანუ 136 147 დოლარით ძვირად მიჰყიდა.

თბილისში, ბეთლემის #15-შ მდებარე სასტუმრო, რომლის მფლობელიც რომეო მიქაუტაძის ცოლია.
თბილისში, ბეთლემის #15-შ მდებარე სასტუმრო, რომლის მფლობელიც რომეო მიქაუტაძის ცოლია.

„ჩემი მეუღლის სახელზეა, მე არ მიყიდია, ჩემმა მეუღლემ თავის დროზე თავის პარტნიორთან ერთად შეიძინა”, - უთხრა თავისუფლების მონიტორის 2023 წელს რომეო მიქაუტაძემ.

მოგვიანებით ჟურნალისტებს წერილობით დაუზუსტა, რომ სასტუმრო მისმა ცოლმა საქართველოს ბანკის კრედიტით იყიდა, თუმცა უპასუხოდ დატოვა კითხვა - რატომ არ ასახა მან ეს საბანკო სესხი ქონების დეკლარაციაში. ქონების ყიდვიდან მალევე, მიქაუტაძის ცოლს მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მანსარდის დაშენების ნებართვაც მისცა.

ამას გარდა, გამომძიებელმა ჟურნალისტმა წყნეთში რომეო მიქაუტაძის ცოლის ნაკვეთსაც მიაკვლია, რომელიც 2022 წელს 200 000 დოლარად იყიდა, შეძენიდან ერთ თვეში თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მაშინდელი უფროსის, ირაკლი თავართქილაძის ბრძანებით წყნეთში მიქაუტაძის ქონების გასწვრივ 36 კვადრატული მეტრი ჯერ მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა, შემდეგ კი ნინო მიქაუტაძემ აუქციონზე იყიდა. მას კონკურენტი არ ჰყოლია და მიწაში 86 481 ლარი გადაიხადა.

ნინო მიქაუტაძე, რომეო მიქაუტაძის ცოლი
ნინო მიქაუტაძე, რომეო მიქაუტაძის ცოლი

რომეო მიქაუტაძე ქონების დეკლარაციას 2017 წლიდან ავსებს. 2020 წელს მას საჯარო სამსახურის ბიურომ 7 სხვადასხვა დარღვევა აღმოუჩინა. კორუფციის მკვლევრები და გამომძიებელი ჟურნალისტები პირდაპირ ამბობდნენ, რომ მიქაუტაძის ქონება მის შემოსავალს არ შეესაბამებოდა და პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო.

სამოხელეო დანაშაულზე ეჭვების მიუხედავად, რომეო მიქაუტაძემ თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი დაყო.

რადიო თავისუფლებამ რომეო მიქაუტაძის პროკურორს ირაკლი მარშანიას 2025 წლის ივნისში, მიქაუტაძის პირველ სასამართლოზე ჰკითხა, რატომ არ დაიწყეს გამოძიება მაშინვე, როცა დაუსაბუთებელ შემოსავალზე ეჭვი გაჩნდა და რატომ იცდიდნენ წლები. მისი თქმით, საქმის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, როცა გამომძიებლებმა ჩათვალეს, რომ საკმარისი ფაქტები ჰქონდათ.

პროკურორი არ პასუხობს გამოძიებამ გამოჰკითხა თუ არა სხვადასხვა დროს მიქაუტაძის უშუალო ხელმძღვანელები - კახა კალაძე, ლევან დავითაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა გვითხრა, რომ საქმის სხვადასხვა ეპიზოდს სუს-ის ანტიკორუფციული ბიურო ცალკე იძიებს და ცდილობს დანაშაულებრივ სქემებში ჩართული სხვა ადამიანები გამოააშკარაოს.

ირაკლი მარშანია, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი
ირაკლი მარშანია, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი

„რომეო მიქაუტაძის საქმეზე გამოძიების დასრულებით შემდეგ გამოიყო ახალი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. ზოგადად, ბევრი ქონებაა აღმოჩენილი და ამ ქონების მესაკუთრეები რომეო მიქაუტაძის ოჯახის წევრები და მასთან დაკავშირებული პირები არიან. სწორედ ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება.

საქმეში დასახელებული კომპანიების წარმომადგენლებიდან თითქმის ყველა დაკითხულია. მათ როლზე გამოყოფილ საქმეში ვიმსჯელებთ”, - ამბობს პროკურორი.

როგორ გამდიდრდა რომეო მიქაუტაძე 2017 წლიდან 2024 წლამდე?

რომეო მიქაუტაძემ ქონების დეკლარაციის შევსება 2017 წელს დაიწყო, როცა იმჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მოადგილე გახდა. ეს დოკუმენტები აჩვენებს, რომ 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში ის და მისი ოჯახი მნიშვნელოვნად გამდიდრდა.

უძრავი ქონება

2017 წელს რომეო მიქაუტაძე თბილისში 113.44 კვ.მ ბინას ფლობდა, რომელიც 2011 წელს აჩუქეს. მისი ცოლი ნინო მიქაუტაძეს კი ორ ბინას ფლობდა 44 კვადრატული მეტრს ბათუმში, რომელშიც 20 000 დოლარი ჰქონდა გადახდილი და და 10 000 დოლარის ღირებულების მანსარდას თბილისში.

2024 წლის დეკლარაციის თანახმად, რომეო მიქაუტაძე და მისი ოჯახი ფლობს:

  • 120 კვ.მ ბინას მადრიდში, რომელიც 2024 წელს 660 000 ევროდ შეიძინა;
  • 2018 წელს, 240 000 დოლარად ნაყიდ ბინას ჭავჭავაძის გამზირზე;
  • სასტუმროს ბეთლემის ქ. 15-ში, რომელშიც 2020 წელს 825 000 დოლარი გადაიხადა;
  • 320 000 დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს წყნეთში;
  • 12 000 დოლარის ღირებულების მიწას დედოფლისწყაროში;
  • სარდაფსა და სათავსოს.

მოძრავი ქონება და კრიპტოაქტივები

2017 წელს, რომეო მიქაუტაძეს მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომანქანა – Mini Cooper Paceman-ი ჰყავს, რომელიც 23 000 ევრო ღირს.

2024 წელს დეკლარაციაში არ ჩანს ახალი მანქანები, მაგრამ პირველად ჩნდება კრიპტოაქტივები:

13 000 აშშ დოლარის ღირებულების Ripple.

3 000 აშშ დოლარის ღირებულების Shiba Inu (84 მილიონი ერთეული).

საბანკო ანგარიშები და ნაღდი ფული

2017 წელს რომეო მიქაუტაძეს საბანკო ანგარიშებზე: დაახლოებით 4 200 დოლარი და 4,280 ლარი ჰქონდა. ოვერდრაფტი და საკრედიტო ბალანსი ჯამურად 421 000 ლარამდე იყო.

2024 წლის დეკლარაციის თანახმად, ის 115 000 დოლარს ნაღდი ფულის სახით ინახავს.

ვალდებულებები

ფინანსურ ვალდებულებებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. თუ 2017 წელს მხოლოდ 420 000 ლარის სესხი ჰქონდა, 2024 წლისთვის ოჯახს რამდენიმე ახალი სესხი აქვს:

  • მცირე ბიზნესის სესხი – 85 000$;
  • იპოთეკური სესხი – 100 000$;
  • ორი სესხი სასტუმროებზე – 685 000 და 230 000 ევრო.


შემოსავლები, ანაზღაურება და საჩუქრები

2017 წლის დეკლარაციის თანახმად, რომეო მიქაუტაძემ დივიდენდებიდან 10 000 ლარი მიღო.

2024 წლისთვის კი:

  • რომეო მიქაუტაძის ანაზღაურება – 85,470 ლარია ( მინისტრის მოადგილეობის);
  • მეუღლის საერთო ანაზღაურება რამდენიმე კომპანიაში მუშაობიდან – 266 230 ლარი;
  • 10 000 დოლარი დედამ აჩუქა.

დამატებითი შემოსავლები, რაც ვალების დაბრუნებაში, ყოველდღიური ხარჯებისთვის თანხებში, სამედიცინო ხარჯებში გამოიხატება ათეულობით ათასი ლარი და უცხოური ვალუტაა.

დეკლარაციით ირკვევა, რომ მინისტრის მოადგილეს სხვადასხვა პირები ვალს აქტიურად უბრუნებდნენ. მაგალითად:

  • 16 400 ევრო და 4 000 ლარი ეთერ მთვრალაშვილმა ჩაურიცხა;
  • 17 600 ლარი გიორგი ქურცუამ.

ამას გარდა დეკლარაციის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე მეგობარს 6 859 ლარის ღირებულების საჩუქარი გაუკეთა. მეგობრებთან ერთად მოგზაურობაში კი 18 000 ევრო დახარჯა.

რას ამბობს რომეო მიქაუტაძე?

ბრალდებული ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. მისი თქმით, ოჯახი წლებია შრომობს იმისთვის, რომ სოლიდური შემოსავალი ჰქონდეს.

წინასასამართლო სხდომაზე რომეო მიქაუტაძემ ირიბად უსაყვედურა მეგობრებს, რომლებმაც, როგორც ჩანს, მის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩვენებები მისცეს.

„მეუღლემ ციხეში ნიცშეს წიგნი გამომიგზავნა...- თითოეულმა მეგობარმა, რომელმაც ჩვენება მისცა, მე მათზე გული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ, მაგრამ იმ წიგნში წერია:

„მე კი ვაპატიე მას, რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაიდინა, მაგრამ თავის თავს რაც გაუკეთა, მე რა ვაპატიოო". იმ ჩვენებებში იმდენი რამეა აბსურდი და ტყუილი.... ჩვენ გვექნება შესაძლებლობა არსებითი განხილვის ეტაპზე განვიხილოთ ეს და მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ”, - ამბობს მიქაუტაძე.

ბრალდებული მოსამართლის წინაშე ხშირად იმეორებს, რომ ღირსების ორდენოსანია. მას სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტისათვის [110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისათვის] 2012 წელს გადაეცა.

სასამართლო პროცესებს სისტემატურად ესწრება ცოლი, ნინო მიქაუტაძე, რომელიც საქმის რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს. ის სასამართლოში დაიკითხება. პირველი სხდომა 7 ოქტომბერს დაინიშნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG