„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
„მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამაღლობელისთვის პატიმრობის მისჯიდან ერთ საათში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მისი საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა „საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, - მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით“.
ხელმომწერები არიან „მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი ქვეყნები და მათი მოკავშირეები. კერძოდ:
- ავსტრიის,
- ბელგიის,
- კანადის,
- ჩეხეთის,
- დანიის,
- ესტონეთის,
- ევროკავშირის,
- ფინეთის,
- საფრანგეთის,
- გერმანიის,
- ისლანდიის,
- ირლანდიის,
- იტალიის,
- ლატვიის,
- ლიეტუვის,
- ლუქსემბურგის,
- ნიდერლანდის,
- ნორვეგიის,
- პოლონეთის,
- რუმინეთის,
- ესპანეთის,
- შვედეთის,
- უკრაინისა და
- დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
მზია ამაღლობელის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოება.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, - „კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“, - აცხადებს: „ცნობილ ჟურნალისტზე ეს არაპროპორციული სამართლებრივი თავდასხმა ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ფუნდამენტურ სამოქალაქო თავისუფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს“.
რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება სახაროვის სახელობის წლევანდელი პრემიის ნომინანტებს შორის.
ფორუმი