Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ზელენსკის განცხადებაზე - "მას არაფერი აქვს სატრაბახო! შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია იომოს ...ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე“


დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ყირიმის იურიდიულად აღიარების გამორიცხვაზე განცხადება მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და თავის სოციალურ პლატფორმაზე წერს, რომ ზელენსკის ხელში „სათამაშო ბანქო არ უჭირავს“ და მას „სატრაბახო არაფერი აქვს“:

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უოლ სტრიტ ჯორნალის“ პირველი გვერდიდან ტრაბახობს, რომ „უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს, არაფერია აქ სალაპარაკო“. ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ვინაიდან ყირიმი დაიკარგა წლების წინ - პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას მმართველობისას და ამაზე სალაპარაკოც არაფერია“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ამასთან, დონალდ ტრამპი ხაზს უსვამს იმას, რომ „არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ, თუკი მას სურს ყირიმი, რატომ არ იბრძოლეს მათ ამისთვის 11 წლის წინ, როცა ის რუსეთს გადაეცა ერთი გასროლის გარეშე?“

ამის შემდეგ ტრამპი განმარტავს რუსეთისთვის ყირიმის მნიშვნელობას:

„ეს ტერიტორია, შენობებიც, „ობამასეულ გადაცემამდე“ მრავალი წლით ადრე, რუსეთის წყალქვეშა გემების მთავარი ბაზა იყო. ეს ზელენსკისთვის დამახასიათებელი წამაქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას".

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ზელენსკის ორი არჩევანი აქვს:

„მას არაფერი აქვს სატრაბახო! საშინელი ვითარებაა უკრაინისთვის - მას [ზელენსკის] შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე“.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ომის გახანგრძლივების ხელშეწყობაში ადანაშაულებს:

"ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ გაახანგრძლივებს „სასაკლაოს“ და ეს არავის სურს! ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გარიგებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც „სათამაშო ბანქო არ უჭირავს“, ახლა ეს ბოლოსდაბოლოს უნდა გააკეთოს".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 აპრილს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა არც ერთ ვითარებაში იურიდიულად არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას:

"ეს სალაპარაკოც არ არის. ეს არის ჩვენი კონსტიტუციის დარღვევა. ეს ჩვენი ტერიტორიაა, უკრაინის ხალხის ტერიტორია", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ცნობები, რომ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხი შედის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ომის დასრულების გეგმაში.

ზელენსკი თვლის, რომ ყირიმზე ნებისმიერი დისკუსია რუსეთის "თამაშია":

"როგორც კი დაიწყება ლაპარაკი ყირიმსა და ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე, მოლაპარაკებები შევა რუსეთისთვის სასურველ ფორმატში - ეს არის ომის გახანგრძლივება - ვინაიდან შეუძლებელი იქნება ყველაფერზე სწრაფად შეთანხმება".

ფორუმი

XS
SM
MD
LG