„თუკი რაღაც დროს გავარკვევთ, რომ ძალიან შორს ვართ [მოგვარებისგან] და საკმარისი მოძრაობა არ შეინიშნება, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი გადართვა სხვა პრიორიტეტებზე, რადგან უამრავი მნიშვნელოვანი რამ ხდება მსოფლიოში. ეს არ არის ჩვენი ომი. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 22 აპრილს იუტუბის არხ The Free Press-ზე, ჟურნალისტ ბარი ვაისის პოდკასტ Honestly-ში სტუმრობისას.
ბარი ვაისის შეკითხვაზე - „რა წინაღობები რჩება ამ გარიგების დადებამდე? არსებობს შანსი, რომ კვირის ბოლომდე შედგეს ეს გარიგება?“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პასუხობს:
„არ ვიცი, რამდენად მოხდება კვირის ბოლომდე. ვიმედოვნებ, შევძლებთ რამის სწრაფად მიღწევას. იმედს ვიტოვებ, შევძლებთ რამის მიღწევას, რადგან ეს არის საშინელი ომი და ის უნდა დასრულდეს, რადგან მას არ გააჩნია სამხედრო მოგვარება. არ არსებობს ამ ომის სამხედრო მოგვარება. გულწრფელები უნდა ვიყოთ. რუსეთი არ აპირებს უბრალოდ მიადგეს უკრაინას და მთლიანად დაიკავოს ქვეყანა და არც უკრაინა აპირებს მიაწვეს მათ და დაახევინოს 2014 წლამდელ პოზიციებამდე. ასე რომ, ვიტყოდი, რაშიც ახლა ვართ ჩართულები არის იმის გაგება - რა არის რუსეთის პოზიცია - ახლა უკეთესად გვესმის, რადგან ჩვენ მათ რეალურად დაველაპარაკეთ სამწლიანი ულაპარაკობის შემდეგ. [გავიგოთ] რა არის უკრაინის პოზიცია და გავარკვიოთ ეს ტიპები რამენაირად ახლოს არიან ერთმანეთთან? ვინაიდან, თუკი ისინი სრულიად განსხვავებულ „საფოსტო ინდექსებზე“ იმყოფებიან, მაშინ შეიძლება მოგვიწიოს დავასკვნათ, რომ ისინი იმდენად დაშორებულები არიან ერთმანეთისგან, რომ ამ ეტაპზე მშვიდობა შეუძლებელია“.
მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, „უამრავი დრო და ენერგია ჩადო“ საკითხის მშვიდობიან მოგვარებაში:
„გვსურს გავაგრძელოთ ამის კეთება მანამდე, სანამ არსებობს წინსვლის რეალისტური გზა“.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულება აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის:
„ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილები. უნდა ვიყოთ ამისი მოსურნეები, როგორებიც ჩვენ ვართ და გავაკეთოთ, რაც საჭიროა ორი მხარის დასაახლოებლად. იმედია, წარმატებულები ვიქნებით. თუმცა, საბოლოოდ, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ეს რუსეთისა და უკრაინის გადასაწყვეტია. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ სურთ ერთმანეთთან დაახლოება. ჩვენ გვჭირდება დავიწყოთ პროგრესის დანახვა“.
ფორუმი