თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან" 2 თებერვალს 4 საათზე დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან - მოლისკენ მსვლელობის მოსაწყობად იკრიბებიან თავისუფალ უნივერსიტეტთანაც. ავტომაგისტრალთან დაგეგმილი აქციის გამო როგორც სავაჭრო ცენტრთან, ისე მოლთან მობილიზებულია ასეულობით პოლიციელი. მათ გზის სამანქანე ნაწილსა და ტროტუარს შორის ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული - პოლიციის უმეტესობა აქციაზე ნიღბებით არის წარმოდგენილი. ადგილზე არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც - მობილიზებულია როგორც დაკავების მანქანები, ასევე ევაკუატორები.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა კანონი - მთავრობამ 31 იანვარს დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. შესაბამისად, გზის ეს მონაკვეთი, სადაც აქცია იყო დაგეგმილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოცხადდა და მისი გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა.
აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.
ასევე ნახეთ შსს კიდევ ერთ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" მთავრობამ ავტობანის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია - იურისტები