შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს, დღის ოთხ საათზე თბილისის შემოსასვლელთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მეორე გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს - პირველი გაფრთხილება უწყებამ პირველი თებერვლის საღამოს გამოაქვეყნა.
დღეს აქცია "თბილისი მოლთანაა" დაგეგმილი და მან შესაძლოა საავტომობილო გზის პარალიზება გამოიწვიოს. ამ აქციის დაანონსების შემდეგ, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა კანონი - მთავრობამ 31 იანვარს დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. შესაბამისად, გზის ეს მონაკვეთი, სადაც აქციაა დაგეგმილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოცხადდა და მისი გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღეა განცხადებებით მოქალაქეებს სწორედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს:
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.
აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით" - ნათქვამია შსს-ს 2 თებერვალს, 14:16 გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი