პოლიტიკოსებმა და სხვა მოქალაქეებმა მემორიალთან მიიტანეს 1989 წლის 9 აპრილს მოკლულთა ფოტოები, მათი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად - ტიტები და სანთლები დაანთეს.
მემორიალთან მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - მათ შორის გიორგი გახარია, ნიკა გვარამია, პაატა ბურჭულაძე და სხვები.
იქვე არიან ღამისთევის აქციის ორგანიზატორებიც - ახალდაარსებული მოძრაობის, „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“, წარმომადგენლები - დემონსტრაციებისას დაკავებულთა მშობლები და ოჯახის წევრები.
საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტილია.
„სინდისის პატიმრები თავისუფლებისთვის“ - დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები პარლამენტთან
„მინდა იცოდეთ, რომ რეჟიმის პატიმრები დღეს ჩვენთან ერთად ათენებენ ციხეში ღამეს“, - ასე მიმართა საზოგადოებას მარიზი კობახიძემ, ერთ-ერთი დაპატიმრებულის, თორნიკე გოშაძის დედამ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნანა მახარაძემ, - ქალმა 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ცნობილი ფოტოდან.
დემონსტრანტები ელიან, რომ ოთხშაბათ დილას, 9 აპრილს, მათ უფრო მეტი მხარდამჭერი შეუერთდება.
ჩვეულებრივ, ყოველ წელს, 9 აპრილს, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მემორიალს ყვავილებით ამკობენ.
თუმცა წელს შესაძლოა ეს ტრადიცია დაირღვეს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები „ვერ მოვლენ“ პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ვერ თქვა, მივლენ თუ არა მისი თანაგუნდელები 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაღუპულთა მემორიალთან.
ასევე ნახეთ „დასაფიქრებელი იქნება“ - ამბობენ „ქართულ ოცნებაში“ 9 აპრილის მემორიალთან მისვლაზეღამისთევას წინ უძღოდა მედიის სოლიდარობის მარში.