უკრაინის დელეგაცია პარიზში ჩავიდა ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შესახვედრად

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც შეხვედრებს გამართავს ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკის მიერ დღეს, 17 აპრილს ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში იმყოფება საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანდრი სიბიჰასა და რუსტემ უმეროვთან ერთად.

ერმაკის თანახმად, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს გამართავენ წარმომადგენლებთან იმ სახელმწიფოების, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უკრაინის უსაფრთხოების გარანტირება, კერძოდ, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.

ასევე ნახეთ შეძლებს ევროპა უკრაინის დაცვას? - ლონდონის სამიტის შედეგები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან.

როგორც ერმაკი წერს, მუშაობენ უკრაინის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ცნობილია, რომ პარიზში გაემგზავრნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

ასევე ნახეთ WSJ: ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი ტრამპს ურჩევს მოსკოვისადმი მიდგომა გაამკაცროს