ვოლოდიმირ ზელენსკი: "რუს სამხედროებს არ შეუწყვეტიათ ცეცხლი"

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 აპრილის დილას ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედროები არ იცავენ ცეცხლის შეწყვეტის 30-საათიან რეჟიმს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა აღდგომის წინა დღეს, 19 აპრილს.

„ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე უკვე მოხდა 59 დაბომბვა და რუსული ქვედანაყოფების ხუთი იერიში. ოპერატიულ-ტაქტიკურ მიმართულება „სტარობელსკში" დაფიქსირდა ერთი საბრძოლო შეტაკება, "დონეცკში" - სამი საბრძოლო შეტაკება (პოკროვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით) და ერთიც სტეპნის რაიონში. ასევე დაფიქსირდა FPV-დრონების ათობით გამოყენება“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, ეს მონაცემები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკისგან 20 აპრილის დილის 6:00-ზე მიიღო.

„ჩვენი მეომრები ყველგან უპასუხებენ ისე, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო ვითარებაში. უკრაინა გააგრძელებს სარკისებურ მოქმედებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, 19 აპრილის 18:00-დან 20 აპრილის დილის ჩათვლით მოხდა 387 დაბომბვა და 19 იერიში რუსეთის არმიის მხრიდან, რუსებმა 290-ჯერ გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები.

„საერთო ჯამში, აღდგომის დილისთვის შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის არმია ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ მთლიანობაში ცეცხლი შეწყვეტა, მაგრამ ცალკეულ უბნებზე განაგრძობს წინსვლის მცდელობებს და უკრაინის არმიისათვის ზიანის მიყენებას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის თქმითაც, კვლავ ძალაშია უკრაინის შეთავაზება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდეს 30 დღის განმავლობაში.

ასევე ნახეთ პუტინმა დროებითი "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა

19 აპრილს კრემლმა გაავრცელა ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოცხადდა "სააღდგომო ზავი". პუტინის თქმით, რუსეთის მხარე "აჩერებს ყველა საბრძოლო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 სთ-დან 21 აპრილის 00:00 საათამდე".

პასუხად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ განცხადებას უწოდა ადამიანების სიცოცხლით თამაშის მცდელობა და მიუთითა საჰაერო განგაშზე, რომელიც კრემლის ინიციატივის გავრცელების მომენტში გამოცხადებული იყო უკრაინის რამდენიმე ოლქში.