კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპის გარდაცვალების გამო

ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურება. მარჯვენა ფოტოზე: რომის პაპი ფრანცისკე თბილისში. 2016 წლის 30 სექტემბრის ფოტო

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო“, - წერს კობახიძე პლატფორმა X-ზე.

„მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მისეული მემკვიდრეობა სიცოცხლეს განაგრძობს. საქართველოს ხალხის სახელით ვუსამძიმრებ კათოლიკურ საზოგადოებას მთელს მსოფლიოში“, - წერს იგი.

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. მის განცხადებას „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ტელევიზიები ავრცელებენ.

„პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ. როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“, - წერია ივანიშვილის სამძიმარში.

რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი. ის X-ზე წერს:

„პაპი ფრანცისკე დაამახსოვრდებათ, როგორც სულიერი ლიდერი, რომელსაც ღრმა თავმდაბლობა, თანაგრძნობა გამბედაობა ახასიათებდა და იყო მშვიდობის, ადამიანური ღირსებისა და ერებსა და სარწმუნოებათა შორის ერთიანობის მტკიცე დამცველი“.

ასევე ნახეთ პუტინი პაპ ფრანცისკეზე - "რუსეთის მიმართ უაღრესად დადებითად იყო განწყობილი"

რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, - რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს.

„ჩემი ფიქრები არის მილიონობით კათოლიკე ადამიანის გვერდით, - იმ ადამიანებისა, რომლებიც დიდ ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ“.

„მქონდა პატივი, ოფიციალური ვიზიტით ჩავსულიყავი ვატიკანში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სადაც შევთანხმდით მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად“, - წერს ზურაბიშვილი.

რომის პაპის ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვატიკანმა ორშაბათს, 21 აპრილს გაავრცელა.

კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგომ (ოფიციალურმა პირმა) განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ვატიკანის დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა.

1936 წლის 17 დეკემბერს არგენტინაში დაბადებული ფრანცისკე რომის ეკლესიის პირველი სამხრეთამერიკელი მეთაური იყო.

ის 2013 წლის 28 თებერვალს აირჩიეს, რასაც პაპ ბენედიქტ XVI-ის გადადგომა უძღოდა წინ.

კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მომავალ მეთაურს, სავარაუდოდ, მაისში აირჩევენ საიდუმლო კენჭისყრაზე.

კათოლიკური ეკლესიის რიგით 267-ე პაპს აირჩევს კარდინალთა კოლეგია - კარდინალთა დაახლოებით 80 %-იც ფრანცისკეს ხელდასხმულია.

ასევე ნახეთ Habemus Papam
ასევე ნახეთ რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა